ცხოვრება „დიდი კედლის“ მიღმა
ვიეტნამში 2023 წლის აპრილში ვიმოგზაურე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხანგრძლივი ფრენებისგან გადაღლილმა გადავწყვიტე, რომ აზიაში ფეხს კარგა ხანს აღარ გავადგამდი, მაგრამ ამ პირობიდან ორი კვირა არ იყო გასული, რომ ჩინეთის ბიუჯეტური, თუმცა სანახაობებით დატვირთული ტურის ამბავი გავიგე, თანაც ჩემი ვიეტნამელი ჯგუფის წევრებიც ფიქრობდნენ წამოსვლას. ამიწრიალდა გონება და რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე კვლავ გამერისკა. რადგან ოქტომბრამდე წინ მთელი ზაფხული იყო, ერთხანს დამავიწყდა კიდეც, რომ სადღაც მივდიოდი, სანამ ერთ დღესაც მესენჯერში ჯგუფი არ გამოჩნდა საოცნებო სახელით - "ჩინეთი".
სიებში დაკარგულები
წინასწარ გეტყვით, რომ ჩინეთში მოგზაურობა ქართველებისთვის ვაკეში ჩინეთის საკონსულოდან იწყება, სადაც ხანდახან მოვლენები ისე ვითარდება, ნებისმიერი შავი კომედიის სცენარისტს შეშურდება.
8 აგვისტოს ჯგუფის ჩატში ქეთისგან (ტურის ორგანიზატორი) დაგვხვდა შეტყობინება, რომელიც ხასიათით საბრძოლო ყიჟინას უფრო ჰგავდა. "9 აგვისტოს, 7.30 საათზე ყველა ჩინეთის საკონსულოსთან". ძილის წინ კიდევ ერთხელ ჩავხედე უკვე მერამდენედ გადაკითხულ სპეციალურ ანკეტას, სადაც მშობლების გარდა, მასპინძელი ქვეყანა ჩვენი ბებია-ბაბუების საქმიანობითაც ინტერესდება, ემანდ, რამე ისეთი არ ჰქონდეთ ჩადენილი, რომ მათ ნაჭამ ტყემალს შვილიშვილებისთვის არ მოეკვეთა კბილი, და საომრად შემართული დილაუთენია დანიშნულების ადგილისკენ გავემართე. საკონსულოსთან კანტიკუნტად ირეოდა ხალხი, ჩვენი ჯგუფის წევრების უმრავლესობა მოსულიყო. სიაში, რომელიც დიდი რუდუნებით გადაიცემოდა ხელიდან ხელში, 24-ე აღმოვჩნდი (წინასწარ ადგილის დაკავება არ შეიძლება, სიაში იწერება მხოლოდ ის პირი, რომელიც ადგილზეა). თურმე ნუ იტყვით და, ბედმა გამიღიმა, რადგან საკონსულო, რომელიც 10 საათზე იწყებს მუშაობას, გამგზავრების მსურველთა დოკუმენტებს მხოლოდ 12 საათამდე იღებს, ასე რომ, გარეთ მომლოდინეთაგან იღბლიანი შეიძლება მხოლოდ 30-35 კაცი აღმოჩნდეს. ამიტომ სიები სახალხო რესპუბლიკის საკონსულოსთან ღამის 1-2 საათიდან დგება. შემდეგ სიას შენობის კართან, კედლის ერთ ღრიჭოში ათავსებენ და ყველა შემდეგი მომსვლელი თავის გვარს წერს და სიას ადგილზე აბრუნებს. მას შემდეგ, რაც სიაში ადგილი დავიბევე, ჯგუფის წევრებს სადმე ყავის დალევა და დინჯად მუსაიფი შევთავაზე.
- არც ერთი ნაბიჯი გვერდზე, - მჭახედ გაისმა ქეთის ხმა, - ცოცხალი რიგია, ადგილზე თუ არ იქნებით, სიიდან ამოგშლიან!
- ანუ სამი საათი სულ აქ უნდა ვიდგეთ, სანამ არ გაიღება? - ამხელა თავგანწირვისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი.
- რა თქმა უნდა! თუ გინდათ ხვალ-ზეგ მოსვლამ არ მოგიწიოთ.
სხვა რა გზა მქონდა, ბურტყუნ-ბურტყუნით ვცდილობდი დრო მომლოდინეებთან საუბარში გამეტარებინა. საზოგადოება ჭრელი გახლდათ: კუნთმაგარი ბიჭები, თუ სწორად მახსოვს, მკლავჭიდელები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც მორიგ გამოფენაზე მიემგზავრებოდა, ერთი ექიმი თავის უცხოელ თანამგზავრთან ერთად და ჩვენ, ჩინეთში მოგზაურობის მსურველნი.
9 საათიდან ხალხის რაოდენობამ იმატა. საბოლოოდ 50-კაციან სიას "შემთხვევით" მოსულებიც დაუმატეს, რომლებსაც მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თადარიგის დაჭერა თუ იყო საჭირო. შენობასთან იმდენი ხალხი მოგროვდა, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი, ვერ წარმომედგინა ამდენი ხალხი თუ დადიოდა ცისქვეშეთში. საკონსულოს გაღების წინ ქუჩის ნაწილი უკვე გადავსებული იყო. ყველა ისე მშვიდად საუბრობდა, რომ მოვიწყინე და თვლემაც მომერია.
- თქვენ სიაში რა ნომერი ხართ? - გაისმა საბედისწერო კითხვა.
- მესამე, - დაუბრუნა პასუხი მოსაუბრემ.
- როგორ? მესამე მე ვარ.
- რას კადრულობთ, მე რომ მოვედი, თქვენ აქ არც იყავით.
- რას ჰქვია, არ ვიყავი! ღამის ორ საათზე მოვედი და სიაში თავი ჩავიწერე.
ატყდა აყალმაყალი და შეკრებილმა საზოგადოებამ სიაში თავის გადამოწმება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ნახევარი ხალხი სიაში არ იყო.
- სია გაყალბებულია! - იკივლეს უკნიდან. წამის მეასედში გავიფიქრე, რომ შემდეგი იქნებოდა "ჰკა მაგათ!" და რამდენიმე წუთის წინ ეს მშვიდი საზოგადოება უცებ სიაში მყოფებად და არმყოფებად გაიყო და სიტუაცია დაიძაბა.
- ხალხო, შეხედეთ, სქრინშოტიც კი გადავიღე, როცა ჩავეწერე. დამიჯერეთ, არ გატყუებთ, - ცდილობდა ერთი მამაკაცი ურწმუნოების დარწმუნებას.
- რა ვიცით, ეგ სქრინშოტი ნამდვილია? - არ ეპუებოდნენ ოპონენტები. ეგ არაფერს ნიშნავს, აქ ცოცხალი რიგია, მორჩა!
- არც მე ვყოფილვარ სიაში, - აღმოხდა ახალგაზრდა კაცს. თურმე ის და მისი მეგობარიც სხვა სიაში ყოფილან ჩაწერილი.
- ცოცხალი რიგია, ბატონო, და არ უნდა წასულიყავით, - ნიშნის მოგებით ეუბნებოდა ვიღაც.
- არსად წავსულვართ, ხალხო, აგერ, მანქანაში გვეძინა, 01 საათიდან აქ ვართ, - ამაოდ ცდილობდა ბიჭი თანაგრძნობის გამოწვევას.
- ესენი მატყუარები არიან! ჩვენი სია გააყალბეს ან შეიძლება დახიეს კიდეც. ფეხს შიგნით ვერ შედგამთ! - გამოგვენთო ორი ახმახი მამაკაცი, რომლებიც, როგორც ამბობდნენ, სიაში ჩასაწერად შუაღამისას მოსულან.
- ახლა ნახავთ, თუ ვერ შევდგამთ, - დასტაცა სიას ხელი ქეთიმ და საკონსულოს კარში ჩადგა. სიაში ჩაწერილები სასწრაფოდ გარშემო შემოვეწყვეთ "ძვირფასი მონაპოვრის" დასაცავად.
- თქვენ რატომ არ იღებთ ხმას? - მივუტრიალდი ფერდაკარგულ სპორტსმენებს.
- ჩვენ გვითხრეს, თუ ვიზა არ გექნებათ, არ დაგაფინანსებთო, - მიპასუხა ყველაზე გაბედულმა და თავი ჩაღუნა.
- ეს არის საქმე? ეს არის ხელისუფლება? - რამდენიმე წუთით აღარავის ახსოვდა ავადსახსენებელი სია და ყველა საქართველოს ბედკრულობაზე აყაყანდა.
თუმცა მორიგმა მომსვლელმა, როდესაც სიაში თავი ასევე ვერ აღმოაჩინა, დაპირისპირებული ბანაკები ისევ საბრძოლველად მოვემზადეთ. ამასობაში გაირკვა, რომ ღამით ვიღაცას "დედა" სია დაუხევია, ჩვენამდე კიდევ სამი სხვადასხვა სია ყოფილა, და ატყდა ისევ ჟრიამული.
- რადგან ჩვენ ვერ შევდივართ, არც თქვენ შეხვალთ, - გამოვიდა სიტყვით ლაბადიანი გოგო და ჩემ გვერდით მდგარმა ექიმის თანამგზავრმა ფერი დაკარგა.
- არ შეგეშინდეს, - ცდილობდა ექიმი მის დამშვიდებას, - ნახავ, ეს ყველაფერი დროებითია.
- ეს უმსგავსობა საკონსულოს ბრალია! რატომ არ არის ელექტრონულად წინასწარი ჩაწერა?! არც სკამია სადმე და არც ელემენტარული პირობები - ამევსო მოთმინების ფიალა მეც. სიტყვით გამოსვლა დამთავრებული არ მქონდა, რომ უცებ გვერდებში მუჯლუგუნები ვიგრძენი, - გაჩუმდით, რას ამბობთ, გაიგებენ და ვიზებს აღარ გვაღირსებენ, - ჩურჩულზე გადავიდა ხალხი.
- რას ჰქვია, არ მოგვცემენ! - არ ვეშვებოდი მე.
- არ მოგვცემენ, ქალბატონო, როგორც კი საყვედურს იტყვი, ისე გაგაწვალებენ.... მაგის მეტი რა ვიცით, - ამოიოხრა ერთმა.
როცა დავინახე, რომ ყველა თანხმობის ნიშნად თავს აკანტურებდა, გავჩუმდი. ამასობაში საკონსულოს კარიდან დაცვის პოლიციელმა თავი გამოყო, მალე გავიღებითო, და შიგნით მოსახვედრად ბრძოლა ახალი ძალით დაიწყო.
- რა ვქნათ, ბატონო! ჩვენ არ ვიცოდით, რომ არსებობდა სია ერთი, ორი, სამი და უთვალავი. როცა მოვედით, რაც დაგვხვდა, იმ სიაში ჩავწერეთ და მას შემდეგ ვდგავართ ცოცხალ რიგში. ან საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ აქ სიები იხეოდა?! - ვცდილობდი არგუმენტები მომეხმო. ახმახი მამაკაცები გაჩუმდნენ, თუმცა მალევე აყვირდნენ:
- მორჩა! ჯერ ძველი სიის ხალხი შევალთ და შემდეგ ესენი!
- ვინ არის შენი "ესენი", - გაწიწმატდა ჟღალთმიანი ქალი.
ამ დროს საკონსულოს კარი კვლავ გაიღო, გამოვიდა დაცვის პოლიციელი და განაცხადა, რომ მხოლოდ არსებული ანუ ახალი სიის მიხედვით დავარიგებთ ნომრებსო. შემდეგ გვარების ამოკითხვასა და ნომრების დარიგებას შეუდგა. ჩემი ნომერი, ყოველი შემთხვევისთვის, მუჭში კარგად ჩავბღუჯე. უცებ არსაიდან იმ ლაბადიანი გოგოს ხელი გადმოსწვდა, სია წაჰგლიჯა ხელიდან პოლიციელს და თვალის დახამხამებაში გადახია. ატყდა ისევ გაწევ-გამოწევა. ის იყო, ვიფიქრე, პატრულს ხომ არ გამოვუძახო-მეთქი, კარს უკან მიმალული პოლიციელი კვლავ გამოჩნდა, დღეს მიგიღებთ ყველას, გააკეთეთ დამატებითი სიაო. ეს სიტყვები ისე ომახიანად წარმოთქვა, აშკარად უხაროდა, მცირედის გაკეთება მაინც რომ შეეძლო თავისი ხალხისთვის.
- ასე არ ჯობია, - დაარღვია ჩამოწოლილი სიჩუმე ისევ იმ ახმახმა მამაკაცმა და სიის ჩამოწერაც დაიწყეს. ყველა ვეხმარებოდით, ვინმე რომ არ გამორჩენოდათ.
- გოგონებო, რამე ცივს ხომ არ მიირთმევთ? - მოგვიტრიალდა ერთი იმ ბატონთაგანი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ანათემას გადაცემა სურდა.
- უკვე მოვიტანე, - არ დაამთავრებინა სიტყვა მისმა თანმხლებმა, რომელმაც იქვე უკვე გაღებული მაღაზიიდან ერთი შეკვრა ცივი წყალი მოარბენინა. ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ბრბოსგან აღარაფერი იყო დარჩენილი. გაისმა კითხვები, "რომელ ქალაქში მიდიხარ? თუ რამეა, იქ მეგობრები მყავს" და ა.შ. შენობიდან უკვე გამოსულმა რამდენიმე კაცმა ისიც იკითხა, საბურთალოსკენ ხომ არავინ მიდიხართ, გაგიყვანთო. ყველაზე ბედნიერი კი მაინც სპორტსმენები იყვნენ, თუმცა ემოციების გამოხატვის ერიდებოდათ, თავდახრილები იღიმოდნენ, რომ სანატრელ ასპარეზობაზე წასვლას შეძლებდნენ.
- 20 წლის წინ, როცა აქედან წავედი, მაშინაც ასეთები ვიყავით, რაღაცნაირები... ახლაც ზუსტად ისეთები ვართ, - ღიმილი მოეფინა ექიმს და თავის თანამგზავრს ამაყად გადახედა.
ჩემი რიგიც მოვიდა და, პასპორტისთვის ზეგ მოდითო, მოკლედ მომიჭრა საკონსულოს თანამშრომელმა და ქვითარი მომაწოდა საკონსულოს მოსაკრებლის გადასახდელად. როცა გამოვდიოდი, დაცვის პოლიციელს ისე დავემშვიდობე, როგორც დიდი ხნის მეგობარს.
მოგვიანებით, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ჩემი თანამემამულეები გამახსენდა, ჩინეთის ვიზის გამო ღამეს მანქანაში რომ ათევდნენ ან შუაღამისას კარის ღრიჭოდან ამოღებულ სიაში საკუთარ თავებს საგულდაგულოდ რომ წერდნენ.
აეროპორტში
4 ოქტომბერს დათქმულ დროს აეროპორტში ვიყავი ჯანმრთელობის დეკლარაციის შესაბამისი კოდითა და პასპორტში ჩინეთის ვიზით. სამსაათიანი ფრენის შემდეგ დოჰას (კატარი) განთქმული აეროპორტის დასათვალიერებლად დრო საკმარისად გვქონდა - 9 საათი. ცნობილი ბრენდების მაღაზიებში დავხეტიალებდი და ნერწყვს ვყლაპავდი, თუმცა თავს ვიმშვიდებდი, რომ ამას მხოლოდ თანამედროვე მოდის ტენდენციების გასაცნობად ვაკეთებდი. დადიხარ აეროპორტში, სადაც გადასაადგილებლად მთელი მატარებელი დადის, ირგვლივ საოცარი სისუფთავეა, დაწკრიალებულ საპირფარეშოებს რომ უყურებ, გინდა თუ არა, მშობლიური აეროპორტი გახსენდება ბინძური სველი წერტილებით და გული გეკუმშება.
დღე პირველი
დოჰიდან 7-საათიანი ფრენის შემდეგ, 5 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქში დავდგით ფეხი. ხანგრძლივი მგზავრობით ქანცგაწყვეტილებმა გმირულად ავიტანეთ ათასნაირი შემოწმება და ბოლოს გიდიც დავინახეთ. როცა პირველად ჩავისუნთქე ბეიძინგის (ასე უწოდებენ ჩინეთში დედაქალაქს) ჰაერი, მივხვდი, რომ მიწაზე უკვე მყარად ვიდექით და წინ მხოლოდ დასვენება და ორი დღის მონატრებული ვახშამი გველოდა. სანატრელ ვახშამზე რა გითხრათ, მაგრამ წინ იმედგაცრუება კი ნამდვილად მელოდა. ავტობუსში თავიდან ვერც გავერკვიე, სად ვიყავი, განცდა მქონდა, რომ ქვეყნის დასალიერში კი არა, აქვე ახლოს, თემქაზე გახლდით, ისე ძალიან ჰგავდა ბეიძინგის შენობები ჩვენს საბჭოურს. მივდიოდით ტრასაზე და პეიზაჟი არ იცვლებოდა, შენობები რუხ ან ჩვენი "ჰუალინგის" ფერებში. სად არის ის პეკინი, ფოტოებში რომ ვხედავდი, ან როგორ შეიძლება ეს უკაცრიელი პროსპექტები 22-მილიონიანი ქალაქის იყოს? - ამეშალა არცთუ ისე სასიამოვნო ფიქრები.
- ჩინეთის დამოუკიდებლობის დღე და მთვარის დღესასწაული წელს დაემთხვა, ამიტომ ჩვენ ერთი კვირა უქმე გვაქვს, შესაბამისად, ხალხი სახლებშია, - გამომარკვია გიდის ხმამ და უცებ ჩამოარაკრაკა რამდენიმე სტანდარტული მონაცემი ქალაქის შესახებ. მისგანვე გავიგეთ, რომ ბეიძინგში სატრანსპორტო საშუალებების ნომრები ორფერიანია: მწვანენომრიანი მანქანები ელექტრომობილებია, ამიტომ მათ ყოველდღე შეუძლიათ სიარული, ხოლო ლურჯნომრიანებს, ანუ საწვავზე მომუშავეთ, გარკვეულ დღეებში (ეს დამოკიდებულია, ნომრები ლუწი აქვთ თუ კენტი).
- ამით ჩვენში საცობების პრევენცია ხდება, - დაამატა გიდმა ამაყად.
რადგან გარეთ სანახავი არაფერი იყო, მთელი ჯგუფი თავს იმით იქცევდა, სამშობლოში დაბრუნების წინ ვინ რას შეიძენდა იაბალოუზე (საბითუმო სავაჭრო ცენტრებით ცნობილი ქუჩა), ჯგუფის ერთ წევრი იქაური ნაცნობის ტელეფონის ნომრითაც იყო შეიარაღებული. ამ ჟრიამულში არ ჩავრთულვარ, თუმცა რამდენჯერმე ტელეფონში დოჰის აეროპორტში გადაღებულ ლუი ვიტონის ჩანთას დავხედე. ის იყო, წარმოვიდგინე იაბალოუზე ჩანთების მაღაზიაში იმ ჩანთის ხსენებაზე როგორ მაცდურად გამიღიმებდა "ჩვენი ალიოშას" მეგობარი და სადღაც ბნელი კუთხიდან საოცნებო ჩანთას ამოიღებდა, აი, ისეთს, თავად ლუი ვიტონიც რომ ვერ გაარჩევდა, გიდმა შემოგვძახა, სასტუმროში მოვედითო.
სასტუმრო დიდი და ჩახჩახა იყო, ჰოლს პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი დიდი ტილოები ამშვენებდა. ბარგი დავაწყვეთ და ნახევარ საათში, ყველანი გარეთ ვიყავით.
ეძიებდე და პოვებდე
ჩვენი სამოქმედო პროგრამის მიზანს წარმოადგენდა როგორმე ვახშმობა, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ იყო, რადგან ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა - მშრომელები ისვენებდნენ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიარეთ უიმედოდ. ბოლოს ერთ ქუჩაზე ხილის დახლები შევნიშნეთ. სასოწარკვეთილმა გავიფიქრე, ორი დღის მშიერმა აქაურ ლეღვზე როგორ გადავიარო-მეთქი, და ცოტა მოშორებით სინათლეს მოვკარით თვალი. მალე ვიტრინებიც გამოჩნდა ნაირ-ნაირი კერძის ფოტოებით. ვიტრინიდან შიგნით რომ შევიჭყიტეთ, დაფებზე ხორცის ნაჭრებს მოვკარით თვალი, ადგილიც სუფთა ჩანდა. ბევრი აღარ გვიფიქრია, ვიხუვლეთ და, შევცვივდით ყიჟინით, საჭმლის დანახვაზე აღარაფერი გვახსოვდა. ჟივილ-ხივილით შევუდექით მენიუში კირკიტს, ადგილობრივები მხოლოდ ჩინურად საუბრობენ (არც ერთი სხვა ენა არ იციან და არც სურთ იცოდნენ), ამიტომ კარგა ხანი დაგვჭირდა კერძებში გასარკვევად. საბოლოოდ თევზი და პელმენი შევუკვეთეთ მწვანილის გულსართით და ყველაზე დიდ მრგვალ მაგიდას მივუსხედით. მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ "სასადილოში" ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა, განსაკუთრებით მზარეული ქალები, ცომის საბრტყელებელი ჯოხებითა და ფქვილიანი ხელებით ჩვენს სანახავად გამოსულნი. სავარაუდოდ, უცხოელები მათ "ოჯახში" უცხო ხილი იყო. ვახშამი იმდენად გემრიელი იყო, აღარ გვადარდებდა ტელეფონები, რომლებითაც სხვა მაგიდებიდან ვითომ მალულად გვიღებდნენ. სუფრაზე აღმოჩნდა, რომ ჯგუფის წევრ ცოლ-ქმარს ქართული კონიაკი წამოუღია და მალე ბეიძინგის ერთ მყუდრო და ნახევრად ბნელ უბანში ქართული სადღეგრძელოებიც გაისმა.
რადგან მსუყე ვახშმის შემდეგ დაღლილობამ გადამიარა, ჯგუფის ერთი ნაწილი ავიყოლიე და მიმდებარე ქუჩების შესწავლა გადავწყვიტეთ. ასე აღმოვჩნდით ბეიძინგის ძველ კვარტალში, სახელად, "ხუტუნში". გაკვირვებული დავხეტიალებდით ვიწრო ქუჩებში და თავი ჩინური სერიალის გმირები გვეგონა. ჩინეთში ჩვენი მოგზაურობა გრძელდებოდა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)