„წყლის მებრძოლი“ წყალს დაუბრუნდა! - კვირის პალიტრა

„წყლის მებრძოლი“ წყალს დაუბრუნდა!

კვიპროსში რამდენიმე დღის წინ დასრულებული საერთაშორისო ტურნირიდან საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრები 16 მედლით დაბრუნდა. თავისი წილი ოქრო-ვერცხლი ლიმასოლიდან 19 წლის ალექსანდრე წივწივაძემაც წამოიღო. რუსთაველი ნიჩბოსანი მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია ახალგაზრდებში და საშუალო სიძლიერის ტურნირზე მისი გამარჯვება რა გასაკვირია, თუმცა... ეს ოქრო ორმაგად ფასობს! მიმდინარე წლის მარტში ალექსანდრე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, რამდენიმესაათიანი ოპერაცია დასჭირდა (ბარძაყის ძვლისა და მხრის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა) და ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა. ამ ფონზე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება უპირველესად სწორედ თვითრწმენის დასაბრუნებლად იყო აუცილებელი. დაიბრუნა კიდეც და ნიჩბოსანთა დინასტიის (ალექსანდრეს ბაბუა და მამაც ნიჩბოსნები იყვნენ) ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი, ალექსანდრე წივწივაძე თავიდან შეუყვება გზას, რომელმაც ხუთი წლის შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონობამდე უნდა მიიყვანოს:

- კვიპროსში განსაკუთრებულად ძლიერი კონკურენტები არ მყოლია. თუმცა მძიმე დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საერთაშორისო ტურნირზე დაბრუნება და გამარჯვება სასიამოვნოა. არც ფიზიკურად გამჭირვებია, რადგან ჯერ კიდევ ვერიდები მთელი ძალით დატვირთვას, ვუფრთხილდები სხეულს. მომავალი დიდი ტურნირების წინ ეს ასპარეზობა მცირე მოთელვა იყო, ამჟამინდელი კონდიციის შემოწმება.

- ვიცი, რომ არ გსიამოვნებს ავტოსაგზაო შემთხვევის გახსენება...

- მოტოციკლით გადაადგილებისას მსუბუქი ავტომანქანა დამეჯახა და რუსთავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოვხვდი. საბედნიეროდ, ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი გამოდგა საკმარისი.

- გაიხსენე პირველი რეაქცია, როცა მძიმე დაზიანებების შესახებ გითხრეს.

- რთულია ოპტიმიზმის შენარჩუნება, როცა ამდენი ტრავმა გაქვს. თუმცა სპორტიდან წასვლაზე წამითაც არ მიფიქრია, არც დამიშვია კარიერის დასრულება... პირიქით, დავიწყე გამოთვლა, როდის შევძლებდი ვარჯიშის განახლებას. ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა, ორგანიზმმაც სწრაფად მოახერხა გამოჯანმრთელება და მოსალოდნელზე სწრაფად დავუბრუნდი საყვარელ საქმეს. მადლიერი ვარ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის, რომლებსაც უდიდესი წვლილი აქვთ ჩემს სწრაფ გამოჯანმრთელებაში. დიდი მადლობა ჩემს პირად რეაბილიტოლოგს თეონა ბოსტაშვილს, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას.

- მოტოციკლის მართვისას დაშავდი: კანოეთი რომ სხვებზე სწრაფად სრიალებ, უკვე ვიცით, მაგრამ, როგორც ჩანს, სისწრაფე ხმელეთზეც გიყვარს!

- სწრაფად, მით უმეტეს სარისკოდ, არ ვმოძრაობ. გამოძიებითაც დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ჩემი ბრალეულობა არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, მოტოციკლი ვიზუალურად უფრო მომწონს, ვიდრე იმის გამო, რომ მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.

- ნიჩბოსნობას დავუბრუნდეთ: ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ხარ, გამორჩეულად რომელი გამარჯვება გახსენდება?

- დიდი ტურნირების მოგება ყოველთვის დიდი სიხარულია, მაგრამ გამორჩეულად მახსოვს ოლიმპიური იმედების“ ტურნირში ნაჩვენები შედეგი: ასპარეზობაში, სადაც მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობენ, 15 წლისა ჩავერთე და ოქროს მედალი სამივე დისტანციაში (1000, 500 და 200 მეტრი) მოვიგე!

- ახალგაზრდებში ეს უნიკალური შედეგია. უფროსებს შორისაც?

- დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა არ მსმენია, ვინმეს ერთ ტურნირზე სამივე დისტანცია მოეგოს. უფროსებში გადასვლის შემდეგ ნიჩბოსნების უმეტესობა ერთ რომელიმე დისტანციას ირჩევს და იქ აგრძელებს ასპარეზობას. მე თავიდანვე შემაჩვიეს დიდ მანძილზე ბრძოლას და არც მოკლე გაცურვებში მიჭირს.

- ნიჩბოსანს ფიზიკური მონაცემები ყველა ეპოქაში სჭირდებოდა. თუმცა დღეს, როცა ფიზმომზადების, აღდგენითი პროცესებისა თუ სპორტული ინვენტარის დახვეწილობამ უმაღლეს დონეს მიაღწია, რა განსხვავებაა შენი ბაბუის/მამის დროინდელსა და თანამედროვე ნიჩბოსნობას შორის?

- პირველ რიგში, ინვენტარია განსხვავებული: ხის ნავებისაგან განსხვავებით, თანამედროვე კარბონის ნავები ბევრად დახვეწილია როგორც მასალის სიმსუბუქით, ისე სისწრაფითა და დიზაინით. ფიზიკური მონაცემები კი ადრეც საჭირო იყო და თანამედროვე სპორტშიც აუცილებელია. ბაბუისგან ბევრჯერ მომისმენია, ოლიმპიურ ჩემპიონს ხუთი თვისება სჭირდებაო: ტექნიკური და ფიზიკური მომზადება, გამძლეობა, „წყლის გრძნობა“ და ნიჭი.

- განწყობის სპორტსმენი ვარ, ჩემი შედეგებიც ხშირად ხასიათზეა დამოკიდებულიო, ამბობ. რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად იცვლი ინტერესებს, შესაძლოა ერთ დღეს ნიჩბოსნობაც "მოგბეზრდეს" და ახალ საქმეს მიაშურო?

- მთლად ასეთი მრავალფეროვნებაც არ მიყვარს. პატარა გატაცებები, ჰობი, კი ბატონო, შესაძლოა დღეს ბილიარდის თამაში მომწონდეს, ხვალ ფრენბურთის, მაგრამ ნიჩბოსნობა იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება ჩემი მთავარი საქმე! ფაქტია, მაქვს ნიჭი და საქმის შუა გზაზე მიტოვება ძალიან არასწორი იქნება.

- სკოლის საგნებს ყოველთვის კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა მერჩივნაო... ყველაზე მნიშვნელოვანი რა წაიკითხე?

- მომწონს წიგნები, შენს თავს უკეთ რომ შეგაცნობინებენ. სარეაბილიტაციო პერიოდში უმეტესად მოტივაციასთან, შინაგან განწყობასთან დაკავშირებულ წიგნებს ვკითხულობდი. ახლახან დავასრულე ჯოზეფ მერფის "გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები". ეს ნაშრომი გვასწავლის, როგორ შევიქმნათ მოტივაცია. ავტორი გვეუბნება, რომ შეცდომაა ტურნირზე ისეთი განწყობით გასვლა, რომ აუცილებლად ჩემპიონი უნდა გახდე. თუ ასეთი მოლოდინის შემდეგ წააგებ, შესაძლოა ვეღარასოდეს შეძლო სპორტზე კონცენტრირება... ამა თუ იმ დისტანციაზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად გავდივარ. თუ ბოლომდე დავიხარჯე და მაინც წავაგე, გული არ დამწყდება, რადგან ყველა ძალა ვიხმარე, რაც შემეძლო.

- ავტოსაგზაო შემთხვევა ერთგვარი წყალგამყოფი იქნება შენს ცხოვრებაში: სანამ ვერ ვარჯიშობდი, სხვანაირად დააფასებდი, ახლებურად დაინახავდი რაღაცებს...

- ძალიან გამიმართლა, შედარებით იოლად რომ გადავრჩი. თუმცა, თუ აქამდე თანამიმდევრობით მივყვებოდი „"გრაფიკს", ეტაპობრივად ვაუმჯობესებდი შედეგებს, იძულებითი შეფერხების შემდეგ მიზნის მისაღწევად გაცილებით მეტი დრო დამჭირდება.

- ახალგაზრდულ ასაკში მიღწეული წარმატება ავანსიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც - მიღწეულს შენარჩუნება სჭირდება, ასაკობრივი ჩემპიონატების შემდეგ კი უფროსების ტურნირებშიც წარმატებას ელიან...

- შარშან გავედი კიდეც 500-მეტრიანი დისტანციის ფინალში (იმ ტურნირზე ევროპის თამაშების ლიცენზიაც თამაშდებოდა) და გამარჯვებულს მხოლოდ 4 წამით ჩამოვრჩი. ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ როცა ფორმას აღვიდგენ, უფროსების ტურნირებზეც მექნება წარმატების შანსი.

- ხარ წარმატებული და სიმპათიური ახალგაზრდა, რომელიც სულ ყურადღების ცენტრშია... პოპულარობა ხელს ხომ არ შეგიშლის განვითარებაში?

- ვერ შემიშლის, რადგან სხვანაირი განწყობით ვუყურებ ამ ყველაფერს. ვეთანხმები ფსიქოლოგებს, რომლებიც ამბობენ, წარმატებასაც გადალახვა უნდაო. თავის გაკონტროლება უნდა შეგეძლოს, უნდა ისწავლო, როგორ გაუმკლავდე წარმატებას... ამჟამად ნიჩბოსნობის გარდა არაფერი მაინტერესებს და დიდი იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. სხვათა შორის, ობიექტურ კრიტიკას ყოველთვის ვუსმენ და ვითვალისწინებ...

- წყლის გარეშე ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმ ორ კვირას ძლებს... ნიჩბოსანი რამდენ ხანს გაძლებს წყლის გარეშე? რა არის შენთვის წყალი?

- წყალი ჩემი სახლია, ჩემი სტიქია, რომელსაც დაბადებიდან ვუყურებ! ურთულესი პერიოდებიც და ყველაზე ემოციური წუთებიც, ცუდიც და კარგიც, ყველაფერი წყალს უკავშირდება.

- შენს მკლავზე გაკეთებული სვირინგიც?

- დიახ, ეს მაორების ტატუა, „წყლის მებრძოლს“ ნიშნავს.

- ერთ ინტერვიუში თქვი, განსხვავებული გარეგნობა მაქვს და ვაპირებ, მსახიობობაც ვცადოო. სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაბარებასაც გეგმავდი...

- როცა ყოველდღიურად 5-6 საათს უთმობ ვარჯიშს და სპორტში დიდი გეგმები გაქვს, რთულია, ამას სწავლაც შეუთავსო... მაგრამ როცა შესვენების პერიოდი მექნება, სურვილს აუცილებლად ავისრულებ.

- რუსთაველი სპორტსმენისთვის ორმაგად სასიამოვნო უნდა იყოს, მისი მშობლიური ქალაქი ნიჩბოსნობის მთავარ კერად რომ ყალიბდება...

- რუსთავი სულ იყო "მეგობრობის ქალაქი", მაგრამ ბოლო წლებში, „ჩემპიონების ქალაქსაც“ უწოდებენ, რადგან არაერთი წარმატებული სპორტსმენი გვყავს: გიორგი სარდალაშვილი, ლაშა გურული, ალექსანდრე წივწივაძე და სხვ. ძიუდოში, კრივში, სხვა სახეობებში ჩვენს ქალაქში ბევრ პერსპექტიულ სპორტსმენს ზრდიან. რაც შეეხება ნიჩბოსნობას, წამყვანი სახეობაა თუ არა, ვერ გეტყვით, თუმცა გამორჩეული ნამდვილად არის! ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ყველა რუსთაველმა იცის ნიჩბოსნობისა და მისი წარმატების შესახებ.

- სპორტის რამდენიმე სახეობა ძალიან ახლოს არის ქართულ ხასიათსა და ტრადიციებთან (განსაკუთრებით საჭიდაო, საბრძოლო, ძალისმიერი სახეობები). ნიჩბოსნობაზე რას იტყვი?

- ქართველებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი ხასიათი ნიჩბოსნობაშიც აუცილებელია. სპორტული ჟინით, ცოტათი „გაბრაზებული“ რომ იწყებ ასპარეზობას, მოტივაციას ესეც გმატებს. ჩემი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ქართული ხასიათიც არის - არასდროს ვნებდები! არ მაინტერესებს, ვის რამდენი წამით ვუსწრებ ან ჩამოვრჩები, მხოლოდ წინ ვიყურები ხოლმე.

- ვიცი, რომ ბაბუასა და მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებს. მათი უდიდესი დამსახურებაა, ნიჩბოსანი (თანაც, ძალიან წარმატებული!) რომ ხარ. შენი ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტები სპორტს უკავშირდება თუ ოჯახის წევრებს?

- ჩვენს სპორტს, ანუ - ჩვენს ოჯახს... ოჯახის წევრებზე მეტად ვის უხარია ჩვენი წარმატება?! მით უმეტეს, თუ მწვრთნელიც ოჯახის წევრია... სამწუხაროდ, ბაბუა, დიდი ალექსანდრე წივწივაძე, ვისი დამსახურებაც არის ნიჩბოსანი რომ ვარ, ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას. ხშირად ამბობდა ხოლმე, ეს ბიჭი ბევრს მიაღწევსო! ეს სიტყვები სულ მახსოვს და დიდ პასუხისმგებლობას მმატებს ოჯახის, მთელი საქართველოს წინაშე...როცა სულ იმარჯვებ და თამასა უმაღლეს ნიშნულზეა, დამარცხების უფლება აღარც გაქვს... რაც შეეხება მამას, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ის პირველად იყო ჩემ გვერდით, სიხარულს ვერ მალავდა და ყველაზე ბედნიერი მომენტი, ჩემთვისაც ეს იყო...

- ვიცი, რომ მამა მკაცრი მწვრთნელია... ვარჯიშის დროსაც და სახლშიც სპორტზე გელაპარაკება?

- როცა მამა შენი მწვრთნელია, სხვებთან შედარებით ათჯერ მეტს ითხოვს შენგან! ცხადია, რთული იყო ვარჯიშზეც და სახლშიც სულ სპორტზე ლაპარაკი (ამჟამად ცალკე ვცხოვრობ), მაგრამ მთლიანობაში ძალიან გამიმართლა, მამა ჩემი მწვრთნელი რომ არის! საუკეთესო სპეციალისტი და ადამიანია, ყველაფერს გაგიგებს, სულ შენ გვერდით იქნება... ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა, ასეთი მამა და მწვრთნელი რომ მყავს.

- ვინც შენი სპორტული მიღწევები არ იცოდა, გაგიცნო სატელევიზიო შოუდან "ცეკვავენ ვარსკვლავები". როგორ მოხვდი და რა მოგცა ამ პროექტმა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, მე და ცეკვას რამე თუ დაგვაკავშირებდა. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ დასვენების პერიოდი მქონდა. ვიფიქრე, სპორტიდან ცოტა ხნით მაინც გადავიტან ყურადღებას-მეთქი და როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, დავთანხმდი. კარგად გავერთე, ბევრი ადამიანი გავიცანი. საბოლოოდ, არც მინანია - პროექტმა ბევრი კარგი ნაცნობი და მოგონება დამიტოვა.

- სამსახურში მიღებისას გასაუბრებაზე რომ ეკითხებიან ხოლმე კანდიდატებს, ისეთი კითხვა უნდა დაგისვა: 5 წლის შემდეგ სად ხედავს თავს ალექსანდრე წივწივაძე?

- ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე! სწორედ ხუთი წლის შემდეგ გაიმართება მომდევნო ოლიმპიადა. ასე რომ, 2028 წლის ოლიმპიური თამაშებია მთავარი სამიზნე! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პირველი ვიყო.