"ჩვენს შვილებს სექტემბერში თერაპიული პროცესი შეუწყდათ..." - რას ითხოვენ მთავრობისგან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები - კვირის პალიტრა

"ჩვენს შვილებს სექტემბერში თერაპიული პროცესი შეუწყდათ..." - რას ითხოვენ მთავრობისგან აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, მათ მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი დაიხურა, მთავრობის ადმინისტრაციას იმ თხოვნით მიმართეს, რომ ბავშვებისთვის თერაპიების გასაგრძელებლად ადგილი გამოყოფილიყო, თუმცა ეს პროცესი 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს და მშობლებთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

როგორც მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ.

ერთ-ერთი მშობლის, ანა დანელიას განცხადებით, მშობლებმა არ იციან როდის განახლდება ბავშვებისთვის თერაპიების სესიები.

„დღეს, სამწუხაროდ, აუტიზმის მქონე მშობლებს პრესკონფერენციის გამართვა დაგვჭირდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს შვილებს სექტემბერში თერაპიული პროცესი შეუწყდათ. ილიაუნის C კორპუსი ავარიული აღმოჩნდა და შესაბამისად, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი დაიხურა. ამის გამო, ჩვენ, მშობლებმა და თერაპევტებმა მთავრობის კანცელარიას იმ თხოვნით მივმართეთ, რომ ჩვენთვის გარკვეულ სივრცეში ფართი გამოეყოთ, სადაც უმტკივნეულოდ გაგრძელდებოდა თერაპიების სესიები. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაახლოებით, 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა. მთავრობის კანცელარიაში ერთი შეხვედრა იყო, რომელსაც ერთ-ერთი ჩვენი წარმომადგენელი, მშობელი მარი კორკოტაძე და თერაპევტი ესწრებოდა. ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პასუხები არ მიგვიღია. დღეს ყველაფერი კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ ვიცით, როდის ან რა სახით გაგრძელდება თერაპიები. ასევე, სახალხო დამცველთან გვქონდა შეხვედრა, რომელიც ამ კუთხით დაინტერესდა და ძალიან აქტიურად არის ჩართული. თუმცა, ჩვენი დღეს აქ შეკრებისა და პრესკონფერენციის გამართვის მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობლებმა, ანა დანელიამ.

"ინტერპრესნიუსი"