„ექიმობა ჩემი მოწოდებაა და არა სამუშაო“
ყველას თავისი არჩევანი აქვს და რა თქმა უნდა, ყველა პროფესია დასაფასებელია, თუმცა მე რომ მკითხოთ, ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, სულის მდგომარეობაა, უნარია, ნიჭია... ალბათ მიმიხვდით, რუბრიკა პროფესია მინდა წარმოგიდგინოთ და ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი - ღუდუშაურის კლინიკის შინაგან სნეულებათა და ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერნისტი, ფტიზიატრი, პულმონოლოგი თინათინ კუჭუხიძე.
- ბავშვობიდან მსურდა ექიმობა და ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი გააზრებული არჩევანი იყო, თუმცა ამის შესახებ სიტყვა არავისთან დამცდენია. მახსოვს, მეათე კლასში ვიყავი, როდესაც მშობლებს განვუცხადე, ექიმობაზე ვოცნებობ-მეთქი! მართალია, ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მხარი დამიჭირეს და 2005 წელს, პირველი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გავხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ასევე წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს საკმაოდ დიდი კონკურსის მიუხედავად, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში ჩავირიცხე. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს სპეციალობას, მაშინ შედარებით ახალი დარგი იყო და სრულიად მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი პულმონოლოგი, რაც არასოდეს მინანია.
- რას ნიშნავს თქვენთვის ექიმობა?
- ექიმობა პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარ სიცოცხლეს განდობს. ამ პროფესიას ვუთმობ ჩემი ცხოვრების უდიდეს დროსა და ენერგიას და ამის გამო ხშირად ბევრ სიამოვნებაზე მიწევს უარის თქმა. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ამის გამო არასოდეს ვწუწუნებ.ვიყო ექიმი, ჩემი არჩევანია, მოწოდებაა და არა სამუშაო. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს დახმარების გულწრფელ სურვილს თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერებით სავსე მზერა. ჩემთვის ყველა პაციენტი გამორჩეულია და ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის დანახვა იმხელა ბედნიერებაა, რომ ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა ექიმობა.
- რა აუცილებელი თვისებები და უნარები უნდა ჰქონდეს ექიმს?
- უნდა იყოს შრომისმოყვარე, ჰქონდეს უდიდესი მოთმინების უნარი და სიახლეების ძიების სურვილი. მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია, ყოველ წუთს წინ მიიწევს და ამ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა და რეალობაში დანერგვა პირადად ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა.
- ყველაზე დიდი სურვილი და მიზანი, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს პროფესიულ კარიერაში...
- ყველაზე მეტად მსურს, რომ ქართველ პაციენტებსაც ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, ისარგებლონ თანამედროვე მედიცინის სიკეთეებით, ისევე როგორც განვითარებულ ევროპის ქვეყნებშია. ჩემი მიზანია კიდევ უფრო განვითარება, სიახლეების ძიებითა და დანერგვით, ვიყო მუდამ სათანადო სიმაღლეზე და შევძლო დახმარება აღმოვუჩინო რაც შეიძლება მეტ პაციენტს.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას?
- პასუხისმგებლობით მოეკიდონ სწავლის პროცესს, გაიგონ მეტი მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ და მიიღონ გააზრებული გადაწყვეტილება.
ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, გამომდინარე მისი ფსიქოემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. ექიმის პროფესია არ მოიცავს მხოლოდ მედიკამენტოზურ ჩარევას, ექიმი გარკვეულწილად ითავსებს ფსიქოლოგის ფუნქციას, რათა მოიპოვოს პაციენტის ნდობა და უკეთ შეძლოს დახმარება.
- ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება ძალების აღდგენა, განტვირთვა... თქვენთვის რა არის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
- ყველაზე დიდ სიამოვნებას გამოჯანმრთელებული პაციენტი მანიჭებს, აღმიდგენს ძალებს და მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო!
- კონკრეტულად თქვენს სპეციალობაზე გადავიდეთ... დღეს მსოფლიოში რესპირაციული დაავადებებით ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. რა ხდება გართულების მიზეზი, რომელია ყველაზე საყურადღებო და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ.
- სასუნთქი სისტემის ვირუსულ ინფექციებს ავადობის სიხშირის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. ყოველწლიურად მწვავე რესპირაციული ინფექციით დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი ავადდება. ინფექციის პიკი ჩვეულებრივ ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდს ემთხვევა. ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით ხშირია და მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ ორსულები, მოხუცები, ბავშვები, ასევე სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის პრევენციის პირობაა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება ჰიგიენის წესების სრული დაცვით. ამისათვის აუცილებელია:
ხელის საპნითა და წყლით ხშირი დაბანა;
ხველების ან ცემინების შემთხვევაში პირზე ან ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცის მიფარება;
დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენა;
მრავალფეროვანი საკვების მიღება, მათ შორის ბოსტნეულისა და ხილის, რომელიც მდიდარია ვიტამინებით;
გრიპის პროფილაქტიკის ძირითად მეთოდს ვაქცინაცია წარმოადგენს. ვაქცინაციის პროცესში ორგანიზმში შეჰყავთ ინაქტივირებული (მკვდარი) ვირუსი, რომელიც არ იწვევს დაავადებას, მაგრამ განაპირობებს ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავებას. ისევე როგორც წინა წლებში, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელსაც უფასოდ ტარდება...
- ახლა სეზონურ ვირუსებზე ვილაპარაკოთ, რომელიც საქართველოში ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
- პირველ ადგილზე რინოვირუსის შემთხვევებია. გავრცელების მიხედვით, მეორე ადგილზეა კორონავირუსი, რომლის წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 7%-ია და მესამე ადგილზეა პარა-გრიპი, რომლის წილიც 2%-ია, უკვე დაფიქსირდა ტიპის გრიპის ვირუსიც, რომელმაც გასულ წლებთან შედარებით, წელს გაცილებით ადრე იჩინა თავი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას.
ზოგადად, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია სისუსტე, უმადობა, ძილის დარღვევა, სახსრების, თავის ძლიერი ტკივილი, ყელის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა. რინოვირუსი კი უფრო გაცივებას ჰგავს და მაგალითად, მაღალი ტემპერატურა ნაკლებად ახასიათებს, შესაძლოა, ტემპერატურის გარეშეც მიმდინარეობდეს. ის უფრო მეტად ზამთრის განმავლობაში იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, წელს რინოვირუსის აქტიურობა მკვეთრად იყო მომატებული ოქტომბრის თვეში.
- ფილტვების ანთება, პრობლემა, რომელიც ძალიან ხშირია, მათ შორის ამ სეზონზეც, ყოველთვის კლასიკური სიმპტომებით არ მიმდინარეობს, ზოგჯერ უსიცხოდაც კი პროგრესირებს, რაც აბნევს ავადმყოფს... რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არაფერი გამოგვრჩეს...
- რიგ შემთხვევებში, გრიპმა შესაძლოა გაამწვავოს ფონური ქრონიკული დაავადებები, გართულდეს პირველადი ვირუსული ან მეორადი ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა ინფექციებით. გრიპის მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებიც. ჩვილ ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი. ვირუსული პნევმონია ჩვეულებრივ იწყება ტიპური გრიპის სიმპტომებით, რასაც მოსდევს პროგრესირებადი ცხელება, ხველა, დისპნოე, ციანოზი. სისხლის ანალიზით ვლინდება მნიშვნელოვანი ჰიპოქსია...
კლასიკურად მიმდინარე გრიპი, რის ფონზეც კლინიკური გაუმჯობესების შემდეგ ადგილი აქვს ცხელებას, რასაც ახლავს ხველა ნახველით, როგორც წესი მიანიშნებს ბაქტერიული პნევმონიით გართულებაზე. ასევე თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ქრონიკული ჰეპატიტი ან თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, შეიძლება გახდეს მძიმე გართულების მიზეზი.
- ქრონიკული, მშრალი ხველა ვირუსის შემდეგ ხშირად არის ჩივილის მიზეზი. როგორ დავაღწიოთ ამას თავი?
- ხველა როგორც ყოველთვის თან ახლავს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას და რამდენიმე კვირა ინფექციისგან განკურნების შემდეგაც გასტანს, რაც სხვადასხვა გამღიზიანებლისადმი ბრონქების მგრძნობელობის მომატებით არის გამოწვეული. უნდა გვახსოვდეს, რომ ხველა საშიში არ არის. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოტანას, ამიტომ თუ ადამიანი სხვა მხრივ ჯანმრთელია, ხველის დათრგუნვა საჭირო არ არის. ამ შემთხვევაში ერთგვარი შვება შეიძლება მოიტანოს ჰაერის დატენიანებამ, ცხელი შხაპის მიღებამ, ასევე მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება - ის ათხელებს ლორწოს, თბილი სითხე კი ყელსაც ამშვიდებს. პაციენტი თუ მწეველია, უნდა მოერიდოს თამბაქოს, რაც ხველას აძლიერებს. სწორი კლინიკური შეფასება, ხველის გამომწვევი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირება და ადეკვატური მკურნალობის შერჩევა, ამ პრობლემის წარმატებული მართვის საფუძველია.
- არიან ადამიანები, რომლებიც ერთი გაოფლიანების შემდეგ ექიმთან გარბიან, ზოგს კი გონდაკარგულს თუ მიიყვან ექიმამდე. სად არის ოქროს შუალედი? როდის უნდა მივაკითხოთ ექიმს?
- ოქროს შუალედის მოსაძებნად საჭიროა საზოგადოებაში ზოგადი სამედიცინო ცნობიერების ამაღლება, რათა ადამიანებმა დროულად ამოიცნონ შესაბამისი სიმპტომები და დაგეგმონ ექიმთან ვიზიტი. რეკომენდებულია პროფილაქტიკური ვიზიტები წელიწადში 2-ჯერ, რომ პროფესიონალმა შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.