„ასე თუ ვიქნებოდი თეატრიდან მოკვეთილი, ვერ წარმოვიდგენდი“
"თანაცხოვრების ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯეთ მე და ჩემმა მეუღლემ, გიგა ლორთქიფანიძემ, კარგი ოჯახი შევქმენით, მოსიყვარულე და მზრუნველი. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ოქროს ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ჯანმრთელობამ გვიღალატა. არადა, 56 წელი ვიცხოვრეთ ერთად და რა ცოტა ყოფილა... ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ, მაგრამ ხელიდან გამისხლტა", - წერს მსახიობი ქეთევან კიკნაძე-ლორთქიფანიძე წიგნში "ჩემი ცხოვრების თანამგზავრი", რომელიც უძვირფასეს მეუღლეს მიუძღვნა.
ქალბატონი ქეთევანი ბოლო დროს პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა და როდესაც მას ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, სიამოვნებით დამთანხმდა - დიდი ხანია, ინტერვიუს აღარავის ვაძლევ და კი დამიგროვდა სათქმელიო. შინ ვესტუმრე და ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თეატრზე, თენგიზ არჩვაძესა და "დათა თუთაშხიას" ფენომენზე, ბიძინა ივანიშვილზე, უძვირფასეს ქალბატონზე, მარიკა ლორთქიფანიძეზე, ბებიობაზე და, ცხოვრებაზე ბატონი გიგას შემდეგ...
- დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიმიცია და დამიგროვდა სათქმელი. რომ გითხრათ, ჯანმრთელობით მთლად საღი ვარ-მეთქი, ასე არ არის, რაღაცები მაწუხებს, თუმცა ჯერჯერობით ვუმკლავდები. 14 წლის წინ დიდი ავადმყოფობა გადავიტანე და თავისი კვალი დამიტოვა...
ზოგი იტყვის ხოლმე, პოლიტიკა არ მაინტერესებს და არაფერში ვერევიო. როგორ? თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და ეს ქვეყანა გიყვარს, როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, რა ხდება? თუ შენი ქვეყნის გაჭირვება არ გესმის, აბა, რაში ერევი?
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი პატარა აგური მეც დამიდვია ამ ქვეყნის მშენებლობაში. როგორც შემეძლო, ვმუშაობდი, მაყურებელს ვეტრფოდი და ჩემი ბედნიერება ის არის ახლა, როცა ქუჩაში გავდივარ, როგორ მეფერება ხალხი. ეს ისეთი ბედნიერებაა, ვერ აღგიწერთ.მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ასეთ სიყვარულს ამჟღავნებს, როგორც ჩანს, ტელევიზიები ვერ მიტანენ. მოდიან და ჩემი ნათქვამიდან ისეთ რამეს ამოჭრიან, ისეთნაირად დატოვებენ, პირდაპირ ადამიანის დამცირება და დაკნინებაა, შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. ბევრჯერ მითქვამს, ჩემთან გადაღებაზე აღარ მოხვიდეთ-მეთქი.
- კულტურულ ღონისძიებებზე, თეატრში თუ ახერხებთ სიარულს?
- კარგა ხანია, თეატრში არ ვყოფილვარ. კინო აღარც არსებობს და თუკი რამე სერიალი იყო, დაკავებული ვიყავი, ჩემი წლოვანების შესაფერისი როლებიც მქონია, ამან გამაძლებინა. ბოლოს ერეკლე ბადურაშვილის ფილმში გადამიღეს, პატარა როლია. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გავიელვე.
იცით, რაზე მწყდება გული? ხომ ხედავდნენ, რომ მე რაღაცას ვაკეთებდი, ამ დროს თეატრმა ხელი არ უნდა გამოგიწოდოს? მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო მოკვეთილი ვიყავი. "ქართული ოცნება" ამას არ აკეთებს, თანამდებობებზე ყველგან არიან "ნაცები" და რით არიან უკმაყოფილო? "ნაცები" კი შენ სადმე არ გაგაჭაჭანებენ, მხოლოდ თავიანთი ხალხი უნდათ.
- მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობაზე საუბრობთ? თქვენ ხომ დღემდე მათი დასის წევრად ირიცხებით.
- დიახ. თუ ჩემი შესაფერისი როლი იქნება, უარს რატომ ვიტყვი? რადგან შემიძლია მუშაობა, ოჯახშიც ჩვეულებრივად აქტიური ვარ - საყიდლებზეც დავდივარ, სადილსაც ვაკეთებ და ა.შ.
- ლევან წულაძესთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, სანამ მარჯანიშვილის თეატრს დატოვებდა?
- არავითარი. ხომ შეიძლება დაურეკო კოლეგას, მოიკითხო, როგორ ხარ, თეატრში მოსვლა თუ შეგიძლია?
- გიზო ჟორდანიას დროსაც იგივე სიტუაცია იყო?
- გიგამ ბევრჯერ გაუწოდა გიზოს ხელი, არც მისგან მქონია შემოთავაზება. ჩვენ ძალიან ახლოს და მეგობრულად ვიყავით, ძალიან მიყვარდა.
- იქნებ ფიქრობდნენ, რომ თქვენ აღარ გქონდათ სურვილი ან იმ პერიოდში არ შეგწევდათ ძალა, რომ სპექტაკლებში მიგეღოთ მონაწილეობა?
- ყველაფერი კარგად იცოდნენ. ბოლოს ვითამაშე "მაყურებელთათვის ამისი ნახვა აკრძალულია" და ამით დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა ამ თეატრში. ერთხელ ერთი ადამიანი მოვიდა თეატრიდან და მითხრა, 240 ლარი გექნებათ ხელფასიო. მაშინ პენსიაზე გავალ და უფრო მეტი მექნება-მეთქი, ვუთხარი. მერე გაითვალისწინეს და შეცვალეს. ამისთვის მადლობელი ვარ, დღემდე ვიღებ ხელფასს.
- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული თეატრთან დაკავშირებით?
- იმაზე, რომ ჩემს ოჯახში არ ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩემი ოჯახი! რუსთავის თეატრიდან რუსთაველის თეატრში გადავედი, ბავშვები პატარები იყვნენ და იქ სიარული გამიჭირდა. 5 წლის განმავლობაში 5 როლი ვითამაშე, ის ჩემთვის დაუმადლებელი ლუკმა იყო და მეგობრები შევიძინე. მაგრამ მაინც ჩემს სახლში, ჩემს ოჯახში ვარჩიე წასვლა - ასე მიმაჩნდა მე მარჯანიშვილის თეატრი. ეს სანანებელი გამიხდა... თუ მე ასეთი ბოლო მექნებოდა, ასე ვიქნებოდი თეატრიდან მოკვეთილი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
ორი სპექტაკლი მომიხსნეს, რომლებიც სულ ანშლაგებით მიმდინარეობდა. ხალხი მირეკავდა, რატომ მოხსენითო? ვეუბნებოდი, თეატრში ჰკითხეთ-მეთქი... მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელების ცოლებს შეეწირა. მეც ვიყავი ერთ დროს სამხატვრო ხელმძღვანელის ცოლი, მაგრამ გაზეთებში წერდნენ, როგორ ვიქცეოდი თეატრში, რომ გიგასთვის ხელი არ შემეშალა.
- როდესაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა და რეფორმების გატარება დაიწყო, ბევრს ეს არ მოსწონდა, მათ შორის, თეატრალურ სამყაროში.
- თეა წულუკიანი ისეთი ქალია, რომელიც კულტურას სჭირდება. მუზეუმის ხალხმა უკმაყოფილება რატომ გამოხატა. მაშინ სად იყვნენ, ნახატები რომ ქრებოდა? ამ ყველაფერზე წულუკიანს პასუხი აქვს და ეს არ მოსწონთ. იგივე სიტუაცია იყო კონსერვატორიაშიც. თეატრში თუ ფულის გაკეთება შეიძლებოდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი!
განა ყველაფერი მომწონს "ოცნების", მაგრამ მკვლელების, რეციდივის, კორუფციის მხარეს ვერ გადავალ! რაც არ მომწონს, იმასაც ვიტყვი. "ოცნებამ" არაფერი გააკეთა თავისი მომხრეებისთვის. მათთვის ჩვენ "ნაცებთან" მებრძოლი ხალხი ვართ. ხანდახან ეჭვი მეპარება, ჩვენ იმიტომ ვჭირდებით, რომ მათთან ვიჩხუბოთ. ჩვენ რომ ხმას ვიღებთ, ისინი მშვიდად არიან. ამიტომ ყველაფერს აქვს საზღვარი!
არ მომწონს, რომ მსახიობს პენსია არ ეძლევა. ამ დროს სხვა პროფესიის ადამიანები მუშაობენ კიდეც და 60 წლიდან პენსიასაც იღებენ. ჩემი ქალიშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობს, ყოველ სპექტაკლზე მანქანის დასაყენებლად 10 ლარს იხდის, თვეში რამდენი სპექტაკლია და მთელი ხელფასი პარკინგზე უნდა დატოვოს? მსგავსი საკითხები და კიდევ უამრავი სხვა რამ მისახედია ქვეყანაში.
- ბიძინა ივანიშვილთან თუ გაქვთ კომუნიკაცია?
- მას რამდენიმეჯერ შევხვედრივარ, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომ რაიმეზე შევაწუხო. ასეთი ღირსეული ადამიანი ბუნებაში არ მსმენია. რამდენი მილიარდერია სხვადასხვა ქვეყანაში, ქველმოქმედებასაც ეწევიან, მაგრამ ის, რომ ქვეყნისთვის დაეხარჯოს მილიარდები, ასეთი არ გამიგონია. პირადად მე სიკვდილს გამომგლიჯა ივანიშვილმა, აგერ, 14 წელიწადი გავიდა უკვე. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, მე მისი მადლიერი ვარ. როგორ შეიძლება ვერ დაინახო, რამდენ რამეს აკეთებს ქვეყნისთვის.
- კინოხელოვნებას დავუბრუნდეთ... წელს "დათა თუთაშხიას" ეკრანზე გამოსვლიდან 45 წელი შესრულდა და დღემდე ყველა თაობაში პოპულარულია. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ ფილმის ასეთი გენიალურობა და უკვდავობა?
- ეროვნული თემაა, ქართული ხასიათი ჩანს და ზოგადსაკაცობრიო მოვლენაა. სამეგრელოში შეხვედრები გვქონდა ხოლმე, სკოლებში, იქაურ საზოგადოებასთან და ერთგან აღვნიშნე, ეს ფილმი თაობიდან თაობას გადაეცემა-მეთქი. მერე გიგას ვეუბნებოდი, ნამეტანი თავის ქებაში ხომ არ ჩამომერთმევა, ეს რა ვთქვი-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, ასეც მოხდა.
- ფილმის გამორჩეული სახე (დათას შემდეგ), მუშნი ზარანდიაა - ბატონი თენგიზ არჩვაძე ცოტა ხნის წინ წავიდა ამ ქვეყნიდან და ხალხის უდიდესი სიყვარული წაიღო თან. თქვენ, როგორც უახლოესი მეგობარი, სცენისა თუ კინოს პარტნიორი, ყველაზე კარგად იცნობდით მას.
- თენგიზთან ნახევარი საუკუნე მაკავშირებს. ერთად ბევრჯერ გვითამაშია თეატრსა თუ კინოში. ისეთი მოკრძალებული გახლდათ, უსუფთავესი პიროვნება, განათლებული, ერთგული მეგობარი, უბოროტო... ქართული პოეზია უყვარდა და რა შესანიშნავად იცოდა ქართული ფოლკლორი, როგორ მღეროდა! თენგიზი მთელ საქართველოს უყვარდა, არ ასვენებდნენ, პურმარილები იშლებოდა და ყველგან ეპატიჟებოდნენ, სულ ყურადღების ცენტრში იყო.
- თქვენ როგორ გაიცანით?
- პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც თენგიზი თეატრალურს ამთავრებდა. ცოლად თანაკურსელი, ნელი ფილიაშვილი შეირთო. თენგიზი და ნელი ინსტიტუტიდან რომ გამოვიდოდნენ, მთელი რუსთაველი თვალს აყოლებდა. ნელი ჩვენთან მუშაობდა, მერე წავიდა, ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. თენგიზს ბევრი სიხარული უნახავს თეატრსა და კინოში მაყურებლისგან, მაგრამ ძალიან ტკივილიანი გზა ჰქონდა. ჯერ ცოლი გარდაეცვალა, რომელიც უზომოდ უყვარდა... მერე პატარა აგარაკი შეიძინა და სულ იქ იყო, მაგრამ შვილიშვილი გაუხდა ავად და გაყიდა. სამკურნალოდ გერმანიაში უნდა წაეყვანათ და ის ფული რას ეყოფოდათ? ბიძინა ივანიშვილმა სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან. ვინ დაეხმარა? ისევ ღირსეული ადამიანი - ივანიშვილი.
თენგიზს თეატრიდან მოუხდა წასვლა, მართალია, თავისი ნებით, მაგრამ ერთი ადამიანის სიტყვის შემდეგ... არც მინდა ვთქვა, ვინ იყო. სპექტაკლი მოუხსნეს. თენგიზი უპატიოსნესი ბიჭი იყო და გასცილდა ყოველგვარ ინტრიგას, კინოში სამუშაო კი ყოველთვის ჰქონდა. გიგა ყველგან იღებდა თენგიზს, ჯერ როგორი გარეგნობა ჰქონდა - ვაჟკაცური, თეატრშიც და კინოშიც თანაბრად შესანიშნავი იყო, სანატრელი იყო მასთან მუშაობა.
- ბატონი გიგა ბევრჯერ ვახსენეთ და არ შეიძლება არ გკითხოთ... როგორია ცხოვრება დღეს, მის გარეშე?
- ჩვენ ყოველთვის საერთო ინტერესები გვქონდა - ოჯახი და ჩვენი საქმე. იყო ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის გაფუჭებას ცდილობდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტი იყო, ჩვენ უფრო მეტად შეკრული ვიყავით. გიგაზე თუ ვინმე რამეს იტყოდა ოდნავ გადაკრულს, ცხოვრების ბოლომდე არ ვპატიობდი, მაგრამ მე თუ ვინმემ რამე მაწყენინა, უცებ მავიწყდება ხოლმე.
- გენატრებათ ხოლმე მასთან საუბარი?
- ზოგჯერ მინდა ვინმეს რამე შევეკითხო და ვის ვკითხო? აღარც გიგაა, აღარც მარიკა... ყოველღამე მესიზმრება გიგა... ზოგჯერ მინდა აღარ დამესიზმროს. გიგას 40-ზე, მახსოვს, მემორიალური დაფა გავაკეთეთ და იმ ღამით მესიზმრა, კართან დამიხვდა, შუბლზე მაკოცა და წავიდა... მინდა დავიჯერო, რომ რაღაც არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის...
გიგას საიუბილეო თარიღებს ყოველთვის აღვნიშნავთ, მის სიცოცხლეშიც ყოველთვის ასე იყო, არასოდეს გამომიტოვებია და ახლაც ვაგრძელებთ. თვითონ ისეთი ყურადღებიანი იყო, საჩუქრებს მჩუქნიდა, ხელფასს კაპიკ-კაპიკ ჩამითვლიდა ხოლმე. ერთხელ გიგამ შვილებთან თქვა, მე რომ ჩემს ცხოვრებაში ქეთინო არ მეპოვა, რა მეშველებოდაო.
- ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე ვახსენეთ, თქვენ მასთანაც გამორჩეული ურთიერთობა გქონდათ, როგორც რძალ-მულს.
- მე და მარიკამ სტერეოტიპი დავამსხვრიეთ, რძალ-მული კი არა, უდიდესი მეგობრები ვიყავით, ერთმანეთის უახლოესი ადამიანები. როგორც ერთი ოჯახი, ისე ვიყავით, მარიკას შვილები ჩემს ხელში გაიზარდნენ.
- თქვენი შვილიშვილები, ალბათ, გიჟდებიან თქვენზე.
- ვფიქრობ, მოსიყვარულე, თბილი ბებია ვარ, ტკბილი, მათ ძალიან ვუყვარვარ და მეც ვგიჟდები მათზე.
ჩემს ქართველ ხალხს კი ვუსურვებდი სიმშვიდეს, სიყვარულს, ძალიან განვუდექით ერთმანეთს და ეს საშინელებაა. სულ ის იგავ-არაკი მახსენდება, "ძალა ერთობაშია", რომელიც სულ უნდა იმეორო ადამიანმა.