უკრაინელებმა ფრანგული „სკალპელით“ რუსული სარაკეტო ხომალდი „გადაჭრეს“... - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა ფრანგული „სკალპელით“ რუსული სარაკეტო ხომალდი „გადაჭრეს“...

რამდენიმეთვიანი, არცთუ მთლად წარმატებული კონტრშეტევების ფონზე უკრაინის გენშტაბმა მორიგი სარაკეტო დარტყმა დაგეგმა და განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ, უშულოდ ყირიმის ხიდის სიახლოვეს, ქერჩის გემთშენებელი ქარხნის „ზალივის“ ნავმისადომთან...

„ზალივის“ გემთშენებელი ქარხანა ჯერ კიდევ 1938 წლიდან ამოქმედდა საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1991-2014 წლებში უკრაინის ფლობელობაში იყო (სხვათაშორის, 2000-2005 წლებში ამ ქარხნის პრივატიზაცია განახორციელა და მის საკონტროლო პაკეტს ფლობდა ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი დავით ჟვანია), სანამ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსირება არ განახორციელა.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ 13 სექტემბერს ფრთოსანი რაკეტებით სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში შეკეთებაზე მდგარი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „მინსკი“ და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი „როსტოვ ნა-დონუ“ სერიოზულად დააზიანა, მუდმივად მოსალოდნელი გახლდათ, რომ კიევი იგივეს გამეორებას ეცდებოდა იმ სხვა საზღვაო ქარხნების მიმართაც, სადაც რუსული სამხედრო ხომალდების შეკეთება ან სულაც ახლების აგება ხდება...

2-p-1699182768.png
ოკუპირებული ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივიდან“ ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზამდე უმოკლესი მანძილი არანაკლებ 250 კმ-ია...

და ასეც მოხდა - 4 ნოემბერს უკრაინელებმა სარაკეტო დარტყმა მიაყენეს ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის „ზალივის“ (რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ უდიდესად ითვლება) ტერიტორიას და დააზიანეს 22800 პროექტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ასკოლდი“, რომელზეც სამუშაოები მიმდინარეობდა და ჯერ არ იყო გადაცემული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში.

„კარაკურტის“ პროექტის ეს მცირე სარაკეტო ხომალდები ყოველთვის იქნებიან უკრაინელი სამხედროების სამიზნე, რადგან 870 ტონა სრული წყალწყვის ამ კორვეტებს „კალიბრის“ ტიპის რვა ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლიათ, ხოლო „კალიბრები“ ომის დასაწყებისთანავე მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ უკრაინული ქალაქებისთვის...

მიუხედვად იმისა, რომ ქერჩის ეს გემთშენებელი ქარხანა ყირიმის ხიდიდან სულ რაღაც 8 კმ-ში მდებარეობს და შესაბამისად მასაც კარგად უნდა იცავდეს ამ რაიონში განთავსებული ძალზე ძლიერი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, უკრაინელებმა მაინც შეძლეს ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტით „სკალპელით“ საწადელის მიღწევა.

3-p-1699182768.png
უკრაინულ მოდერნიზებულ Su-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენის პილონზე ჩამოკიდებული ფრანგული ფრთოსანი რაკეტა SCALP EG, რომელიც გამოყენებული იქნა ოკუპირებული ქერჩის გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე რუსული მცირე სარაკეტო ხომალდის დასაზიანებლად...

თუმცა, რუსი ოკუპანტები იხტიბარს არ იტეხენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს უკრაინელების გაშვებული 15 რაკეტიდან 13 მოიგერიეს, ხოლო მათ სარაკეტო კორვეტს მხოლოდ ჩამოგდებული „სკალპელის“ ფრაგმენტები დაეცა, თუმცა თვითმხილველთა მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად მოჩანს ძლიერი აფეთქება სწორედ გემთშენებელი ქარხნის ნავმისადგომზე...

ერთ-ორ დღეში ამ სარაკეტო დარტყმის შედეგების ამსახველი მაღალი ხარისხის ფოტოები დაიდება ინტერნეტში, რომლებსაც კომერციული თანამგზავრები იღებენ და მაშინ ბევრად ადვილი იქნება იმის შეფასება, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა უკრაინელების სარაკეტო შეტევა და მან სრულიად გაანადგურა თუ არა რუსი ოკუნტების უახლესი სარაკეტო კორვეტი, რომელიც ჯერ შეიარაღებაშიც კი არ ჰქონდა მიღებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც თავისი ხომალდების „გადამალვას“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აფხაზეთის ოჩამჩირის პორტშიც აპირებს...