განხეთქილება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის?! - დაამძიმებს თუ არა ეს უკრაინის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას - კვირის პალიტრა

განხეთქილება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის?! - დაამძიმებს თუ არა ეს უკრაინის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას

„უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა არმიის სარდალი ვალერი ზალუჟნი გაკიცხა იმის გამო, რომ გენერალმა ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტთან“ საუბარში აღიარა - ომი ჩიხში შევიდაო“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „პრეზიდენტ ზელენსკის კრიტიკა გენერალ ზალუჟნის მიმართ უკრაინის ხელმძღვანელობაში განხეთქილებაზე მიანიშნებს“ (ავტორები - ენდრიუ კრამერი და მარია ვარენიკოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს შემოკლებით:

ჯერ პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, იგორ ჟვაკვას ნათქვამი, რომ ზალუჟნი თავისი განცხადებით რუსების წისქვილზე ასხამს წყალს და აგრესორს ბრძოლას უადვილებსო და შემდეგ თვით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება (კიევში ვიზიტით მყოფ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე), - გენერალი ცდება, სიტუაცია ჩიხში შესული არ არისო, იმ უთანხმოების მოულოდნელ საჯარო დადასტურებას წარმოადგენს, რომელიც უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელებს შორის არის გაჩენილი.

ვალერი ზალუჟნისადმი საყვედურები გამოითქვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ისე გაათავისუფლა თანამდებობიდან სარდლის ერთ-ერთი მოადგილე (სპეციალური ოპერაციების ჯარების უფროსი, გენერალი ვიქტორ ხორენკო), რომ არც ზალუჟნიმ და არც თვითონ ხორენკომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხმები უკვე საკმაო ხანია, ვრცელდებოდა პრეზიდენტსა და არმიის სარდლობას შორის არსებულ უთანხმოებაზე, ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით, კიევში მომხდარი საკადრო ცვლილებები და ზალეჟნის მიმართ გამოთქმული საყვედურები გასაკვირი არ უნდა იყოს.

მაგრამ ეს ყველაფერი ცნობილი ხდება იმ დროს, როცა უკრაინა რთულ მდგომარეობაში იმყოფება - როგორც სამხედრო, ასევე - დიპლომატიური თვალსაზრისით: კიევისათვის, პრაქტიკულად, წარუმატებელი აღმოჩნდა ჯერ კიდევ ივნისში დაწყებული კონტრშეტევა, მან ვერ გადალახა რუსული თავდაცვის ხაზი, პარალელურად კი, ევროპის დედაქალაქებში და აშშ-ის კონგრესში მატულობს სკეპტიციზმი უკრაინის დახმარების პერსპექტივის მიმართ. ამას ემატება ის გარემოება, რომ დასავლეთის ყურადღება დღეს უმეტესად გადართულია ახლო აღმოსავლეთზე, უკრაინისადმი ინტერესმა კი მოიკლო და მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ალექსი გარანი, უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, თავის კომენტარში ამბობს, რომ პრეზიდენტსა და გენერალს შორის მომხდარი საჯარო შეხლა-შემოხლა არა იმდენად პოლიტიკური ხასიათისაა, რამდენადაც პრაგმატულ-კომუნიკაციური: „რასაკვირველია, უმჯობესი იყო პრეზიდენტს და მის ოფისს არმიის სარდლობასთან ურთიერთობა დახურულ კარს მიღმა გაერკვია და მათი უთანხმოება საზოგადოებისათვის ცნობილი არ გამხდარიყო“, - აღნიშნავს ალექსი გარანი და იქვე დასძენს, რომ გენერალ ვალერი ზალუჟნის ნათქვამმა „ზოგიერთ დასავლელ მოკავშირეზე, ალბათ, მართლაც შეიძლება, ნეგატიური გავლენა მოახდინოს, უკრაინის დახმარების გაწევის თვალსაზრისით“.

მაგრამ უკრაინის საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - როგორ და რა მექანიზმით, რამდენად ობიექტურად ხორციელდება საკადრო ცვლილებები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში? იგივე გენერალი ვიქტორ ხორენკო წარმატებული ოფიცერია, მისი ხელმძღვანელობით მრავალი ისეთი ოპერაცია განხორციელდა, რომლის შედეგად რუსეთის არმიამ და შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. სწორედ იმ ოპერაციების (დივერსიების) წყალობით, რომელსაც აწ უკვე თანამდებობიდან მოხსნილი გენერალი თავისი ქვედანაყოფების მეშვეობით ახორციელებდა, უკრაინელებს განწყობა აუმაღლდათ და იმედი განუმტკიცდათ. სხვათა შორის, ეს საკადრო გადაწყვეტილება იმ ამერიკელ სამხედროებსაც გაუკვირდათ, რომლებისთვისაც ცნობილი იყო ვიქტორ ხორენკოს მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება.

რა თქმა უნდა, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება, დანიშნოს ან გაათავისუფლოს სპეცდანიშნულების ჯარების უფროსიც ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ვიქტორ ხორენკო, თუმცა რადგანაც იგი უშუალოდ ვალერი ზალუჟნის მოადგილე იყო და საკადრო ცვლილება ისე განხორციელდა, რომ იგი, ქვეყნის მთელი შეიარაღებული ძალების სარდალი, საქმის კურსში არ ჩააყენეს, ეს ვალერი ზალუჟნის ავტორიტეტის შებღალვას ნიშნავს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიმართ უკმაყოფილება ფრონტის ხაზზეც შეინიშნება. მაშინ, როცა ჯარისკაცები და ოფიცრები რუსებთან პირისპირ ომობენ და შემოდგომის წვიმების გამო ატალახებულ სანგრებში და ტრანშეებში სხედან, მათ არ მოსწონთ კიევში პრეზიდენტის ოფისის კაბინეტებში მჯდომი პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ამ ფაქტის კომენტატორები, მათ შორის - უკრაინის პარლამენტშიც, აცხადებენ, რომ გენერალ ვიქტორ ხორენკოს თანამდებობიდან გათავისუფლება სამოქალაქო პირების მხრიდან სამხედრო საქმეებში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე დამაზიანებელ მოქმედებას წარმოადგენს.

„ეს არის პოლიტიკური ჩარევა შეიარაღებული ძალების საქმეებში და საომარ მოქმედებებში“, - აცხადებს სოლომია ბობროვსკაია, ვერხოვნა რადას თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტია „გოლოსიდან“ არის არჩეული. „ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ამას ნეგატიური შედეგები მოჰყვება“, - თქვა დეპუტატმა ინტერვიუში. მისი ვარაუდით, რუსების წისქვილზე წყლის დასხმას და აგრესორისადმი დახმარებას სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახდენს ისეთი, მართლაც წარმატებული გენერლის თანამდებობიდან მოხსნით, როგორიც ვიქტორ ხორენკო იყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო