იპოთეკური სესხი, დაყადაღებული ანგარიშები და მხარეთა ვალდებულება
"კვირის პალიტრის" მკითხველების კითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:
- გამარჯობა. მინდა ბინის დაგირავება შემდგომ ამ ბინის გაქირავების მიზნით. რა თქმა უნდა, შევათანხმებ წინასწარ მეპატრონესთან და ოფიციალურად გავაფორმებ ხელშეკრულებას გირავნობაზე. თუ ბინის მეპატრონე თანხას არ დააბრუნებს, როგორ შევძლებ ამ თანხის ამოღებას? ასევე მაინტერესებს, ამ ბინის გაქირავების შემთხვევაში მომიწევს თუ არა საშემოსავლოს გადახდა, როცა ბინა არ იქნება ჩემს სახელზე?
- დავიწყოთ იმ საკითხით, თუ მსესხებელმა თანხა არ დააბრუნა, რა შედეგი დგება იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც სესხს უზრუნველყოფდა. მოცემულ შემთხვევაში საუბარია იპოთეკაზე, ეგრეთ წოდებულ გირაოზე. თუ მსესხებელი სესხს არ აბრუნებს, მხარეებს შეუძლიათ კანონმდებლობის თანახმად შეთანხმდნენ და ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკარს, ანუ ვის სასარგებლოდაც ქონება დატვირთულია იპოთეკით, გადასცეს საკუთრებაში ვალდებულების გაქვითვის სანაცვლოდ. გარდა აღნიშნულისა, მხარეებს შეუძლიათ იპოთეკის ხელშეკრულებაში ჩადონ დათქმა იმის თაობაზე, რომ თუ მსესხებელი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ქონების რეალიზაცია მოხდეს აუქციონის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულ შემთხვევებს ადგილი არა აქვს, მაშინ კრედიტორი ანუ გამსესხებელი მიმართავს სასამართლოს და სასარჩელო წარმოების გზით მოითხოვს უძრავი ნივთის გამოყენებით მის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას; რაც შეეხება მეორე საკითხს, გადასახადის გადახდას, ნებისმიერი გამქირავებელი იბეგრება, ვინაიდან ქირის თანხა არის შემოსავალი, შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ არის მესაკუთრე გაქირავებული ნივთის, მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იღებს სარგებელს.
- ვმუშაობ ბანკში, მყავს წლინახევრის შვილი, შემიძლია თუ არა მოვითხოვო, რომ დილით და საღამოს თითო საათი გამოვიყენო, ანუ გვიან მივიდე და ადრე წამოვიდე?
- შრომის კოდექსის თანახმად, თუ დასაქმებული მეძუძური დედაა და ჰყავს ერთ წლამდე შვილი, ეძლევა დამატებითი შესვენება, რაც არ აღემატება 1 საათს. აღნიშნული დამატებითი შესვენების დროის გამოყენების საკითხი უნდა შეთანხმდეს დამსაქმებელთან და მოცემული წესი გამოიყენება თვითონ დასაქმებულის მოთხოვნის საფუძველზე.
- ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მაიძულა ბანკიდან სესხები გამომეტანა. რაც ოქროული გამაჩნდა, ყველაფერი დაალომბარდა. მოთამაშეა და მალევე წააგო ეს ფული. ამ ამბიდან 5 წელზე მეტი გავიდა და ეს ვალები ჩემს სახელზეა. ეს წლები არც ერთი ლარი არ გადამიხდია, არა მაქვს საშუალება. ოქროული 5.000 ლარის იყო, ამას დაემატებოდა ამ წლების პროცენტები, რაც დღეს საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება. მაქვს თუ არა შანსი ჩემი ოქროულის დაბრუნების და თუ შეიძლება რაიმე ფორმით ეს ვალდებულება ჩემს ყოფილ ქმარზე გადავიდეს. ჩვენ უკვე სამი წელია ოფიციალურად გაშორებული ვართ.
- უპირველეს ყოვლისა, თუ კრედიტორმა სასამართლოში სასარჩელო წარმოება დაიწყო მსესხებლის მიმართ, მოთხოვნა ხანდაზმულია და აღნიშნულზე მსესხებელმა შესაგებლით უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანდაზმულად არ ჩაითვლება, ხოლო თუ არ უჩივის კრედიტორი მსესხებელს, მსესხებელს შეუძლია შეიტანოს სარჩელი სესხის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე; დალომბარდებული ოქროს დაბრუნება შეუძლებელია, რადგან ოქრო სესხის უზრუნველსაყოფად იყო ლომბარდში დატოვებული, შესაბამისად, ვინაიდან თანხის დაბრუნება არ მოხდა, ოქრო გადავიდა კრედიტორის საკუთრებაში. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ შესაძლებელია თუ არა ვალდებულების გადატანა იმ პირზე, რომელმაც აიძულა სესხის აღება, საამისოდ უნდა გამოიკვეთოს ის ფაქტები, თუ რა სახის იძულებას ჰქონდა ადგილი, ასევე დასადგენია, როდის შეწყდა იძულება.
- ბანკის ვალი მაქვს და სულ რეკავენ ჩემთანაც და ახლობლებთანაც. ხანდაზმულობა გასული რომ იყოს, მაინც დარეკავდნენ?
- მიუხედავად ხანდაზმულობისა, კრედიტორს უფლება აქვს არა მარტო დაურეკოს მსესხებელს და შეახსენოს ვალდებულება, არამედ უნდა შეიტანოს სასამართლოში სარჩელი. სესხი ხანდაზმულია თუ არა, ეს უნდა დადგინდეს კონკრეტული დოკუმენტაციითა და გარემოებით, ხოლო თუ ხანდაზმულია, მსესხებელს თავად შეუძლია შეიტანოს სარჩელი და მოითხოვოს სესხის ხანდაზმულად აღიარება. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მსესხებლის სესხის შესახებ ინფორმაცია გაანდოს სხვას, ეს დაუშვებელია, ვინაიდან მსგავსი ინფორმაცია პერსონალურ საიდუმლოებას წარმოადგენს.
- ბანკმა ანგარიში დამიყადაღა. მარტოხელა დედა ვცხოვრობ ქირით, ჩემს სახელზე არაფერია, არც ვმუშაობ და ვიღებ მხოლოდ ბავშვების სოციალურ დახმარებას. ასეთ დროს შეიძლება ბავშვების ფულიდანაც ჩამომაჭრან თანხა? ან ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ჩემი მშობლების ქონება დააყადაღონ, რადგან იქ ვარ ჩაწერილი.
- ბავშვის შემწეობა არის ბენეფიტი, რომელიც კანონით გეკუთვნით იმისათვის, რომ ბავშვმა ნორმალური ცხოვრება და განვითარება შეძლოს. შესაბამისად, აღნიშნულ თანხას ვერ დააყადაღებს. რაც შეეხება მისამართს, რომელიც მითითებულია თქვენს მისამართად, აღნიშნულ მისამართზე მისვლა და ნივთების აღწერა შეიძლება მოახდინოს აღმასრულებელმა. მოცემულ შემთხვევაში თქვენ და იმ პირებს, ვისთანაც ხართ ჩაწერილი, მოგიწევთ იმის მტკიცება სასამართლოს მეშვეობით, რომ ეს ნივთები თქვენ არ გეკუთვნით. სხვა კუთხით, ნებისმიერ უძრავ თუ მოძრავ ქონებაზე თქვენი ვალდებულების გამო თქვენს მშობლებს ვერ მოსთხოვენ.
- ბანკიდან მქონდა სესხი გამოტანილი, იმაზე ორჯერ მეტი მაქვს უკვე გადახდილი, რაც გამოვიტანეთ. თუმცა ჯერ არ არის დასრულებული გადახდა, რადგან შემექმნა ფინანსური პრობლემები. საქმე სააღსრულებოშია გადაცემული, თავდებს ხელფასიდან აჭრიან თანხებს, როგორ მოვიქცე?
- სააღსრულებო წარმოება იწყება იმ თანხაზე, რაც სასამართლომ დაგაკისრათ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მსესხებელს და თავდებს შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკება აღმასრულებელთან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. სააღსრულებო წარმოება იწყება იმ საქმეზე, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
- ბანკში მაქვს სესხი, სამწუხაროდ, გადახდას ვერ ვახერხებ, რადგან ვარ დეკრეტში და აღარ ვმუშაობ. არ არის არაფერი ჩემს სახელზე. დამირეკეს და მითხრეს, რომ ყველა ბანკში ანგარიშს დამიყადაღებენ. დეკრეტულში მყოფი ადამიანისთვის თუ არის რაიმე გამოსავალი ასეთ დროს?
- მსგავსი მდგომარეობა არ არის სესხის გადავადებისა თუ რაიმე სხვა საშეღავათო პირობის საფუძველი. მოცემულ ვითარებაში შესაძლებელია მხოლოდ მისაღებ პირობებზე მოლაპარაკება.
- ვცხოვრობ დაბალ პირველ სართულზე. მეზობელი ავტომანქანას აჩერებს ჩემი აივნის ქვეშ, რის გამოც სარეცხს ვერ ვფენ. რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ ისევ ჯიუტად იმავეს აკეთებს. მეზღუდება სრულფასოვნად ცხოვრების უფლება. რა გამოსავალი არსებობს ამ დროს?
- მსგავს შემთხვევაში გამოიძახეთ პოლიცია და შეადგენინეთ ოქმი, რომ თქვენს უფლებას ზღუდავს. ამასთან, თქვენი ფანჯრის წინ არსებული სივრცე თქვენი სარგებლობის ობიექტია.
- მეზობელი ხშირად უშვებს წყალს ბინიდან, რომელიც გაქირავებულია და სახლი დამიზიანდა. ბინის მეპატრონე ამბობს, რომ არაფერს გადაიხდის და ეს საკითხი მის მდგმურთან მოვაგვარო. მდგმური კი მეუბნება, რომ ოფიციალურად არანაირი ხელშეკრულება ქირავნობაზე არ არის და არაფერს შეაკეთებს. როგორ მოვიქცე, რომელს ვუჩივლო? აქვს თუ არა სასამართლოში ჩივილს აზრი?
- გამოიძახეთ პოლიცია და შეადგენინეთ ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს ზიანი. ასევე უნდა ჩაიწეროს, საიდან ჩავიდა წყალი და იმ მომენტში ვინ ცხოვრობს ბინაში. თუ ეს ვერ ხერხდება, შეგიძლიათ მესაკუთრეს უჩივლოთ სასამართლოში.
- მოულოდნელად დამეწვა ავტომობილი, რომელიც იყო განუბაჟებელი. შემოსავლების სამსახურში მეუბნებიან, რომ მაინც უნდა გადავიხადო განბაჟების თანხა, ან უნდა დავწეროთ, რომ ამ მანქანას ვჩუქნით სახელმწიფოს, მანქანას არ მოგვცემენ, გადაეცემა სახელმწიფოს და განბაჟების გადასახადიც არ გვექნება. დამწვარი მანქანის განბაჟება შესაძლებელია?
- ამ შემთხვევაში განბაჟდება ის, რაც მისგან დარჩა, თუ მას აქვს მსყიდველობითი უნარი შერჩენილი. ამასთან, თუ ნივთი ყოვლად გამოუსადეგარია განბაჟებამდე და მას სამოქალაქო ბრუნვაში ვეღარ ჩაუშვებთ, ანუ მსყიდველობითი უნარი თუ დაკარგა, შეუძლებელია დაიბეგროს.