ღაზა, ოღონდ ქალაქი და არა სექტორი, ისრაელმა მთლიანად ალყაში მოაქცია...
7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე "ჰამასის" დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმიდან ერთი თვის თავზე ისრაელმა შეძლო ღაზის სექტორის შუაზე "გაჭრა" და "ჰამასის" მთავარი დასაყრდენის, ქალაქ ღაზის სრულ ბლოკადაში მოქცევა...
ისრაელის თავდაცვის არმიამ "ცახალმა" სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში 28 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც შეჯავშნულ ბულდოზერებს "მერკავას" ტანკები და "ნამერის" მძიმე ჯავშანტრანსპორტიორები ბრძოლით შეჰყვნენ ღაზის დასახლებულ პუნქტებში.
სახმელეთო შეტევა "ცახალმა" სამი ძირითადი მიმართულებიდან დაიწყო: ჩრდილოეთიდან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გაყოლებით; ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ქალაქ ბეით-ჰანუნის მხრიდან და აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ქალაქ ღაზის სამხრეთ ნაწილში.
"ცახალის" ჯავშანჯგუფებს ზუსტად ერთი კვირა დასჭირდათ, რომ ძლიერი საჰაერო (თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და დრონების), საზღვაო (ხმელთაშუა ზღვაში, ღაზის სექტორის სანაპიროს სიახლოვეს მოდრეიფე ისრაელის სარაკეტო და საპატრულო კატარღების საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის) და საარტილერიო მხარდაჭერით ღაზის სექტორში ალყა შემოერტყათ 14 კმ სიგრძისა და 7 კმ სიგანის ტერიტორიისთვის, რაც დაახლოებით შეესაბამება თბილისის გლდანი-მუხიანის ფართობს. თუმცა ამ შედარებამ არ უნდა შეგვაცდინოს, რადგან ღაზის სექტორის თითოეული კმ-ის დასაკავებლად ისრაელის "ცახალს" მძიმე ბრძოლები უწევდა, მათ შორის დასახლებული პუნქტების დანგრეული შენობებსა და ქუჩებში, სადაც ყველგან შეიძლება ჩასაფრება და მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობების ფარულად დამონტაჟება.
ისტორიულად, ისრაელში ძალზე მკაცრი სამხედრო ცენზურა მოქმედებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი ხდება ცნობილი, რომ "ცახალს" ამ სახმელეთო ოპერაციის კონკრეტულ ეტაპზე წარმატების მიღწევა არცთუ ისე მცირე საბრძოლო დანაკარგად დაუჯდა როგორც პირად შემადგენლობაში, ასევე აფეთქებული სამხედრო ტექნიკის სახით.
"ჰამასის" მებრძოლები, როგორც მოსალოდნელი იყო, აქტიურად იყენებენ "ღაზის მეტროს", მიწისქვეშა გვირაბებს, "ცახალის" ჯავშანჯგუფებზე მოულოდნელად თავდასხმისთვის, მათ შორის ტანდემური, ორ კუმულაციურქობინიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, რითაც მოახერხეს "აუფეთქებელი ტანკის" გაპიარებული იმიჯის მქონე არაერთი "მერკავის" მწყობრიდან გამოყვანა ან სულაც სრული განადგურება.
პრინციპში, ისრაელმა მიაღწია დაგეგმილის მინიმუმს _ მოახდინა ქალაქ ღაზის ბლოკირება და ამასთან შუაზე გაყო თავად ღაზის სექტორიც, რასაც "კვირის პალიტრის" ჯერ კიდევ 10 ოქტომბრის სტატიაში ვვარაუდობდით, როდესაც გავიხსენეთ 2008-2009 წლის სახმელეთო ოპერაცია "ჩამოსხმული ტყვია", როდესაც ისრაელმა ასევე შუაზე გაყო ღაზის სექტორი და ქალაქი ღაზა ალყაში მოაქცია. ეს სწორი ტაქტიკაა, რადგან მთლიანად ღაზის სექტორის ოკუპირება და იქ მცხოვრები 2 მლნ-ზე მეტი მტრულად განწყობილი ადამიანის გაკონტროლება თვით ისრაელის შესაძლებლობებსაც აღემატება.
ახლა ისრაელის "ცახალის", "ამანისა" (სამხედრო დაზვერვა) და "შაბაკის" (კონტრდაზვერვა) მთავარი ამოცანა გახდება ღაზის სექტორის უკვე ბლოკირებულ ნაწილში გულმოდგინე გაცხრილვის ჩატარება როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" მებრძოლებისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად და გასანადგურებლად.
ამ საბრძოლო ამოცანის მეტ-ნაკლებად შესრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ისრაელი აღარ გააგრძელებს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილის ოკუპირების ოპერაციას (მით უმეტეს, თუკი არაბული სამყარო უფრო ერთსულოვნად დაირაზმება ისრაელის წინააღმდეგ) და განაცხადებს, რომ "ჰამასის" 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხი უკვე გაცემულია.
თუმცა ეს მაინც ვერ დაუსვამს წერტილს ისრაელ-პალესტინის ისტორიულ დაპირისპირებას, საიდანაც გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო, ორი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს _ ისრაელისა და პალესტინის მეზობლად, მაგრამ ცალ-ცალკე თანაარსებობა.
ომებით გადაღლილი ისრაელისთვის ეს შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, მისაღები გახდეს, მაგრამ სანამ პალესტინელები "ჰამასის" ლიდერების ნათქვამზე ივლიან, მათ მშვიდობა არ ექნებათ, რადგან რადიკალი პალესტინელები გამორიცხავენ ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას და მისი განადგურებისკენ მოუწოდებენ მთელ არაბულ სამყაროს.
„ჰამასს“ ომში „ჰესბოლას“ ჩართვის დიდი იმედი გაუცრუვდა, ჯერჯერობით ...
3 ნოემბერს, როდესაც "ცახალმა" შეძლო ქალაქ ღაზის სრულ ბლოკადაში მოქცევა, რამდენიმე მილიონი პალესტინელი გულისფანცქალით ელოდა ლიბანში მოქმედი შიიტური დაჯგუფება "ჰესბოლას" პოლიტიკური ლიდერის ჰასან ნასრალის დაანონსებულ მიმართვას, რომელიც შედგა კიდეც, მაგრამ პალესტინელების უდიდეს ნაწილს იმედი გაუცრუა, რადგან ელოდნენ, რომ ნასრალი ოფიციალურად განაცხადებდა "ჰესბოლას" ომში ჩართვას და ისრაელის ჩრდილოეთზე მასშტაბური საბრძოლო შეტევების დაწყებას
."ჰესბოლას" ლიდერმა თავის გამოსვლაში მიანიშნა, რომ თუკი პროირანული "ჰესბოლა" ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაებმება, მაშინ აშშ შეიძლება თავად... ირანს დაესხას თავსო...