ოყურეშის „დაკიდებული ბაღები“
ლეჩხუმის სოფელ ოყურეშში გადაღებულმა ბადრი ვადაჭკორიას ფოტოებმა მთელი საქართველო აღაფრთოვანა, - მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, მთებს შეფარებული ვაზის ტერასები თითქოს ათასწლოვან წარსულსა და მომავალს აერთიანებს. თითქოს სემირამიდას დაკიდებულ ბაღებსაც ჰგავს, რომელზეც სიცოცხლე ყვავილობს და სილამაზით მსოფლიოს უმშვენიერეს ადგილებსაც კი ეჯიბრება. ამასობაში, ბევრმა არც იცის, ეს ყველაფერი აქამდეც არსებობდა თუ ახლა გაჩნდა. მის შემხედვარეს, თავი სიზმარში გგონია. ჰოდა, ლეჩხუმის ამ მთიანი სოფლისა და მისი "სემირამიდას ბაღების" შესახებ ოყურეშელ ავთანდილ ყურაშვილს ვესაუბრეთ. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ოყურეშის "დაკიდებული ბაღების" მშენებლობას, მისი დამსახურებით გროვდებოდა ერთად ათეულობით კაცი სამუშაოდ და ამასობაში ოყურეშის ბაღებიც გაშენდა.
- ბატონო ავთანდილ, ყველა აღაფრთოვანა ბადრი ვადაჭკორიას მიერ გადაღებულმა ოყურეშის "დაკიდებულმა ბაღებმა", - მე შევარქვი ასე, რადგან ჩემთვის ის სემირამიდას მოდელირებულ ბაღებს ნამდვილად ჰგავს. ვინ მოიფიქრა ეს საოცრება? ან ვის აქვს მეტი როლი: ბუნებას თუ ადამიანს, ოყურეშელებს, რომელთაც ჩვეულებრივი სოფელი ლამის სამოთხის ბაღად აქციეს?
- ერთსაც, მეორესაც და კიდევ ერთ კაცსაც, რომელმაც ოყურეშში ტერასების აგება მოიფიქრა და ამ საქმეში გული და სული ჩააქსოვა, თავადაც მონაწილეობდა მშენებლობაში. თანაც, ჩვენი სოფელი უბრალო სოფელი არ გეგონოთ, ჯერ ერთი, თავად ხვამლის კალთაზეა შეფენილი, რომელიც ასეთი მისტიკური და საიდუმლოა, თანაც ჩვენში დალოცვილი ალექსანდროულიც ხარობს. ვინ იცის, იქნებ ეგ ვაზიც ოყურეშელმა კაცმა გამოიტანა ტყიდან ველურად, მერე კი გააშენა, გააკულტურა. ამიტომაც ეგ "დაკიდებული ბაღებიც", როგორც თქვენ დაარქვით, სწორედ ჩვენთან უნდა გაშენებულიყო, ოყურეშში, თითქოს ადგილი მოითხოვდა.
- ჰოდა, მომიყევით, ვინ მოიფიქრა ეს ამბავი.
- დავით ტურაბელიძემ, ერთმა იმერელმა კაცმა, რომელიც აქვე, ქუთაისიდან არის. მან ნახა ეს ბუჩქნარად გადაქცეული ადგილები, გადახედ-გადმოხედა და თქვა, მოდი, ამ ადგილებში ვენახის ტერასებს გავაკეთებ, კარგი საქმე იქნება ჩემთვისაც და სოფლისთვისაცო. მართალიც გამოდგა. ეგ ამბავი 2008 წელს იყო, მაშინ დავიწყეთ და აგერ-აგერ დგება შედეგი - ტერასებზე ვენახმა მსხმოიარობა დაიწყო და მშვენიერი სანახავია. მაგრამ ეს საქმე ისე იოლი არ ყოფილა, როგორც ახლა ვყვები, ურთულესი ამბავი იყო: რომ იტყვიან, ლამის მთის გადაბრუნებამ მოგვიწია. ხუმრობა ხომ არ არის, ათი ჰექტარი მიწა 350-მეტრიანი ტერასებით დავატერასეთ. ქვას ტრაქტორი ამტვრევდა, დანარჩენს ჩვენ ვაკეთებდით, ხალხი, ფერდობებზე მიწას ჩვენ ვჭრიდით, ვამუშავებდით და ვაბრუნებდით ვაზის დასარგავად.
- რას ნიშნავს მიწის გადაბრუნება?
- იმას, რომ მზისგან დამწვარი მიწის ფენა კი არ უნდა გამოიყენო ვენახის გასაშენებლად, უნდა ამოატრიალო და ვაზი ისე უნდა ჩარგო, თანაც, ტერასზე 2 მწკრივი უნდა გააშენო, ისეთი დაშორებით, რომ მწკრივებს შორის ტრაქტორმაც გაიაროს.
- ეგ რამხელა საქმე გაგიკეთებიათ, რამდენი გიშრომიათ!
- აბა, როგორ! ხანდახან მთელი სოფელი გამოდიოდა სამუშაოდ. ზოგჯერ ერთად 80 კაციც ვმუშაობდით. ესეც რომ არ გვყოფნიდა, ქუთაისიდანაც ამოგვყავდა ხალხი და ტრაქტორი ქვების დასაქუცმაცებლად.
- დაქუცმაცებული ქვები რისთვისღა გჭირდებოდათ?
- დაქუცმაცებული ქვა თუ არ ყრია ნიადაგში, ოყურეშის უსახელოური ვერ იხარებს. თანაც, ტერასების ამოყვანასაც ხომ სჭირდებოდა ქვები. ეგ საქმე წლობით გაგრძელდა. ტრაქტორიც რამდენჯერ გაგვიფუჭდა, ვინ იცის. ამოდენა ქვებს, რომ ტექნიკა დააქუცმაცებს, წარმოიდგინეთ, რა მოუვა, ან თავად ტექნიკას ვინც მართავს, როგორ დაიღლება. ხალხი ერთმანეთს ცვლიდა, სოფლის ახალგაზრდობამაც ძალიან იყოჩაღა.
- ხალხს არ უკვირდა, რატომ იყო საჭირო ამხელა ფერდობებთან შეჭიდება? არ გეკითხებოდნენ, რას აკეთებთ ასეთს, რომ ვეღარ დაამთავრეთო?
- თავიდან კი, მაგრამ როგორც კი გაისიგრძეგანეს, როგორი ტერასები კეთდებოდა და თან ზედ ალექსანდროულის ვენახი გაიხარებდა, თავადვე გვეუბნებოდნენ, ეს საქმე თუ ბოლომდე მიიყვანეთ, აქაურობაზე ლამაზი სანახავი არაფერი იქნებაო.
- გამიკვირდა, სოფლიდან 80 კაცი რომ გამოგყავდათ სამუშაოდ. ზოგი მთის სოფელი დაცლილია და თქვენ ამდენი ხალხი როგორ მოაგროვეთ?
- ჩვენი სოფელი არ დაცლილა და არც დაიცლება, იმიტომ, რომ ადამიანი შედეგით ფიქრობს: ვიღაცამ ამხელა საქმე რომ დაიწყო, ამხლა ბაღები გააშენა, ესე იგი, ჩვენთან კარგია და სხვაგან რატომ უნდა წავიდეო! თავიანთი მიწა უყვართ, მართლა სამოთხე გვაქვს და არ არის ადვილი მისი მიტოვება. პირიქით, ბევრი ბრუნდება და ახლიდან სახლდება.
- ეგ ძალიან კარგი ამბავია.
- მეც ას ვფიქრობ. ნახავთ, უფრო ბევრი თუ არ დაბრუნდება. ჩვენს "დაკიდებულ ბაღებსაც" უამრავი მნახველი ეყოლება. რაც ბატონი ვადაჭკორიას ფოტოები გამოქვეყნდა, უამრავი ხალხი მოვიდა სანახავად. ვნახოთ, კაცი იმედით ცოცხლობს. თუმცა მხოლოდ იმედი ხომ არ გვაქვს, "დაკიდებული ბაღებიც", რომელიც მართლა ულამაზესია. თქვენ ის ნახეთ, ვენახებისაგან საქართველოს დროშას რომ ავაწყობთ და "სემირამიდას ბაღებში" ჩავდგამთ. უსახელოურს ხომ ისე უწითლდება ფოთლები გვიან შემოდგომაზე, როგორც თავად უსახელოურის ღვინოა. ნახავთ, რა ლამაზი იქნება წითლად აბდღვრიალებული ვენახი საქართველოს დროშით. ჰოდა, მობრძანდით და ნახეთ, არ წააგებთ, ეს სილამაზე დიდხანს გაგყვებათ.