„არ არის გამორიცხული, ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან ძალით დასვან“
"საინფორმაციო ბომბის ეფექტი" - ასე შეაფასეს სამხედრო და პოლიტიკის ანალიტიკოსებმა უკრაინული არმიის მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა. უკრაინელი გენერალი აღიარებს, რომ შეცდა, როდესაც სჯეროდა, რომ არანაკლებ 150 ათასი მებრძოლის ფრონტის ხაზზე დაღუპვის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალები შეჩერდებოდნენ... "ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი მსხვერპლი ომს შეაჩერებდა... დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება", - ამბობს ზალუჟნი. ომის ჩიხში შესვლაზე საუბრობენ უკრაინელი პოლიტიკოსებიც, მაგალითად, პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი, "ახლა არც რუსეთს შეუძლია ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება და არც ჩვენ დეოკუპაცია. შესაბამისად, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია".
რამ გამოიწვია უკრაინული კონტრშეტევის ჩავარდნა, ვის და რატომ აწყობს პოზიციური ომი და რაზე შეიძლება შეთანხმდნენ რუსეთი და უკრაინა, ამ საკითხებზე გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან:
"შეცდომა იყო რუსეთისთვის გამოფიტვაზე ომში ჩაყოლა"
ვახტანგ კაპანაძე: - მე კონტრშეტევის დაწყების პირველივე დღეებიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან საჰაერო მხარდაჭერის გარეშე წინსვლა ძნელი იქნებოდა. უკრაინელები ახლა გმირობისა და საბრძოლო სულისკვეთების ხარჯზე იბრძვიან, ზალუჟნიმ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, დააყენა პრობლემა და ისაუბრა გადაჭრის გზებზე. დიახ, რუსეთთან ომი ჩიხში შევიდა და ამის წინა პირობა იყო უკრაინის შეცდომები. სტრატეგიული შეცდომა იყო რუსეთისთვის გამოფიტვაზე ომში ჩაყოლა. უკრაინელებმა ვერ მოახერხეს ომის პირველი ფაზის წარმატების განვითარებაც, რაც გულისხმობს შოკირებული და გაქცეული რუსების კვალდაკვალ წინსვლას, ანუ კამპანიის ფაზირებაში არ იყო დინამიკური გადასვლები. ასევე ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს დეზორგანიზებული რუსული ძალების "ტომარაში" მოქცევა და განადგურება. ხარკოვის კონტრშეტევის დროს რუსი სამხედროები აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ, ხერსონის დაკავების დროს 25.000 რუსული დაჯგუფება ერთ ღამეში გადაუშვეს დნეპრზე. უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებს ბახმუტში ბრძოლის ნაცვლად, უფრო აქტიურად უნდა ემოქმედათ ბელარუსის ტერიტორიაზე და ყირიმში თათრების წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებისთვის. შეცდომა იყო პოზიციურ თავდაცვაზე გადასვლა - სწორედ ამან შეიყვანა ომი ჩიხში. წესით, აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მობილურ თავდაცვაზე, ტერიტორიების დაცვაზე კი არა, პირველ რიგში მოწინააღმდეგის ძალების განადგურებაზე და მერე გადასულიყვნენ შეტევაზე. უკრაინელებმა დრო და რესურსები დაკარგეს არასტრატეგიული ობიექტების დაცვაზე, მაგალითად, ბახმუტზე. ეს ის დრო იყო, რა დროშიც სუროვიკინმა ზაპოროჟიე და ხერსონის მიმართულებები გაამაგრა. ასევე მივიჩნევ, რომ კონტრდარტყმა მიაყენეს სიურპრიზის გარეშე, არ მოხდა კონცენტრირება ერთი მიმართულებით. რუსებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ, არანაკლები სიძლიერის თავდაცვა ჰქონდა სადამ ჰუსეინს ერაყში, თავისი ფორტიფიკაციებით, საცეცხლე წერტილებითა და ნავთობით გავსებული ტანკსაწინააღმდეგო არხებით, მაგრამ კოალიციის საჰაერო ძალებმა 16 დღის განმავლობაში იმუშავეს და შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე სახმელეთო ჯარები - დღე-ღამეში 300 კილომეტრის გავლა შეძლეს.
- საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრშეტევა რატომ დაიწყეს?
- მიჭირს უკრაინელების შეცდომებზე საუბარი, ეს ხალხი თითო გოჯი მიწისთვის იბრძვის...
- რატომაა სახიფათო პოზიციური ომი?
- ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომები გამოფიტვის რეჟიმზე გადადიან. ამის პირველი ნიშანი კი მხარეების საბრძოლო შესაძლებლობების გათანაბრებაა. ბრძოლის ველზე გადარჩენილი სუსტი მხარე (ანუ რუსები) გამოცდილებას იღებს და საბრძოლო უნარ-ჩვევებს იძენს, მერე ძლიერი მხარე (უკრაინელები) საბრძოლო დანაკარგების შედეგად ახალ ხალხს იღებენ, რომლებსაც ჯერ არა აქვთ საბრძოლო უნარ-ჩვევები, რაც საერთო ჯამში არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს აქვეითებს. საქმე ის არის, რომ უკრაინა გამოცდილ, მომზადებულ ხალხს კარგავს, რუსები კი ამასობაში გამოცდილებას იღებენ. რუსები ისე აღარ იბრძვიან, როგორც ომის დაწყების პირველ ეტაპზე. პრობლემაა ისიც, რომ რუსები უკვე ჩრდილოეთ კორეაზე გავიდნენ, ახლა იქიდან იღებენ საბრძოლო მასალებს. უშველებელი მარაგი აქვთ და ეს ყველაფერი რუსეთისკენ წამოვა.
- ზალუჟნი ამბობს, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად უკრაინას სჭირდება უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომი. რა რესურსი და როგორი ნება არსებობს ახლა დასავლეთში უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?
- მე გამოსავალს სხვაგვარად ვხედავ - უკრაინამ ამ ეტაპზე უნდა შეცვალოს თავისი მთავარი ამოცანა - უკრაინის სრული გათავისუფლება, უფრო კონკრეტულ და მოკლევადიან მიზნებზე უნდა კონცენტრირდეს, შემოდგომა-ზამთრის სეზონი უნდა გამოიყენოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და გადაიარაღებისათვის, დაიკავოს და შეინარჩუნოს პლაცდარმები დნეპრის მარცხენა ნაპირზე, შეინარჩუნოს სტაბილურობა ფრონტის ხაზზე და გაზაფხული-ზაფხულის მოქმედებებისთვის უნდა მოემზადოს. მათი საშუალვადიანი ამოცანა უნდა იყოს აზოვის ზღვაზე გასვლა. ამაზე დიდი ამოცანა არ უნდა დაისახონ.
"უკრაინელებმა თავიდან სასწაულები მოახდინეს, მაგრამ მერე ილუზიებს აჰყვნენ"
თორნიკე შარაშენიძე: - არსებობს ბი-ბი-სის ინტერაქტიული რუკა, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ასახავს. ამ რუკაზე მაისის მერე არაფერი შეცვლილა.ზალუჟნი სიმართლეს ამბობს და დახმარებას ითხოვს. დიახ, ის მართალია, რუსეთს თუ არ აჯობე ბევრ კომპონენტში, გამარჯვება შეუძლებელი იქნება. მე მისგან ერთი რამ მიკვირს - ახლა გაიგო, რომ რუსეთს ადამიანური რესურსის დაკარგვა არ ადარდებს, მაინცდამაინც საკუთარ ქვეყანაზე უნდა გამოეცადა ეს ჭეშმარიტება?!
- ხშირად იყო საუბარი რუსეთის ჩამოშლაზე...
- დიახ, ეს რუსეთის დამარცხების ყველაზე იოლი გზაა. ისიც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ პუტინს ყველაზე მეტად ამის ეშინია და ყველაფერს აკეთებს, ეს რომ არ დაუშვას. უკრაინელებმა თავიდან მართლაც სასწაულები მოახდინეს, მაგრამ მერე ილუზიებს აჰყვნენ.
- ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი ამბობს, რომ ვერ დაუშვებენ უკრაინაში პუტინის გამარჯვებას, მაგრამ აცხადებს: "უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით მეტი მსჯელობაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის საბოლოო წერტილი უკრაინაში", - ეს ნიშნავს, რომ დადგა მომენტი, როდესაც დასავლეთი უკრაინას აიძულებს გადადოს თავისი მიზნები?
- ამერიკაში არჩევნები ახლოვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელმა ჯონსონმა არჩევნები მოიგო და სპიკერი გახდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპსაც აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი. ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. გასაგებია, რომ ტრამპი ომს მეორე დღესვე ვერ დაასრულებს, მაგრამ უკრაინას ნამდვილად მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ტერიტორიების რაღაც ნაწილი დათმოს. ეს იქნება ძალიან მძიმე პროცესი, უფრო სწორად, უკრაინა უკვე არის ძალიან მძიმე დღეში. როგორც ჩანს, ზელენსკიც ხვდება ამას. თუ თავად რუსეთში არ მოხდა რამე, არ არის გამორიცხული, ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან ძალით დასვან. თუ ამერიკის არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, ის მარტივად ეტყვის ზელენსკის, რომ თუ არ დათმობს, დახმარებას შეუწყვეტს.
- რუსეთი უკვე ცალსახად არის დადანაშაულებული "ჰამასის" მხარდაჭერაში, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის ინტერესები ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაშიც იკვეთება. მეტიც, მსოფლიოში კიდევ არაერთი ცხელი წერტილია, სადაც ამ ორი ზესახელმწიფოს ინტერესები იკვეთება. რატომ უნდა მისცეს ამერიკამ რუსეთს უკრაინაში ამოსუნთქვის საშუალება, თუნდაც პრეზიდენტი ტრამპი გახდეს?
- როდესაც ტრამპი პრეზიდენტი იყო, არ მალავდა, რომ მთავარ საფრთხედ ჩინეთი მიაჩნდა, რუსეთი კი ჩინეთთან დაპირისპირების საშუალებად. ამიტომ არ არის გამორიცხული, ამერიკა შეურიგდეს რუსეთს ჩინეთის წინააღმდეგ. ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და უკრაინელებმაც.
- ვიდრე ტრამპი გახდება პრეზიდენტი, მანამდე როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთ-უკრაინის ომის სურსათის განვრცობა?
- მგონი, პირველი მსოფლიო ომის სცენარი განმეორდება, როდესაც ვერც ერთი მხარე ვერ მიიწევდა წინ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე გამოფიტვის ომი იწყება, გამოფიტვის ომში კი იმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამიტომაც არ არის კარგი უკრაინისთვის პოზიციური ომი და ამიტომაც შეეცადა ზალუჟნი ფრონტის ხაზზე გარღვევის შეტანას. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა. უკრაინას, ალბათ, მოუწევს კიდევ ერთი კონტრშეტევის წამოწყება, მაგრამ ისიც თუ ჩავარდება, მერე აღარ ვიცი.
ხათუნა ბახტურიძე