"პარლამენტიდანაც რომ გამაგდონ, მაინც არ გავჩერდები!"
"ქართული ოცნების" წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, ვიდრე ეს სამარცხვინო ბერაია აქ არის. ამოარტყან პანღური და გააგდონ", - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობის ლიდერებმა მიხეილ სარჯველაძემ და მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ კოლეგა თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი მართებული არ არის. ელისაშვილის ირწმუნება, რომ ეს ამბავი ასე არ დასრულდება და არ გაჩერდება, ვიდრე ბერაია თანამდებობას არ დატოვებს.
- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლია ბერაიას ლანძღვას მშვიდად ისმენდა, მე კი ამ უხამსობის გაპროტესტების გამო უკვე ორჯერ გამაძევეს სხდომიდან. მაინც არ გავჩერდები! პარლამენტიდანაც რომ გამაგდონ მაინც არ გავჩერდები! თქვენ ეს ჩვეულებრივი ამბავი ხომ არ გგონიათ? ბერაიამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, თანაც მთელი საქართველოს გასაგონად. წარმოუდგენელი საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. თავიდან კი ვთქვი, თუ ბერაია არ წავიდოდა თანამდებობიდან, მე წავიდოდი თავდაცვის კომიტეტიდან, მაგრამ გადავიფიქრე, თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, სანამ ეგ უღირსი თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცები და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. ამ ამბავს რაც უფრო დიდხანს გაწელავენ, მით უფრო ცუდია მათთვის. დედა, და, ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონოა? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია?
- სწორი არ არის და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.
- ბერაიას მიერ უკანა კბილებით, ყასიდად მოხდილი ბოდიში საქმეს არ შველის. მაგ კაცს რომ ვუყურებ, გული მერევა. იტყუებიან, როდესაც ამბობენ, ნერვებმა უმტყუნა და იმიტომ წამოსცდა რაღაცებიო. ბერაია განსხვავებულ აზრს ვერ იტანს, მასა და აქუბარდიას შორის დაპირისპირება უკვე თვეებს ითვლის, ახალი ამბავი კი არის არის. იცით, მიზეზი რა არის? თეონას კრიტიკული კითხვები არ მოსწონს. ბოდიში, მაგრამ ყველა "ქართულ ოცნებაში" ვერ გადავალთ. არ გეგონოთ, რომ ბერაიასთან ცუდი ურთიერთობა მქონდა, არა, მაგრამ არ ვაპატიებ იმას, რაც გააკეთა. მე ის გაფრთხილებული მყავდა, პირველივე დღეს, როდესაც მის კაბინეტში შევედი, გავაფრთხილე, რომ საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ჩემთვის წმინდა საქმეა და ამ საქმეში ჩავარდნას არ შევეგუები.
- რა იყო აქუბარდიასა და ბერაიას დაპირისპირების მიზეზი?
- დიდი დაპირისპირება გვქონდა თავდაცვის ბიუჯეტის გამო, ჩვენ ვამბობდით, რომ შესყიდვებისთვის 230 მილიონი და ვეტერანებისთვის ასი ლარი ცოტაა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაგვპირდა, რომ ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებდა და ჩვენც კორექტირებულ ბიუჯეტს ველოდებოდით, ამ დროს კი ეს მარაზმი მოხდა. თავდაცვის თავმჯდომარეს მტერთან უნდა შეეძლოს ურთიერთობის დალაგება, ბერაიას კი აქუბარდიასთან ვერ დაულაგებია სიტუაცია. ფსკერი გახვრიტა ბერაიამ.
- ასეთი დაპირისპირების ფონზე როგორ გააგრძელებთ მუშაობას თავდაცვის კომიტეტში?
- ირაკლი ბერაიასთან მუშაობა შეუძლებელია, ყველა ვერ წავალთ, ის უნდა წავიდეს. არიან სხვა დეპუტატები, რომლებიც ამ საქმეს თავს შესანიშნავად გაართმევენ. ხომ არ ვამბობ, რომ მე დამნიშნონ ამ კომიტეტის თავმჯდომარედ, არის იქ ხალხი, რომელსაც შესაბამისი ცოდნაც აქვთ და ნერვებიც, მაგალითად, ალეკო ტაბატაძე.
ხათუნა ბახტურიძე