რა ბედი ელის ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკის შენობას - კვირის პალიტრა

რა ბედი ელის ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკის შენობას

ბევრ ჩვენგანს უნახავს განადგურების პირას მისული საბჭოთა შენობები, რომლებიც მხოლოდ იმის გამო ინგრევა, რომ ფუნქცია ვერ მოუნახეს. ლეგენდა ამბობს: როდესაც ოსმალებმა კონსტანტინოპოლი აიღეს, ერთ ოსმალოს თავიც კი მოჰკვეთეს უკვე აღებული ქალაქის ნგრევისათვის, აქამდე სხვისი იყო, ახლა ჩვენია და რატომ ანგრევო! თავს არავინ მოგვკვეთს, მაგრამ კარგი იქნება ვიცოდეთ, რომ ჩვენივე სიმდიდრის განადგურება მომავალშიც სიღარიბეს შეგვახსენებს. სწორედ ამ თემაზე მოგვწერა ოზურგეთიდან ნანული ნაკაიძემ:

"მოგესალმებით. იქნებ ვერაფერი შეცვალოს ჩემმა წერილმა, მაგრამ გთხოვთ, ჩემი წერილი ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკის შესახებ აუცილებლად გამოაქვეყნოთ. თქვენ ხომ დიდი აუდიტორია გყავთ და ვინ იცის, იქნებ ვინმე გამოუჩნდეს გულშემატკივარი ამ განადგურების პირას მისულ, არიტექტურულად მშვენიერ და საუკუნოვან შენობას. ის სწორედ საუკუნის წინ ააშენეს იტალიელებმა, ჩვენამდე მოვიდა, დროს გაუძლო, ჩვენ კი ვანგრევთ. არადა, შეიძლებოდა ქალაქის სიმდიდრედ ქცეულიყო: თუნდაც ერთ-ერთ ტურისტულ ობიექტად ან თუნდაც აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით შესძენოდა ახალი სიცოცხლე. ჩვენმა ხელისუფლებამ სამიოდე წლის წინ მსოფლიო აბრეშუმის ფორუმს რომ უმასპინძლა, ეს რა მიზნით იყო? თუ აბრეშუმთან დაკავშირებული ყველაფერი უნდა მოისრას?! მაშინ ამდენი ფული რატომ დაიხარჯა?

არ გეგონოთ წარსულს მივტიროდე, მაგრამ სიმდიდრეს სათანადოდ რომ ვერ ვაფასებთ და ვერ ვიყენებთ, ამის გამო ვდარდობ! ეგებ სანამ გვიან არ არის, დავფიქრდეთ, - უამრავი მსგავსი ობიექტი დაიქცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საბჭოთა დროის იყო, სინამდვილეში კი საქმიანობა შევწყვიტეთ და ფუნქცია ვერ მოვუძებნეთ.

პატივისცემით, ნანული ნაკაიძე"

ჩვენ დავუკავშირდით, ქალბატონ ნანული ნაკაიძეს და ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკის, ამ მართლაც ლამაზი ნაგებობის შესახებ ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ნანული, ოზურგეთის აბრეშუმის ფაბრიკა ისტორიული და ლამაზი შენობაა, როგორ მოხდა, რომ არ გაიყიდა? მფლობელი უპატრონებდა.

- არ ვიცი, ჯერ ისევ სახელმწიფო საკუთრებაა თუ გაყიდულია, მაგრამ, ფაქტია, შენობას არავინ უვლის. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შენობა კომერციულ ადგილას არ დგას - ქალაქის ცენტრში რომ იყოს, აღადგენდნენ და მარკეტად გადააკეთებდნენ. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ რესტავრაციის შემდეგ ამ შენობიდან შემოსავალი ყველა შემთხვევაში იქნება, თუნდაც ტურისტულ ობიექტად რომ გადაეკეთებინათ. ეს ხომ ისტორიული შენობაა, რომელიც იტალიელმა არქიტექტორებმა 1922 წელს ააშენეს.

fosta2-1699182246.jpg

- გურიაში მაგ ფაბრიკას ყველა იცნობს, თაობები ახვევდნენ აქ აბრეშუმის ძაფს, რომელიც, როგორც ვიცი, ევროპაშიც იგზავნებოდა.

- ჰოდა, მაგაზეც ვწუხვარ, რატომ დავკარგეთ მეაბრეშუმეობის დარგი, რა გვჭირს?! აბრეშუმის მოყვანას რომ ვაგრძელებდეთ, მაშინ ხომ აბრეშუმის ფაბრიკაც გადარჩებოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იგზავნებოდა გურია-იმერეთის აბრეშუმი საფრანგეთში ანუ ევროპის ბაზარზე. ქართველები თურმე არც ისე უსაქმურები ვყოფილვართ, როგორც ახლა ერთმანეთს წარმოვაჩენთ - მეცხრამეტე საუკუნიდან ფაბრიკებიც გვქონდა და ხალხიც ტონობით აბრეშუმის პარკს აწარმოებდა. ფოტოც არსებობს, როგორ აბარებენ ტონობით აბრეშუმის პარკს გლეხები, - ურმებით ჩამოჰქონდათ სოფლებიდან ოზურგეთის ცენტრამდე. 1900 წელს პარკის ჩაბარება 4-5 მანეთი ღირდა. გადამყიდველები კი 50 მანეთად ყიდდნენ.

- რამდენი რამ გცოდნიათ გურულ აბრეშუმზე.

- გული მტკივა, რომ ჩვენში მეაბრეშუმეობის აღორძინება არავის უნდა. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება ასეთი ლამაზი ისტორიული შენობა მაინც შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომაც შეგაწუხეთ, რომ ეს ამბავი მათ ყურამდე მივიდეს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ საქმის გაკეთება, - გვითხრა ქალბატონმა ნანულიმ და დასძინა, შენობა მხოლოდ ჩემი დარდი არ არის, მისი ბედი მთელი ოზურგეთს აწუხებსო.პ.ს. ჩვენც ვთხოვთ, ოზურგეთის ხელისუფლებას, სანამ საუკუნოვანი შენობა ჩამოიქცევა, თანხა გამოყოს მის აღსადგენად და ქალაქს გადასცეს. თუნდაც იმის გამო, რომ ოზურგეთში უფრო ლამაზი და უფრო ძველი ნაგებობა ნაკლებად მოიძებნება.