"ზამთარიც, სავარაუდოდ, თბილი იქნება“ - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი საქართველოში
მართლაც რომ უჩვეულო გაზაფხული და ზაფხული გვქონდა, ჯერჯერობით შემოდგომაც უჩვეულოდ თბილია. როდემდე გაგრძელდება ეს და როგორი ნოემბერი გველის, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება:
- ნოემბერიც საკმაოდ თბილი გვექნება, განსაკუთრებით, პირველი და მეორე დეკადები. მრავალწლიან მონაცემებს თუ შევადარებთ, წლევანდელი ნოემბერი 2 გრადუსით თბილი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ერთეულ დღეებში ან არ იწვიმებს, ან ტემპერატურა არ დაიწევს.რაც შეეხება ნალექს, თუ ნორმებს შევადარებთ, ყოველთვის დასავლეთი საქართველო უფრო მეტად წვიმიანია, ვიდრე აღმოსავლეთი. თუმცა ჩვენი პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ნორმაზე ნაკლები ნალექი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ნოემბერი ნორმაზე ცოტა მეტად წვიმიანი. ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 26-27 გრადუსს მიაღწიოს, უფრო ნოემბრის პირველ ნახევარში. 20 რიცხვის შემდეგ უფრო აცივდება. ბუნებრივიცაა, ზამთარს მივუახლოვდებით. ცალკეულ დღეებში ღამით შიდა ქართლში, გორი, აგარა, მუხრანისკენ, შესაძლებელია ტემპერატურამ -3, -4 გრადუსამდეც დაიწიოს ცალკეულ დღეებში.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს-ტემპერატურა არ იქნება. მთიან და მაღალმთიან საქართველოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მთებში, ტემპერატურის მინუსამდე დაწევა უფრო მეტად არის მოსალოდნელი.
- ნორმას როგორ ადგენთ?
- 20-30-წლიანი რიგით. მაგალითად, თბილისის ნორმა რომ ავიღოთ დღეღამური საშუალო ტემპერატურის მიხედვით...
- დღეღამური საშუალო ტემპერატურაც ავხსნათ...
- დღეღამური საშუალო ტემპერატურა არის ყველაზე მინიმალური ღამის ტემპერატურა და ყველაზე მაქსიმალური დღის ტემპერატურა რაც დაფიქსირდა, მათი საშუალო გამოანგარიშდება. ყოველდღიური საშუალო ტემპერატურები თვის განმავლობაში შეიკრიბება და გამოანგარიშდება მთელი თვის საშუალო ტემპერატურად. ოქტომბერი ჩამთავრდა, გამოვიანგარიშებთ და მივიღებთ თბილისის 2023 წლის ოქტომბრის საშუალო ტემპერატურას. ეს საშუალო ტემპერატურები 20-30 წლის განმავლობაში გამოანგარიშდება და საშუალოარითმეტიკული გამოითვლება - ასე მიიღება ნორმა. ნორმა თბილისის შემთხვევაში არის 22-23 გრადუსი, საშუალო ტემპერატურა ნოემბრის განმავლობაში 24-25 გრადუსი იქნება.
- ზაფხულიც ნორმაზე თბილი იყო.
- დიახ, ზაფხული ცხელი გვქონდა, თუმცა ივლისი გრილი იყო, ცხელმა პერიოდმა ნორმიდან ცოტა უფრო გადაიწია. ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყო სიცხე და კულმინაციას აგვისტოში მიაღწია - აგვისტოში 3-4 გრადუსით მაღალი იყო ნორმასთან შედარებით.
- კი თავს იკავებთ, რომ მითხრათ, მაგრამ ცხელი ზაფხულისა და თბილი შემოდგომის შემდეგ მოლოდინი მიჩნდება, რომ ზამთარიც ჩვეულზე თბილი იქნება...
- სეზონური პროგნოზი ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესზე - ელ-ნინიოზე. ელ-ნინიო ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, რომელიც მაისის თვეში გამოჩნდა, დაიწყო განვითარება და აგვისტოდან აქტიურ ფაზაში შევიდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ელ-ნინიოს ზემოქმედება დედამიწაზე მაისამდე აქტიური იქნება. თუმცა ამინდის პროგნოზი მხოლოდ ელ ნინიოზე არ არის დამოკიდებული. ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება ხელი შეუშალოს და ელ-ნინიომ დიდი ზეგავლენა ვეღარ მოახდინოს მომდევნო პერიოდზე. მართალია, ელ-ნინიო მაისის ჩათვლით იქნება აქტიური, თუმცა ახლა არ შეიძლება დაბეჯითებით თქმა, რომ ამ პერიოდში სულ ნორმაზე მაღალი ტემპერატურა გვექნება - ელ-ნინიომ განვითარება 2023 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ ივნისის თვე გრილი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ელ-ნინიო უკვე აქტიური იყო ამ პერიოდისთვის, ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა გავლენა იქონია და ელ-ნინიომ ტემპერატურაზე ისეთი ზეგავლენა ვეღარ მოახდინა. მოკლედ, ზამთარიც, სავარაუდოდ, თბილი იქნება, თუ ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ იქონია ტემპერატურაზე.