„ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში“ - კვირის პალიტრა

„ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში“

კობი ჰალპერინი - დიზაინერი, ფრანგული მოდის სახლის "მანუელ უნგაროს" ქალის კოლექციების ხელმძღვანელი, ცნობილია დიზაინის უნიკალური ხედვითა და დეტალების სიყვარულით. ეროვნებით უნგრელ-ებრაელი დიზაინერი მუდმივად ძიების პროცესშია. მისი მიზანი კულტურული მემკვიდრეობისა და ძველი ქსოვილების ახლებურად გაცოცხლებაა. ამჟამად კალიფორნიაშია და ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს:

- ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში, თქვენი ქვეყანა ჩემი სამოგზაურო ქვეყნების სიაშია.

- დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ. ისრაელში დაიბადეთ და გაიზარდეთ, ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას თქვენს ქვეყანას, ალბათ, გსურთ თქვენი ემოციები, ფიქრები, აზრები სხვა ადამიანებს გაუზიაროთ.

- გეთანხმებით, ასეა. ჩემი შთაგონების წყარო ყოველთვის ბავშვობა იყო. მე ისრაელში დავიბადე, მაგრამ ჩემი მშობლები უნგრელები არიან. როცა ბავშვობის მოგონებებზე ვსაუბრობ, მახსენდება უამრავი ფერადი ქსოვილი, ხელით ნაკეთობები. ისრაელში მრავალფეროვანი კულტურა იყრის თავს. კულტურული მიქსი ნამდვილად ახდენს გავლენას ჩემს ესთეტიკურ გემოვნებაზე, ჩემი, როგორც დიზაინერის უნარებზე, რადგან ევროპა ძალიან საინტერესოა, თუმცა მე მუდმივად ვიკვლევ, ვიძიებ სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს. მძაფრი მოგონებები მაქვს ბებიაჩემის სახლზე, რომელიც ჩემთვის განძეულით სავსე სკივრს ჰგავს. შთაგონებისთვის ყოველთვის იქ მივდივარ. ეს ნოსტალგიაც არის.

ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, წარსულზე უკეთესია, მაგრამ, როდესაც სამოსზე, მოდაზეა საუბარი, ვფიქრობ, ჩვენ რაღაც დავკარგეთ. მუდმივად ვცდილობ ისტორიის პატარა ნაგლეჯი შემოვიტანო თანამედროვეობაში, დავანახო ის თანამედროვე ქალს.

- ამბობთ, რომ განსხვავებულ კულტურებს იკვლევთ. საქართველო თქვენთვის მართლაც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან თბილისი მულტიკულტურული ქალაქი იყო და ახლაც არის.

- მსმენია თბილისზე და მინდა ჩამოვიდე, მოვიარო ისტორიული და საინტერესო ადგილები. მიყვარს ადამიანები, მეამაყება ჩემი ეროვნება, ებრაელობა, და მაინტერესებს ყველა განსხვავებული კულტურა. მოგზაურობის მიზანი ხშირად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას ვგეგმავ. თუ მარაკეშში ვარ, იქაური ქსოვილებით, კულტურით, ისტორიით ვინტერესდები, თუ სარდინიაში, კუნძულისთვის დამახასიათებელ ფერებს ვიკვლევ, ყველა ქვეყანა მაინტერესებს და ზოგჯერ მოულოდნელად იშლება წინ უამრავი შესაძლებლობა, იბადება იდეები. ყველაზე დიდ სიამოვნებას ამ დროს განვიცდი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის შვილებსა და კულტურას ვეცნობი. Mმე ამერიკელიც ვარ და "კოვიდის" პერიოდში, როდესაც მოგზაურობა შეუძლებელი იყო, ამერიკის ადგილობრივ მკვიდრებს ვიკვლევდი.

დღეს პოლიტიკამ მთლიანად მოიცვა მსოფლიო, მაგრამ მე, როგორც დიზაინერს, მაქვს იმის ფუფუნება, რომ ესთეტიკური ხედვით ვუყურო სამყაროს, შევისწავლო და ვიფიქრო იმაზე, რაც მომწონს, და ახლებურად გადმოვცე ჩემი მოგონებები.

wifur2-1699191045.jpg

- ძალიან სასიამოვნოა, რომ კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევთ და გინდათ თანამედროვეობაში შემოიტანოთ. პოლიტიკამ და სოციალურმა გარემოებებმა რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მოდაზე?

- ახლა, ამ მომენტში, ძალიან რთულია არ ვფიქრობდე ჩემს ქვეყანაზე. ძალიან ძნელია ახლა რაიმეს შექმნა, რამეზე ფიქრი, გარდა ისრაელისა, და ახლა, როცა კალიფორნიაში ვარ, მომხმარებლებთან მაქვს შეხვედრები, დავდივარ შოურუმებში, ძალიან მიძნელდება მოდის დღესასწაულის გამართვა, როცა ჩემს ქვეყანაში და უკრაინაში ომია, მაგრამ მეორე მომენტში ვაანალიზებ, რომ ადამიანების ინსტინქტია იცოცხლო, იზეიმო და ამ რთულ დღეებში მოდა, სამოსი ჩემთვის ფარივით არის, შესაძლებლობა, რომ გავაგრძელო ცხოვრება.

მე დავდივარ სხვადასხვა ადგილას, არ გავურბივარ ომზე საუბარს, დაუფარავად ვლაპარაკობ ჩემს სატკივარზე. "კოვიდმა" დაგვანახა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა, შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და დათმობა.

ძალიან მიმძიმს ომზე საუბარი, რადგან მე ვარ იმ ადამიანების შთამომავალი, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ვიცი ჩემი ოჯახის ისტორია და დღეს როდესაც ვუცქერ სისხლის ღვრას, ეს შემზარავია. ყველა რელიგია ერთს გვასწავლის, ვიყოთ კარგი ადამიანები, ვაკეთოთ სიკეთე. იმედია, მომავალში ჩვენი შვილებისთვის უკეთეს სამყაროს შევქმნით.

- რა არის სილამაზე თქვენთვის?

- დღეს, როდესაც ძალიან ბევრი უბედურების მოწმენი ვართ, სილამაზეზე საუბარი ნუგეშია, დაწყებული ბუნებით, რომელიც შთაგონების უდიდესი წყაროა ახალი იდეებისთვის. სილამაზე კაცობრიობისთვის საჩუქარია. სამოსიც სილამაზეა, როდესაც თავს ბედნიერად, თავდაჯერებულად გრძნობთ და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ზომას. მე ყველა ქალისთვის ვქმნი სამოსს, რადგან ყველა ქალი ბედნიერი, მოღიმარი უნდა იყოს, როდესაც სამოსში თავს კომფორტულად გრძნობს. როდესაც ადამიანი იღიმება, ესე იგი, ის ბედნიერია. ეს არის სილამაზე ჩემთვის - შევქმნა ის სამოსი, რომელიც ადამიანს გააბედნიერებს. თუ შენ გარშემო ბევრი მოღიმარი ადამიანია, მაშინ სამყაროც უკეთესია.

- 2021 წლიდან ემანუელ უნგაროს ქალის კოლექციების ხაზს ხელმძღვანელობთ. ბევრი რამ შეიცვალა იმ წლებთან შედარებით, როდესაც თავად უნგარო იყო სახლის ხელმძღვანელი. ასეთ დროს რამდენად მნიშვნელოვანია ისტორია, რომელიც მოდის სახლმა შემოინახა?

- მე არ ვქმნი სამოსს გაიდლაინების მიხედვით, ჩემთვის უნგაროს სახლისთვის შექმნა, რომელიც არაჩვეულებრივი ბრენდია, უპირველესად სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, მომწონს უნგაროს შექმნილი სილუეტები, პატივს ვცემდი მას როგორც დიზაინერს, მისი სამოსი, ფერადი ქსოვილები, ყოველთვის დღესასწაული იყო ქალებისთვის. როდესაც უნგარომ პარიზში დაიწყო საქმიანობა, მაშინ გამეფებული იყო ბალენსიაგასა და კოკო შანელის ეპოქა, დამკვიდრებული იყო სპეციფიკური ესთეტიკა. უნგარომ სრულიად სხვა რამ შექმნა, უფრო თავისუფალი, ფერადი სამოსი. პარიზში ბევრი დრო გავატარე არქივში, მაინტერესებდა უნგაროს შემოქმედების უფრო ღრმად შესწავლა. დღეს ჩემი ამოცანაა მსუბუქი სამოსის შექმნა, რომლის ტარება მარტივია. არ ვაპირებ შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არ გინახავთ, არ ვაპირებ თქვენს გაოცებას. მე ვაპირებ მარტივი სამოსის შექმნას, რომელიც ლამაზს გამოგაჩენთ.

- ინტერვიუს ბოლოს რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

- დღეს, როდესაც ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის, ჩვენ გვავიწყდება პატარა რაღაცების დაფასება. ამიტომ შეჩერდით, ჩაისუნთქეთ და გაიღიმეთ!