„მეუბნებიან, მოითმინე და მომავალ ჯერზე შემოწმებისას დაგენიშნებაო. არადა, აღარ დადგა ეს მომდევნო ჯერი“ - კვირის პალიტრა

„მეუბნებიან, მოითმინე და მომავალ ჯერზე შემოწმებისას დაგენიშნებაო. არადა, აღარ დადგა ეს მომდევნო ჯერი“

რატომ შეიძლება ადამიანი გაწირო და ულუკმაპუროდ დატოვო? თანაც მაშინ, როდესაც შენგან არაფერს მოითხოვს, გარდა საქმის ცოდნისა და ყურადღებით მოსმენისა? - ამ კითხვას მრავალი პასუხი აქვს, მაგრამ, ალბათ, მთავარი მაინც გულგრილობაა - გულგრილობა საქმისა თუ ადამიანისადმი, რაც ზოგჯერ იმაზე მეტად მძიმე შედეგებს­ იწვევს, ვიდრე წინასწარგამიზნული ცუდი განზრახვა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ბაღდადიდან გიორგი კვეტენაძე გვწერს:

"მოგესალმებით. ჩემი წერილი თქვენთან არასოდეს მოხვდებოდა, რომ მარტოხელა და სახელმწიფოსაგან მიტოვებული ადამიანის ბედი არ მაწუხებდეს. ეს კაცი ბაღდადში, სოფელ ქვედა დიმში მცხოვრები, უნარშეზღუდული 58 წლის დავით გოგელიძეა, რომელმაც მარჯვენა ხელი ახალგაზრდობაში დაკარგა (მხრის სახსრამდე აქვს მოკვეთილი). მამის გარდაცვალების შემდეგ, 2019 წელს, დავითს ლოგინად ჩავარდნილი დედაც გარდაეცვალა და სოციალური დახმარებაც შეუწყდა, რაც უნარშეზღუდული ადამიანისათვის საარსებო ლუკმის დაკარგვას ნიშნავს. მით უფრო, რომ მარტოხელაა, ნათესავები შორს ცხოვრობენ. კიდევ კარგი, კეთილი ხალხი, მეზობლები, დავითს ლუკმას არ ამადლიან, მშიერი არ ჰყავთ. რომ არა ისინი, ვინ იცის, მისი საქმე როგორ წარიმართებოდა. არადა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ ჩავიდა ეს უნარშეზღუდული ადამიანი ბაღდადის სოციალურ სამსახურში, რამდენჯერ დაწერა განცხადება, რომ შემწეობა დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფო ხშირად სრულიად ჯანმრთელ ხალხსაც აძლევს სოციალურ შემწეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ და გაარკვიოთ, რატომ დატოვა სახელმწიფომ ეს კაცი მშიერი. თქვენ ხომ ასეთ ინფორმაციაზე ხელი მიგიწვდებათ. ამ სამსახურთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელია, ადგილზე უნდა მიხვიდე და გაარკვიო, რას გერჩიან, შშმ პირისთვის კი რაიონულ ცენტრში გამუდმებით სიარული შეუძლებელია.

პატივისცემით, გიორგი კვეტენაძე"

სოფელ ქვედა დიმში ბატონ დავით გოგელიძესთან საუბრის შემდეგ ჩვენც ვცადეთ ბაღდადის სოციალურ სააგენტოსთან დაკავშირება, რაც მართლაც შეუძლებელი აღმოჩნდა. თუმცა ბატონ დავით გოგელიძის მდგომარეობამ სული შეგვიძრა:

- ბატონო დავით, მართლაც დაუჯერებელია, რომ მარტოხელა ხელმოკვეთილი ადამიანი, რომელსაც დამხმარე არ ჰყავს, ულუკმაპუროდ იყოს. როგორ მოხდა, რომ ამ მდგომარეობამდე მიხვედით?

- მარჯვენა ხელი რომ არ დამეკარგა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა, სახელმწიფოს არ მივადგებოდი, საარსებო ლუკმა მომეცი-მეთქი. ჩემმა ბედისწერამ ასე გააკეთა, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ დავკარგე მარჯვენა ხელი, მშენებლობაზე ვმუშაობდი და "სინკარის" ქვეშ მომიყვა მკლავი. ისე დამიზიანდა, მხრებამდე მომკვეთეს.

- ალბათ, გაგიჭირდებოდათ ამ ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება...

- ძალიან გამიჭირდა, იმდენად, რომ ოჯახიც არ შევქმენი. იმის გაფიქრებამ, რომ თავად ვერ შევძლებდი ჩემი ოჯახის დახმარებას, ცხოვრება დამინგრია. სოფელში დავბრუნდი, სადაც მშობლებმა გამიწიეს მარჯვენა ხელის მაგივრობა. მარჯვენის გარეშე ბევრ სამუშაოს ვერ ვაკეთებ, მაგალითად, ვერ ვბარავ, ვერ ვთოხნი, მოსავალი ვერ მომყავს და ა.შ. თუმცა, რაც შემიძლია, მარცხენა ხელით ვაკეთებ. ლოგინად ჩავარდნილ დედასაც ვეხმარებოდი. როცა მამის შემდეგ დედა გარდამეცვალა, მარტო დავრჩი და ერთხანს სასოწარკვეთილებაშიც ჩავვარდი, აღმოჩნდა, რომ სოციალური დახმარება მქონდა შეწყვეტილი.

- რატომ, რა მიზეზით?

- პირველად მითხრეს, რომ დახმარების შეწყვეტა ოჯახის წევრის გარდაცვალებამ გამოიწვია და აუცილებლად აღმიდგენდნენ. თუმცა მას შემდეგ წლებია, სოციალური მუშაკები არაერთხელ მოვიდნენ ჩემი მდგომარეობის აღსაწერად, მაგრამ შემწეობა მაინც არ დამინიშნეს. მეუბნებიან, მოითმინე და მომავალ ჯერზე შემოწმებისას დაგენიშნებაო. არადა, აღარ დადგა ეს მომდევნო ჯერი. ამასობაში, იმასაც ვერ ვაკეთებ, რასაც დედაჩემის სიცოცხლეში ვაკეთებდი. მაგალითად, შინაური ფრინველიც აღარ მყავს. დავუშვათ, სიმინდი რომ მოვიყვანო, ტაროს ვერ დავფშვნი, რომ ქათამს დავუყარო და ვაჭამო. ნახევარი კაცი ვარ, რომელსაც ბევრი საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია.

- არც ფრინველი გყავთ, არც ყანა გაქვთ, არც ბოსტანი, სოციალური დახმარებაც შეგიწყდათ, აბა, რით ირჩენთ თავს?

- უნარშეზღუდულობის პენსია მაქვს, 170 ლარი, საიდანაც 45 ლარს ბანკში ვიხდი, იმიტომ, რომ თავის დროზე თანხა დედაჩემის წამლებისთვის გამოვიტანე. სიცოცხლესაც შევწირავდი, რომ შემძლებოდა. სულ 125 ლარი შემოსავალი მაქვს თვეში, აქედან ნახევარზე მეტს წამალში ვხარჯავ, გულზე მაქვს პრობლემები. თუმცა ჩემს თავს ჩემებური რეცეპტი გამოვუწერე და წამალს ყოველი დღის ნაცვლად სამ დღეში ერთხელ ვიღებ. სხვანაირად ფული არ მეყოფა მის შესაძენად. რაც შეეხება ლუკმას, მეზობლები მაწვდიან და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ არსებობენ, სხვანაირად შიმშილით მკვდარი ვიქნებოდი. მაგრამ როდემდე, მეზობელს ხომ საკუთარი პრობლემებიც აქვს და სულ კისერზე ხომ არ ჩამოვეკიდები! მოკლედ, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება.

- შევეცდებით, რომ დაგეხმაროთ და თქვენი ამბავი გამოვამზეუროთ.

- მადლობელი ვიქნები, სხვა გზა არც დამრჩა, - გვითხრა ბატონმა დავითმა, ჩვენ კი დავუკავშირდით ჯანმრთელობის სამინისტროს, რომელმაც ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვითხრა, რომ დავით გოგელიძეს უმიზეზოდ არა აქვს სახელმწიფო შემწეობა შეწყვეტილი და ამ მიზეზს მესამე პირს (ჟურნალისტს) ვერ გაუმხელენ. დავით გოგელიძე თავად უნდა ჩავიდეს ბაღდადის ცენტრში და ეს მიზეზი გაარკვიოს.