„ვივა მედის“ ღამის სიზმრები, სააკაშვილის ორმაგი ზალპი და წლის მოვლენის მოლოდინში - კვირის პალიტრა

„ვივა მედის“ ღამის სიზმრები, სააკაშვილის ორმაგი ზალპი და წლის მოვლენის მოლოდინში

"იმელის" პარლამენტი პოლიტიკით დაინტერესებული ხალხისთვის არაორდინარულობის, ქაოსისა და უცნაური აზრების ასპარეზის სინონიმად იქცა. რა აღარ უნახავთ 90-იანელებს ამ პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაციისას - ხელჩართული ჩხუბი, გადამდგარი და მერე ისევ უკან გადმომდგარი სახელმწიფოს მეთაური, "ბორჯომის" სახეში შესხმა, დეპუტატები, რომლებსაც კაბინეტში ავტომატები და "წამალი" ეწყოთ, საკანონმდებლო ორგანოში შეჭრილი პოლიცია... გვახსოვს ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ყოველ სეზონზე საათის გადაწევის მოთხოვნით პირს ამოიკერავდა ხოლმე და ა.შ.

თუმცა, რაც მოხდა თეონა აქუბარდიასა და ირაკლი ბერაიას შორის, "იმელის" პარლამენტსაც გააკვირვებდა. რა უნდა დაიწეროს ამაზე?! ეს არც პოლიტიკაა, არც პოლარიზაცია და არც "ოცნება"-ოპოზიციის დაპირისპირება. წითელი კი არა, ყველა ფერის, სიგრძისა თუ სიგანის ხაზები გადაილახა. უნდა გადადგეს თუ არა ბერაია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობიდან?! მაგალითად, დასავლეთში ეს კითხვაც კი არ დაისმებოდა. უფრო ზუსტად, თავისივე თანაგუნდელები არათუ გადააყენებდნენ, არამედ ასეთი დეპუტატი საერთოდ წავიდოდა პოლიტიკიდან - იმიტომ კი არა, რომ ასე მოისურვებდა, უბრალოდ, ძალიან არაკომფორტული გარემო შეექმნებოდა ყველა მხრიდან.

მომავალ კვირას წლის მთავარი მოვლენა გველოდება. 8 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის დასკვნა, საიდანაც გავიგებთ, ბოლოს და ბოლოს, აძლევენ თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატის სტატუსს.

კარგი ამბები ბრიუსელიდან

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ბრიუსელიდან პოზიტიური სიგნალები მოდის და საქართველო, დიდი ალბათობით, მიიღებს სტატუსს. პროცედურა ასეთია - 8 ნოემბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, დეკემბერში კი ევროსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას (თავისთავად, ევროსაბჭოს სხდომის გამართვამდე გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები). თეორიულად, შესაძლებელია ევროკომისიის დასკვნა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყოს ჩვენთვის, მაგრამ ევროსაბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა ასე, ფაქტობრივად, არ ხდება ხოლმე. შესაბამისად, 8 ნოემბერს გვეცოდინება "განაჩენი", რომელსაც ასე ველოდებით.

ათასჯერ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - დიახ, სტატუსი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ ნიშნავს ხვალ ან ზეგ ევროკავშირში გაწევრებას. თეორიულად, შეიძლება წელს არ მიიღო სტატუსი, მაგრამ მიიღო ერთი ან ორი წლის შემდეგ. დიახ, საქართველოში რომ სუპერპოლარიზაცია არ იყოს და ჩვენ გარშემო ორი ომი არ მიმდინარეობდეს, არ იქნებოდა პრობლემა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება. თუმცა სტატუსის ფასი დღეს ძალიან მაღალია. სტატუსი რომ არ მივიღოთ, საქართველოში აუცილებლად დაიწყება პოლიტიკური რყევები - პოლარიზაცია ახალ ეტაპზე ავა. "ოცნება" პრეზიდენტსა და ოპოზიციას დაადანაშაულებს, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია კი მმართველ გუნდს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია შეეცდება სიმძიმის ცენტრი ქუჩაში გადაიტანოს.

გასაგებია, ქუჩის აქციების მეტი რა გვინახავს და საქართველოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, ჩაატაროს საპროტესტო აქცია, თუმცა სახიფათო ის არის, რომ თემა მტკივნეულია და სუპერპოლარიზებულ გარემოში, როდესაც ორივე მხარე სპეციალურად ძაბავს სიტუაციას და რევოლუცია-არეულობას აანო­ნსებს, ქუჩის აქციები შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს გასცდეს. ამის სიმპტომები უკვე გამოჩნდა მარტის აქციებისას. შეიძლება ვინმეს უკვე ეცინება­, მაგრამ კიდევ ერთხელ, მემილიონჯერ გავიმეორებთ­ - რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს გააკ­ეთებენ და სავარაუდოდ, უკვე აქვთ გეგმა, როგორ გახვიონ ქვეყანა დაპირისპირების ქაოსში.

სცენარი მარტივია - ქუჩაში გამოვლენ ანტიდასავლური ძალებიც (რომლებიც, დიდი ალბათობით, ჭიპით არიან მიბმული რუსული სპეცსამსახურების ფილიალებზე, აქვთ მედიასაშუალებები და სწრაფად შეუძლიათ აგრესიული ჯგუფების მობილიზება) და დაუპირისპირდებიან იმ ხალხს, რომლებიც სტატუსის არმოცემის გამო ქუჩაში იდგება. თუ როგორი საზარელი სცენარის განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას, საუბარიც არ გვინდა.

პარალელურად, რუსეთის გრუ-ს "საინფორმაციო ჯარები" დაიწყებენ მორიგ საინფორმაციო შტურმს საქართველოს მოქალაქეების ტვინებზე შემდეგი მესიჯებით: "დასავლეთმა მიგატოვათ", "ევროპას არ სჭირდებით", "თქვენი პატრონი არავინ არის" და ა.შ.

იმედია, ეს კარგად ესმით ბრიუსელში. მეორე მხრივ, გინდა ასე შეხედე და გინდა ისე, საქართველო ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, მიუხედავად იმ ბევრი პრობლემისა, რომელთა სწრაფად მოგვარება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.

"ვივა მედის" ღამის სიზმრები?!

მიხეილ სააკაშვილს რასაც ვერ წაარ­თმევ, ის არის, რომ მარსზეც რომ გადა­ასახლო, მაინც მოახერხებს მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას. ყოფილი პრეზიდენტი ჰიპერაქტიური გახდა და თავის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც დღეში რამდენჯერმე ახალ-ახალი ფბსტატუსებით ანებივრებს. მათში ძალიან უცნაური სტატუსებიც გამოერევა.

კერძოდ, სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელიც იმართება რუსული არმიის პირველი მთავარი სამმართველოდან. მისი მტკიცებით, ამ ჯგუფის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა და ხელისუფლების ხელში აღება. სააკაშვილმა თქვა, ცხელი ხაზი უნდა შევქმნათ და თუ სადმე საეჭვო სპორტული აღნაგობის ხალხს დაინახავთ, დარეკეთო.

როგორც ჩანს, სააკაშვილს დაავიწყდა, რომ ზოგჯერ დუმილი ოქროა. პირველი უცნაურობა ის არის, საიდან უნდა ჰქონდეს ინფორმაცია "ვივა მედის" კლინიკაში გამოკეტილ სააკაშვილს რუსულ დივერსიულ ჯგუფებსა და "პირველ სამმართველოებზე".

მეორე უცნაურობა ის არის, რომ სააკაშვილის მტკიცებით, ეს დივერსიული ჯგუფი "ხელისუფლების ხელში აღებას" გეგმავს - ანუ რუს დივერსანტებს "ოცნების" ხელისუფლების დამხობა სურთ? მაშინ სად წავიდა სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების ნარატივი, რომ "ოცნება" პრორუსულია და კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მათ შორის იმ კუთხით, რომ მიშა ციხეში გამოკეტონ. პუტინი თავის მომხრე ხელისუფლებას ამხობს? ანუ გამოდის, სააკაშვილისა და "ოცნების" ხელისუფლების განცხადებების ერთი ნაწილი ერთმანეთს დაემთხვა. კერძოდ, ორივე ამბობს, რომ ხელისუფლების დამხობა იგეგმება. არ დაემთხვა განცხადებების მეორე ნაწილი - კერძოდ, მიშა ამტკიცებს, რომ გადატრიალებას რუსი დივერსანტები გეგმავენ (რიც­ხვიც დაასახელა - ასი ათასი კაცი), ხელისუფლება კი ამ გეგმებს ოპოზიციას და არასამთავრობოებს აბრალებს. მოკლედ, ეს იმ ჟანრიდან არის, ოსები გორის ჰოსპიტლიდან სააკაშვილის ცხინვალში გატაცებას რომ გეგმავდნენ.

საინტერესო ის არის, რომ ამ თამაშში მიშას ხელისუფლებაც აჰყვა. სუს-მა მოინდომა სააკაშვილის გამოკითხვა, თუმცა უარი მიიღო - ჩემს ინფორმაციის წყაროებს არ გავუმხელ რუსულ ხელისუფლებასო - ანუ წყაროებს არ უმხელს რუსულ ხელისუფლებას, რომლის დამხობასაც რუსი დივერსანტები გეგმავენ?!

ამ აბრაკადაბრაში თუ გაერკვიეთ, მოგვწერეთ აუცილებლად, ძვირფასო მკითხველო. რა თქმა უნდა, მიშას განცხადება არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ მოქმედებენ­ "მიძინებული" დივერსანტები. თუმცა ისე არ დაგვემართოს, როგორც იმ მწყემსს დაემართა, ტყუილად, "მგელი, მგელიო" რომ გაჰყვიროდა.

ორმაგი ზალპი

სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადებით მიიქცია ყურადღება. კერძოდ, აქამდე მას არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ მის მომხრეებს გაეგოთ: ბოლოს და ბოლოს, ვისკენ იყო - ნიკა მელიასკენ თუ კეზერაშვილ-ხაბეიშვილისკენ. ჰოდა, დააფიქსირა პოზიცია და მოკლედ რომ ვთქვათ, მელიას პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა.

ხაბეიშვილისა და კომპანიის ზეიმმა დიდხანს არ გასტანა. სააკაშვილმა მეორე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში აღარ უნდა მოხვდეს ის ხალხი, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან - ანუ ამ განცხადების მიხედვით, 2024 წლის პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან თავად ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და ე.წ. ახალი მენეჯმენტის დიდი ნაწილი. კი მაგრამ, აბა, ეს ხალხი რისთვის წვალობს?! როგორ? ხაბეიშვილმა, ცისკარიშვილმა, კირკიტაძემ და სხვებმა იმიტომ გადააყენეს მელია, იმიტომ აკეთებენ აქციების იმიტაციებს, რომ ბორტსმიღმა დარჩნენ?!

ან ვაშაძემ იმიტომ მიიღო თავისი პერსონალური რეიტინგისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება (როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მას კოლეგა ოპოზიციონერები თუ სახელისუფლებო ოპონენტები ყოველთვის წამოაძახებენ, რომ ორჯერ შევიდა ერთი და იმავე მდინარეში, რასაც "ნაცმოძრაობასთან" ალიანსი ჰქვია), რომ პარლამენტს გარეთ დარჩეს? პირიქით, გამომდინარე იქიდან, რომ "ოცნებამ" თავისივე ნათქვამი გადათქვა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება, ვაშაძე სწორედ იმიტომ მივიდა "ნაცმოძრაობასთან", რომ კიდევ ოთხი წლით გარანტირებული ჰქონდეს პარლამენტის მანდატი.

ან კეზერაშვილმა იმიტომ დახარჯა ამდენი ფული, რომ მიშამ თვითონ დააკომპლექტოს საარჩევნო სია და "კეზერას" მადლობის სიგელიც არ ეკუთვნის?! დარწმუნებული ვარ, როგორც მელიამ, ისე "კეზერამ" იფიქრეს, ასე არ გამოვა, ჩემო მიშაო. კეზერაშვილის თანაგუნდელებს ჯერ ის ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილმა პარალელური სტრუქტურა შექმნა თავისი "სპეცწარმომადგენლობის" სახით. ისე, სოფო ჯაფარიძე უფრო მეტს აქტიურობს, ვიდრე მელია და ხაბეიშვილი ერთად აღებული.

სააკაშვილმა მელიასგან მკვახე პასუხი უკვე მიიღო. დაახლოებით ასეთი - არსადაც არ წავალ და შენ შენს ვაშაძეს მიხედე, რომელსაც თავის დროზე ბნელი ძალების მხარეს გადასვლას აბრალებდი (იყო ასეთი ეპიზოდი ორიოდე წლის წინ, როდესაც ვაშაძე სააკაშვილს გაემიჯნა) და დღეს საარჩევნო შტაბის უფროსად გყავსო. თუმცა, მეორე მხრივ, უცნაური ის არის, რას ან ვის ელოდება მელია, როდესაც "ნაცმოძრაობაში" რჩება და კეზეროლოგის ფუნქციას ითავსებს.

მუსიკას უკვეთს ის, ვინც ფულს იხდის. შესაბამისად, გამორიცხულია, კეზერაშვილი (ანუ ხაბეიშვილ-კირკიტაძე-ცისკარიშვილი და სხვები) მორჩილად დაეთანხმოს სააკაშვილს და საარჩევნო სიისგან განზე გადგეს.

სამაგიეროდ, მიშას მომხრეებს კიდევ უფრო გაუღრმავდებათ ეჭვები, რომ სააკაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ დროშის ფუნქციას ასრულებს და პარტიაზე კონტროლი უკვე კარგა ხანია დაკარგული აქვს.

გიორგი კვიტაშვილი