"მე რომ ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის ომში ჩათრევის მოსურნედ გამომაცხადებს, იმ ხელისუფლებისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს?“ - კვირის პალიტრა

"მე რომ ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის ომში ჩათრევის მოსურნედ გამომაცხადებს, იმ ხელისუფლებისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს?“

ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება­ გაფართოების შესახებ, წესით, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. უნდა შეაფასონ 10 ქვეყანა: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოს­ოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა და ჩრდილოეთი მაკედონია. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭო 12 დეკემბერს მიიღებს, ორი დღის შემდეგ კი ევროკავშირის სამიტი გაიმართება. როგორი იქნება გადაწყვეტილება და რა შეიძლება იყოს კანდიდატის­ სტატუსის ალტერნატივა, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით­ უსუფაშვილი გვესაუბრება:

- მაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები­ გაითვალისწინებენ საქართველოში, რეგიონსა და, საზოგადოდ, მსოფლიოში შექმნილ არაორდინარულ ვითარებას და გადადგამენ თამამ პოლიტიკურ ნაბიჯს. ამით საქართველოს გზა უნ­და გაეხსნას ევროინტეგრაციის დასკვნითი ეტაპისკენ არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასების, ქართველი ხალხისა და პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრის ურყევი ევროპული არჩევანის გამო. ეს იქნება სწორი ნაბიჯი ევროპისთვისაც. ევროპული თავისუფლებისა და დემოკრატიის სივრცე სასწრაფოდაა გასაფართოებელი ყველა მიმართულებით, სადაც ამის პოტენციალია და რუსულ თუ სხვა ავტორიტარულ, ანტიჰუმანურ და რეპრესიულ რეჟიმებს ჯერ მყარად­ არ მოუკიდებიათ ფეხი. ამით დღევანდელი ევროპაც უფრო დაცული გახდება და მილიონობით ადამიანიც, მათ შორის, ქართველები. თავს დავაღწევთ­ ომის, სიღარიბისა და უსამართ­ლობის საფრთხეებს­. საქართველოს ხელისუფლების პროვინციულმა კუდაბზიკობამ და რუსეთისთვის მაამებლობამ ჯერ კიდევ ვერ მიაყენა საბედისწერო ზიანი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზების შესაძლებლობას. ევროპა ხედავს თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ, ევროპული კულტურის ხალხს, რომელიც მალე ამ ხელისუფლებასაც წინამორბედის გზას გაუყენებს.

- როგორც ბრიუსელში ამბობენ, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ხარისხზეა დამოკიდებული, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი შესრულებულ თუ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, თუ ოპოზიცია და საზოგადოებაც?

- ევროკავშირმა ამა წლის ივნისში გვითხრა, რომ რეკომენდაციები სანახევ­რო­დ­აც არ იყო შესრულებული. ევროკავშირის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ბატონი ბორელი ერთი თვის წინ ჩამობ­რძანდა და დეტალურად აგვიხსნა, სად გვქონდა ჩავარდნები და რა უნდა გაგვეკეთებინა დარჩენილ დროში. ხელისუფლების პასუხი კი ის იყო, რომ თურმე ევროპა ჩაგრავს საქართველოს, დასავლეთი სჯის ქვეყანას ომში ჩაურთველობის გამო, ევროპარლამენტარები ლახავენ ჩვენს სუვერენიტეტს და კიდევ ათასი სისულელე. "ლელომ" კი ყველაფერი გააკეთა,­ რომ ევროკავშირს დაენახა საქართველოს სხვა პოლიტიკური ძალების მზაობა ამ პუნქტების უმოკლეს ვადაში შესრულებაზე მომავალი წლის არჩევნების შემდეგვე. "ლელოს" ინიცირებული აქვს კანონპროექტების პაკეტები, რომლებიც, ევროპელი კოლეგების აზრით, ზუსტად შეესაბამება მათ რეკომენდაციებს. ბევრ სხვა პოლიტიკურ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს სერიოზული ნამუშევრები, რომლის დანახვა და გაგონება არ უნდა "ოცნებას", მაგრამ ხედავენ ევროპელი მეგობრები. შესაბამისად, იმ დიდ საქაღალდეში, რომელსაც აწერია "საქართველოს საქმე", და რომელსაც განიხილავენ ბრიუსელში, დევს ორი საქაღალდე: ერთი "ოცნების" ნამუშევარი, რომელიც ცალკე აღებული არ აკმაყოფილებს პირობებს და მეორე, რომელშიც დევს "ლელოსა" და სხვების შემუშავებული პროექტები, რომლებსაც არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ მივიღებთ. დარწმუ­ნებული ვარ, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საქართველო­ შეფასდება არა მარტო "ოცნების" საქაღალდით, არამედ მთლიანად "საქართველოს საქმით", რომელსაც ზურგს უმაგრებს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა თავისუფლებისკენ.

- ცოტა ხნის წინ ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის ნაწილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების ხელის შეშლაში დაადანაშაულა. მართალია, მან კონკრეტული პირები არ დაასახელა, მაგრამ ეს გააკეთა მმართველმა გუნდმა, მათ შორის "ლელოც" დასახელდა...

- "ოცნების" ხელწერაა ძლიერი ოპონენტების დისკრედიტაცია ბინძური პიარმეთოდებით. მათ იციან, რომ "ლელო", ბევრისგან განსხვავებით, არა მარტო აკრიტიკებს მათ, საკუთარი წვლილიც შეიტანა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში. "ლელო" დიდ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას, რადგან­ არა აქვს პასუხი მარტივ კითხვაზე:­ თუ ევროინტეგრაციისთვის იღვწიან და აგერ დევს "ლელოს" პროექტები, რატომ არ იწყებენ მათ განხილვას? სურთ პასუხის არქონა შავი პიარით გადაფარონ. ამით ცდილობენ, რომ როგორმე საკუთარი­ ამომრჩევლის პროევროპული ნაწილის სხვა პარტიებისკენ მიგრაცია შეაჩერონ. "ოცნებამ" ასე გაანიავა საზოგადოების გამთლიანების ოქროს შანსი, რომელიც ევროპული პერსპექტივის გაჩენამ შეგვიქმნა. კი არ გაგვაერთიანა, 12-ჯერ გააღრმავა დაპირისპირება და გათიშულობა. მე რომ ევროინტეგ­რაციის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის ომში ჩათრევის მოსურნედ გამომაცხადებს, იმ ხელისუფლებისგან რაღა უნდა გაგიკვირდეს?

- ანალიტიკოსები ორპოლუსიანობის დარღვევის საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევენ სალომე ზურაბიშვილის, "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის რაღაც ტიპის ერთობის შექმნას. თქვენ ამას გამორიცხავთ და მიზეზიც გასაგებია, თუმცა არის თუ არა ეს ის შემთხვ­ევა, როდესაც პოლიტიკოსები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კომპრომისზე უნდა წავიდნენ?

- პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა და ვისაც ეს არ შეუძლია, მისი ადგილი­ არ არის პოლიტიკაში. "ლელოს" სხვა პოლიტიკურ ძალებთან გონივრული კომპრომისის მაგალითი იყო მამუკა ხაზარაძის ვიცემერობის კანდიდატად წამოყენება გასულ ადგილობრივ არჩევნებში. ასე რომ, საქვეყნო ინტერესზე წინ ჩვენ არასდროს დავაყენებთ პარტიულ ინტერესებს ან პირად სიმპათიებს თუ წყენას. ამასთანავე, კომპრომისებზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც პრინციპულ საკითხებშია თანხვედრა, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვან თემებში - განსხვავება. სხვა შემთხვევაში, თუ პრინციპებს უარყოფ, ოღონდ ვინმეს ჩაება ან ჩაიბა, რათა ბარიერს გადაახტე, ამგვარი ე.წ. კომპრომისი ემსახურება მხოლოდ კერძო ინტერესს. პროევროპულობა პრორუსულობის წინააღმდეგ არის პრინციპული საკითხი, რომელმაც შესაძლოა ინტეგრაციისკენ უბიძგოს სხვადასხვა ძალას, მაგრამ საარჩევნო მიზნებისთვის გასაერთიანებლად ეს არ არის საკმარისი. და ერთიც - 24 წლის ნამდვილი საარჩევნო მარათონი თებერვალ-მარტში დაიწყება და დაჯგუფებების საკითხიც მაშინ დადგება დღის წესრიგში. მანამდე "ლელო" არ არის ჩართული წინასაარჩევნო მოლაპარაკებებში არავისთან და თანამშრომლობს ყველასთან, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და რუსეთის კლანჭებიდან საბოლოოდ გამოხსნისთვის.

ხათუნა ბახტურიძე