რას მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის სტატუსი
საქართველოს შესახებ ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერლინში ევროპის კონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის გაფართოება არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა, მაგრამ ამავე დროს არის გეოპოლიტიკური შანსი ევროკავშირისთვის", ამის არგუმენტად კი ის დაასახელა, რომ "პუტინის მოსკოვი კვლავ შეეცდება ევროპაში იმპერიული თხრილის გაჭრას, რაც ჩვენგან არა მარტო უკრაინის, არამედ მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იზოლაციას გამოიწვევს. თუ შესაძლებელი იქნება რუსეთის მიერ ამ ქვეყნების მუდმივი დესტაბილიზაცია, მაშინ ეს ჩვენც, ყველა ჩვენგანს, დაუცველს გახდის - და დასძინა - ჩვენ ვეღარ დავუშვებთ ნაცრისფერ ზონებს ევროპაში". შესაბამისად, აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს გაწევრების გზაზე მყოფ ქვეყნებს, რადგან ეს რთული პროცესია. "ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო ვუთხრათ, რომ ამ გზის ბოლოს ევროკავშირში გაწევრებაა, არამედ ასევე განვაცხადოთ, ამ გზაზე ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით, განსაკუთრებით სტრუქტურულად, ფინანსურად და მატერიალურად... ეს ეხება ასევე საქართველოს, სადაც ამდენ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა ევროკავშირისკენ მიმავალი გზის და სადაც სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი ცალსახად ემხრობა ევროკავშირში გაწევრებას. არც ამ ადამიანებს დავტოვებთ მარტოს". რას ნიშნავს ეს განცხადება ჩვენთვის და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სტატუსის მიღებას, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ:
- სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა არ ასცდეს სტრატეგიულ გეზს, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა აგვერია. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველო არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის, არც დსთ-ს და საერთოდ, წლების განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.
კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის ბნელ გვირაბში პატარა შუქის გამოჩენას ნიშნავს. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა და სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ეს რუსეთისთვის სიგნალია, რომ საქართველოს თავის სივრცეში შეთრევისთვის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება. თუ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვება სტრუქტურული ფონდებიდან დაფინანსება. გაჩნდება რეფორმების გატარების მეტი მოთხოვნა და ეს ყველაფერი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მთავარი კი მაინც ის იქნება, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი იზოლირებულობის განცდა შეიცვლება, არ ამოვვარდებით საერთო პანევროპული სტრატეგიული საუბრებიდან...
- ბოლო პერიოდში სტატუსის მიღებაზე პესიმისტური დამოკიდებულება გაჩნდა, ეს იმას ნიშნავს, ცოდნის გარეშე მოგვცენ დიპლომიო. არ ვიმსახურებთ სტატუსს თუნდაც წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების გამო? ასოცირების შეთანხმებითაც ხომ ბევრი რეფორმა გატარდა, რაც სწორედ ჩვენი დაახლოებისთვის იყო გამიზნული?
- რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, საქართველო ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებზე უარესი და ამას ყველა აღიარებს. თუმცა მხოლოდ ტექნიკური პარამეტრები არ არის გადამწყვეტი: საჭიროა ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ჩვენი პოზიცია, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებული; საჭირო რეფორმებისთვის ქვეყნის მზაობა და ა.შ. ამის თაობაზე კი ბოლო წლების განმავლობაში ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ბოლო შეფასებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. რაც დაგვრჩება შესასრულებელი, სავარაუდოდ, იმაზე კიდევ დაგვემატება რამდენიმე. ამიტომაც სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილება უფრო გეოპოლიტიკური ტიპის იქნება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქვეყანას, თუნდაც ბოსნიას, მსგავს სიტუაციაში მისცეს სტატუსი, დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ მისცეს ბოსნიელ ხალხს სწორედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელისუფლებასთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდათ. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რა მნიშვნელობა აქვს სტატუსს, თუ რეფორმებს არ გავატარებთო? თუ ამოვარდები ასოცირებული ტრიოს ფორმატიდან, ჩამოშორდები ევროსტრუქტურებს და ფაქტობრივად, გარიყული და იზოლირებული იქნები, არა მგონია, ამან ან ჩვენ გვარგოს, ან ევროკავშირს, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. მე მესმის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ პარტია ფიქრობს, რომ სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი შემდეგი არჩევნებისთვის, მაგრამ ცდებიან. უბედურება ისაა, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტიები მხოლოდ იმაზე იყვნენ დამოკიდებული, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ხალხი გაბრაზდებაო. არჩევნების დროს საგარეო პოლიტიკა კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და ა.შ., რაც ძალიან კარგად ჩანს სოციოლოგიურ კვლევებში. აქეთ უნდა იყოს მიმართული პარტიების ყურადღება. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, სტატუსის მიღებამ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას შეუწყოს ხელი, მაგრამ არ უნდა დავაკნინოთ ქართველი ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნების უნარი, რადგან არაერთხელ გვინახავს, რომ კრიტიკულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ამიტომაც კრიტიკას ვერ უძლებს მოსაზრება, რომ "ქართული ოცნების" შეცვლა შეუძლებელი იქნება.
- ისინი, ვინც სტატუსს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ სტატუსის მიღება პრობლემა არ იქნება.
- პოლიტიკური პარტია არჩევნებისთვის მხოლოდ სტატუსის იმედზე რომ ხარ, ამომრჩევლებთან სიარული არ გინდა და მხოლოდ ბრიუსელში დადიხარ, საბოლოოდ ბრიუსელი მოგცემს ხმას? თუ ახლა არ მივიღეთ სტატუსი და ოპოზიციამ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მერე რას ვშვრებით? მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია, სადაც ვინ გაიმარჯვებს და თანაც რა განწყობა იქნება გაფართოების მიმართ, არავინ იცის და მერე უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს უნდა დაელოდო. როდის გაიხსნება ფანჯარა, ამის იმედზე ჩემი მტერი იყოს. ამას სჯობს რაღაც დათქმებით მოგვცენ სტატუსი, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში. თორემ მეც ვიცი, რომ ამ პირობების შემსრულებელი ეს ხელისუფლება არ არის, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ვისაც სტატუსი მისცეს, პრობლემები მათაც აქვთ. უკრაინაშიც ძალიან დიდი პრობლემებია და ამაზე დასავლური მედია ლამის ყოველდღე წერს. არც მოლდოვაშია კარგი მდგომარეობა, მაგრამ იმათ ხელისუფლება ჰყავთ შედარებით ნორმალური. ან ბალკანეთის ქვეყნებს რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ყველა სანიმუშოდ ასრულებდა ამ ვალდებულებებს? ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მოწყვლადი, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ხომ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რომ თქვა, მოლდოვა და უკრაინა ტერიტორიულად ევროპააო. ასე რომ, გეოგრაფია არ არის ჩვენს სასარგებლოდ. სად გვაქვს იმის ფუფუნება, ფეხები ვაბაკუნოთ, ახლა არ მოგვცენ, რათა "ოცნებამ" საარჩევნოდ არ გამოიყენოსო.
- ღმერთმა ნუ ქნას და, არ მოგვცენ, რუსული საფრთხე გაიზრდება...
- რუსეთის ფაქტორი კვლავაც მნიშვნელოვანია, რადგან ახლაც კი პრობლემებია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების გამო, ვგულისხმობ ფრენების აღდგენას, ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულებაც ბევრ შეკითხვას ბადებს ევროპელ პარტნიორებში. თუ სტატუსი არ მოგვცეს, ეს ავტორიტარული ტენდენციები უფრო გაძლიერდება და ამას ევროკავშირშიც ხედავენ. ამიტომ არა მგონია, მათ ინტერესებშიც იყოს, რომ საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. პირიქით, ევროკავშირი ცდილობს, მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაგვეხმაროს.
- ზემოთ ფონდების დაფინანსება ახსენეთ სტატუსის მიღების შემთხვევაში. დაახლოებით რა ტიპის დახმარებას მივიღებთ?
- თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საუბარია მილიონობით ევროზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკას, სოციალური ცხოვრების სტაბილიზაციას ახმარენ. ამ დახმარებას ჩვენ ახლაც ვიღებთ, მაგრამ უფრო მეტი იქნება, რადგან ევროკავშირის მიზანია, მოამზადოს ქვეყანა წევრობისთვის, ამას კი სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე თავად ქვეყნის ინვესტიციები.
- თქვენი მოლოდინი როგორია ევროკავშირის დასკვნის გამოქვეყნებამდე?
- სტატუსის მიღების აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. მთავარია, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი - მიიღებს ე.წ. ბოსნიური სცენარით თუ პირდაპირ მოგვცემენ. ცხადია, ევროკავშირსაც არ სურს კოზირი მისცეს ხელისუფლებას არჩევნების წინ და რამდენად კრეატიულ ფორმულას შემოგვთავაზებს, ვნახოთ.
რუსა მაჩაიძე