"მიწერ-მოწერას პირველი პაემანი მოჰყვა, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი" - კვირის პალიტრა

"მიწერ-მოწერას პირველი პაემანი მოჰყვა, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი"

"ყველას უკვირს, რა მაძლევს ძალას, რომ ამხელა განსაცდელს გავუმკლავდე... ენერგიის წყარო არაერთია: სიყვარული, სიბრალული, უსამართლობასა და წარმოუდგენელ ბოროტებასთან ბრძოლის სურვილი... გარდა ამ ყველაფრისა, დედამიწაზე მფარველი ანგელოზებიც არსებობენ, რომლებიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს შენ გვერდით არიან და დაცემის საშუალებას არ გაძლევენ", - მოკლედ, სულ რამდენიმე ფრაზაში ჩაატია თავისი გულისთქმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა. „ოთხი წელი განსაცდელსა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი საყვარელი ადამიანის ყურებისგან მიღებული ყოველდღიური უმძიმესი ტრავმა, მისი სრულყოფილი მოვლისთვის წუთიერი მოდუნების შეუძლებლობა; წელიწად-ნახევარი პალატაში ცხოვრება და ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული ოჯახის წევრები, ახლობლები, საყვარელი სამსახური. შვილისა და შვილიშვილის უსაშველო მონატრება და მოხუცი მშობლების დაუძლეველი სევდა; "სრულიად მარტო ყოფნა უმძიმეს ავადმყოფთან ერთად, კოვიდისტერიკით სახეშეცვლილ, სიკვდილის მიმღებლობაგაადვილებულ შორეულ ჰოსპიტლებში, და კიდევ უფრო მტანჯველი სრული გაურკვევლობა", - ასეთია იმ ჯოჯოხეთური სინამდვილის აღწერა, რომელშიც ცხოვრებამაც მოუწია უცხოეთში ყოფნისას და საქართველოში დაბრუნების შემდეგაც. ანას და ცოტნეს წეროვანში ვეწვიეთ და ჭიქა ყავასთან ერთად, ძალიან საინტერესო ამბებზე ვისაუბრეთ. ცოტნეს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ მას ყველაფერი ესმის, ყველაფერს გრძნობს და განიცდის. მისი მზერა და მიმიკები იმაზე ბევრად მეტყველია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ და ეს ყველაფერი ანას დამსახურებაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ანა ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 20-ზე მეტი უცხოეთშია დაბეჭდილი. ასევე გახლავთ, ერთ-ერთი სამედიცინო გადაცემის წამყვანიც.

- შარშან მამა გარდამეცვალა, ყველაფერი კარგი, თუკი რამეა ჩემში, მისი დამსახურებაა, ხოლო თუ ცუდია, ისიც ისაა, რაც მას არ დავუჯერე. ეს იყო ადამიანი, რომელიც, დღიდან ჩემი არსებობისა, ჰუმანურობის, ღირსების, ვაჟკაცობის, აკადემიურობის, გონიერებისა და ლოიალურობის იშვიათ მასტერკლასებს მიტარებდა. ერთხელ (მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი), ადრეულ და არეულ 90-იან წლებში,­ როცა მოსახლეობას ძალიან­ უჭირდა, ჩვენი მეზობელი იძულებული გახდა ბებიის დანატოვარი ულამაზესი ბეჭედი­ გაეყიდა. მამაჩემი 25 წლის განმავლობაში დიდი ქარხნის დირექტორი იყო, თანაც კომუნისტური რეჟიმის შემდეგ ბიზნესიც ნებადართული გახდა და ამიტომ არ გვიჭირდა. მისგან ყოველთვის განებივრებულმა, ვთხოვე, მიყიდე ეს ბეჭედი-მეთქი... ახლაც მახსოვს ის შეგრძნება: უხერხულობა,­ სინანული­ თუ ყველა ეს გრძნობა ერთად, რომელიც მისი პასუხის შემდეგ დამეუფლა - არ გრცხვენია?! ადამიანს უჭირს და შენ გაჭირვების გამო გამეტებული ნივთი გინდა იყიდო? მიდი და დაეხმარე თუ შეგიძლიაო... ყველას გვახსოვს, იმ გაჭირვებაში საქართველოს მოსახლეობა თუ რამემ გადაარჩინა, ერთ-ერთი ურთიერთდახმარება იყო. მაშინ მამაჩემი 8 ოჯახს ეხმარებოდა. ორი მათგანი მარტოხელა, მიტოვებული მოხუცი იყო. ერთი მისი სიდედრის ბიძაშვილი, მეორე - ჩემი ყოფილი დამხმარე. არცთუ ისე ახლობლისგან ასეთი მზრუნველობით გულაჩუყებულმა, ორივემ გადაწყვიტა მადლიერება საკუთარი ბინების ჩემზე გადმოფორმებით გამოეხატათ, მით უმეტეს, არც არავინ ჰყავდათ მემკვიდრე. ახლაც მახსოვს, როგორ შეურაცხყოფად მიიღო მამაჩემმა ეს შეთავაზება - მეორეჯერ აღარ წამოგცდეთ­ მსგავსი რამ, მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ და ეგღა მაკლია, ამაში სარგებელი მივიღოო. აი, ამიტომაა, რომ ვცდილობ სწორება მუდამ მასზე გავაკეთო, მაგრამ რამდენად გამომდის, არ ვიცი.

ჩემი დიდი პაპა, მამაჩემის პაპა გიორგი­ ჯაბაური საზოგადო მოღვაწე იყო. ის მეუღლესთან, ეკატერინე იოსელიანსა და მის თანამედროვე ახალგაზრდებთან ერთად პირველი სახალხო თეატრის დამაარსებელი­ გახლდათ, რომლის ბაზაზეც შემდგომში­ აკადემიური თეატრი შეიქმნა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრიც გახლდათ ეკატერინესთან ერთად. მენშევიკების მთავრობის დროს გორის სამაზროს კულტურის განყოფილებასაც ხელმძღვანელობდა. დღეს ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჯაბაურის სახელობის ქუჩა, შესახვევი და ჩიხი არსებობს. ეკატერინე, რომელსაც კეთილშობილ ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მოწინავე ქალთა ერთ-ერთი ლიდერიც ყოფილა და მეფისნაცვალთანაც მიუღწევია აუდიენციისთვის ქალთა საკითხებზე. გიორგის ახლო მეგობრები იყვნენ იოსებ გრიშაშვილი (რომელმაც 2 ლექსიც კი მიუძღვნა მას), მიხეილ ჭაბაშვილი, ვასო გოძიაშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, სტეპკო ჯაფარიძე და სხვები. ალბათ, ამგვარ შემოქმედებით გარემოში აღზრდის ბრალია, რომ მამაჩემის წრეშიც ბევრი ხელოვანი ტრიალებდა და ადრეული ბავშვობიდან რუსთაველის, მარჯანიშვილისა თუ ოპერის თეატრის არც ერთ პრემიერას არ გამოგვატოვებინებდა არც მე და არც ჩემს ძმას, მოგვიანებით, არც ჩემს შვილს.

- თქვენ რის მიხედვით გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

- 16 წლის ასაკში ვერ ვიყავი ბოლომდე­ ჩამოყალიბებული, რომ პროფესია ამერჩია და მოდას ავყევი. მცირე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ დედის მხრიდან ყველა ნათესავი ექიმი მყავს. გამიმართლა, რომ გაუა­ზრებლად გაკეთებული არჩევანი სწორი აღმოჩნდა. მართლაც განსაკუთრებული პროფესიაა ექიმობა: დიდი პატივია ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე განდოს.

- რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი სირთულე?

- დღეს მიმა­ჩნია, რომ სირთულეზე, რომლის დაძ­ლევაც შესაძლებელია, წუწუნი არ ღირს. მაგალითად, შვილის გაზრდა, დიპლომის აღება თუ დისერტაციის დაცვა, გადატვირთული სამსახური, ყოველდღიური ყოფითი პრობლემები... ასეთი ,,პრობლემების" მიმართ დიდი ხანია­ დამოკიდებულება შევცვალე და გავაიოლე. ამაში მამის ზეგავლენის გარდა, ცოტნ­ეს მიერ, თავის დროზე, ჩემს ცნობიერებაში შეტანი­ლი სასარგებლო ცვლილებებიც დამეხმარა... სირთულე იყო ]მშობლის დაკარგვა. დიდი სირთულეა ცოტნეს მდგომარეობა და აგრეთვე მთელი ის შლეიფი, რომელიც ამ მდგომარეობას მოჰყვება.

ცოტნეს გაცნობა მეტად ბანალური იყო, რასაც მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ვერ ვიტყვი. პირველად "ფეისბუკში" მნახა და შემდეგ ჩემთან კლინიკაში პაციენტის სტატუსით მოვიდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა და პაციენტობა საბაბად გამოიყენა. ამას მიწერ-მოწერა მოჰყვა, მოგვიანებით, პირველი პაემანი, რომლითაც იმდენად არ მოვიხიბლე, რომ მეორეზე დავთანხმებულიყავი.

- რა არ მოგეწონათ?

- მისი გადამეტებული ფამილიარობა, გადაჭარბებული მამაკაცური თავდაჯერებულობა, ცოტა უცერემონიობაც ნაადრევი მომეჩვენა. პაემნის შინაარსიც ზედმეტად ორიგინალური იყო: კოლხურ კოშკში ჩაისა და ნამცხვარზე სანამ მიმიპატიჟებდა, ზემო ვერაზე ნახევრად გაყინულ წყაროზე წამიყვანა, იანვრის თოვლიან და ყინვიან დღეს, წელს ზემოთ გაიხადა და ყინულებიანი წყალი ისხა ზედ. მოკლედ, მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს კაცი საკმარისად გალანტური არ არის ჩემთვის-მეთქი და დავემშვიდობე.

- მერე როგორ მოიგო თქვენი გული?

- მას შემდეგ თითქმის ნახევარი წელი მწერდა. მეუბნებოდა, რომ ვერ წყვეტდა ჩემზე ფიქრს და ჩემთან შეხვედრა უნდოდა. მეც ყოველ ჯერზე თავაზიან უარს ვეუბნებოდი, ის კი ყოველ ჩემს უარს მტკივნეულად განიცდიდა და მეჩხუბებოდა, ნეტავ რას გეხვეწები, აწი აღარ მოგწერო, მაგრამ მაინც მწერდა... ნელ-ნელა უფრო მომთმენიც გახდა. მერე ერთხელ, როცა ოპერის გახსნაზე დამპატიჟა, ვიფიქრე, რადგან ეს თავმოყვარე კაცი ამდენი უარის მერე მაინც ცდილობს ჩემი გულის მოგებას, ერთ შანსს კიდევ მივცემ-მეთქი. ოპერაში სულ სხვაგვარი ცოტნე დამხვდა, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი, გალანტური და სასიამოვნოდ მოზომილი.

- ფამილიარულობის გარდა, მისმა წარმომავლობამ და ოჯახმაც ხომ არ შეგაშინათ?

- თუ მანანა არჩვაძეს გულის­­ხმობთ, ის ცოტნეს ცხოვრებაში აღარ იყო მრავალი წლის განმავლობაში,­ შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობის იმ ოთხ­ლწლიან პერიოდში, ანუ სანამ ცოტნეს ეს ამბავი შეემთხვეოდა, არც ერთხელ არ მქონია მასთან შეხება.

- როგორ ახსნით დედა-შვილის ასეთ ურთიერთობას?

- სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ ქალბატონის ქმედებებზე რაიმე ახსნა-გა­ნმარტების ან ანალიზის გაკეთება. მხოლოდ ფაქტებს დავაფიქსირებ: სავსეა სახლი ამ ქალბატონის მიერ მრავალი წლის განმავლობაში ცოტნეს წინააღმდეგ სასამართლოში თუ პოლიციაში შეტა­ნილი სარჩელებით და საჩივრებით­. ახლა ამას ჩემსა და გიორგი გამსახუ­რდიას წინააღმდეგ აკეთებს. აღარაფერი რომ არ ვთქვათ მის ქსენოფობიურ განცხადებებზე, რომლითაც პირდაპირ ლაქას­ სცხებს­ ზვიად გამსახურდიას სახელს და რომელსაც ჩემს წინააღმდეგაც სოცქსელებშიც და ქუჩაშიც, მეგაფონებში სკანდირებით ავრცელებენ ის და მისი დაჯგუფების­ წევრები­ - თითქოს გვარგადაკეთებული ოსი ჯაბ­იევა ვიყო. აბა, რა უნდა ვილა­პარაკო ადამიანზე, რომელიც ოსობის შესახებ ტყუილს მხოლოდ იმიტომ მიგონებს,­ რომ ეს სამარცხვინოდ და სალანძღავად მიაჩნია?! არაერთხელ მიჩივლა სასამართლოში, პოლიციაში, სამხედრო პოლიციაში, პროკურატურაში, სოციალურ სააგენტოში, ტრეფიკინგის სააგენტოში, მარეგულირებელ­ სააგენტოში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ევროსაბჭოშიც კი. ტრამპსაც კი მისწერა ჩემ შესახებ. ცხადია, ვერავინ იღებს­ ამ საჩივრებს სერიოზულად. ახლა ერთ-ერთი საჩივარია, თითქოს მე ცოტნეს შვილებს მამის სანახავად არ ვუშვებ. ცოტნეს ორი შვილი ჰყავს, ერთი თბილისში - თამარი 16 წლის, მეორე კი მოსკოვში ყოფილი ოფიციალური ცოლისგან - 16 წლის დანიელი. დანიელი, სამწუხაროდ, არც ერთხელ არ გამოჩენილა, არადა, ძალიან მინდა მამასთან ურთიერთობა ჰქონდეს. თამარი­ ერთხელ მოუყვანიათ სამხედრო-სარეაბილიტაციო ცენტრში "კოვიდის"­ დროს, როცა მკაცრი კარანტინი იყო და სამხედრო ადმინისტრაცია არავის უშვებდა. მას შემდეგ აღარ მოსულა. ჩემთვის არასოდეს არავის­ მოუმართავს, რომ გოგონას მამის ნახვა უნდა, თორემ, რა თქმა უნდა, უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვეტყოდი. პირველივე სხდომაზე ჩემმა ადვოკატმაც გამოაცხადა, რომ გოგონას როცა უნდა, მაშინ შეუძლია მივიდეს მამის სანახავად, მხოლოდ სოციალურ მუშაკთან ერთად, რადგან ის არასრულწლოვანია. რად გინდათ, მაინც აგრძელებენ ტყუილის გავრცელებას. ასე აღმოვჩნდი სრულიად დალაგებული და დალხენილი ცხოვრებიდან ასეთ ბოდვაში.

- ხომ არ ნანობთ, რომ თქვენი ბედი ცოტნეს დაუკავშირეთ?

- ამას ვერ ვფიქრობ და მგონია, ვერც ვერასოდეს ვიფიქრებ, იმდენად მეცოდება ცოტნე. რაც ბრძოლის ძალასა და სიცოცხლის სტიმულს აძლევს, ის ერთადერთი ბედნიერებაა, რაც საყვარელი ქალის ერთგულებისა და გვერდში დგომის სახით შემორჩა. რომ ვინანო, ნიშნავს, რომ მისთვის ამ ერთადერთი ბედნიერების წართმევაზე ვიფიქრო. ამას არასოდეს გავაკეთებ. გარდა ამისა, ეს ის მადლია, რომელიც მარტო ცოტნეს არა, მეც აუცილებლად მეხება, შეძლება, რომ საჭირო მომენტში დახმარება გაუწიო შენთვის ძვირფას ადამიანს, არ არის პატარა საქმე, აღარაფერს ვამბობ ყველაფრის სწორად გადაფასებასა და სიკეთის ძალის ახლიდან აღმოჩენაზე.

- ახლა როგორია მისი მდგომარეობა?

- უკეთაა. თქვენც ხომ ნახეთ, როგორ აქტიურად შემოდის კონტაქტში, გამოხატ­ავს ემოციებს, იცინის, ტირის. ამ ყველაფე­რს ეპილეფსიური გახანგრძლივებული სტატუსის შემდეგ წელიწადზე მეტხანს ვეღარ ახერხებდა. ლაპარაკის დაწყებასაც ცდილობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მეორეჯერ, ისევ ნულიდან დაწყების მერე, თუნდაც ძალიან ნელა, მაგრამ კვლავ წინ მივდივართ, დიდი იმედი გვაქვს, რომ პროგრესი არ შეჩერდება. ამას ცოტნეს­ თავის საკუთარ, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნებაც შეუწყობს ხელს, როდესაც ამას მოვახერხებთ.

ხათუნა ბახტურიძე