დიდი ტრაგედია უკრაინის არმიისთვის - რატომ დაუშვეს უკრაინელებმა იგივე საშინელი შეცდომა, რაც ქართველებმა 2008 წელს?! - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია უკრაინის არმიისთვის - რატომ დაუშვეს უკრაინელებმა იგივე საშინელი შეცდომა, რაც ქართველებმა 2008 წელს?!

გახარებული რუსი პროპაგანდისტები მესამე დღეა, შეუჩერებლივ ატრიალებენ სადაზვერვო დრონით გადაღებულ ვიდეოკადრებს, რომელზეც გამოსახულია დასახლებულ პუნქტში თავმოყრილ უკრაინელ სამხედროთა ჯგუფზე განხორციელებული მძლავრი აფეთქება...

უკრაინის არმიისთვის ეს ტრაგიკული შემთხვევა 3 ნოემბერს ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზთან მოხდა, როდესაც იმიერკარპატეთის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის არტილერისტების ნაწილს თავი მოუყარეს ფრონტისპირა სოფლის ეზოში, უკრაინის საარტილერიო-სარაკეტო ჯარების დღესთან დაკავშირებით, მათთვის ჯილდოების გადასაცემად...

1-u-1699260596.png
უკრაინის არმიის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების ერთ-ერთი ასეთი მოწყობა ტრაგიკულად დამთავრდა...

სავარაუდოდ, ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან რომელიღაცამ წინასწარ შეატყობინა რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკრაინელი არტილერისტების დაგეგმილი თავშეყრის შესახებ, რაც დაადასტურა რუსული სადაზვერვო დრონის მიერ გადაცემულმა ვიდეოკადრებმაც და რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი არტილერისტების ერთად შეჯგუფების ადგილს დიდი სიზუსტით ესროლეს „ისკანდერ-მ“-ის ბალისტიკური რაკეტა...

რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა უკრაინის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის არანაკლებ 28 ოფიცერი და ჯარისკაცი, დაიჭრა 53...

2-u-1699260648.png
რუსული სადაზვერვო დრონის მიერ გადაღებულ ვიდოკადრებში მოჩანს ფრონტისპირა სოფელში დასაჯილდოებლად თავმოყრილი უკრაინელი სამხედროები და მათი მანქანები...

უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ამ ტრაგიკული შემთხვევის სამსახურებრივი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, თუმცა დიდი გამოძიების გარეშეც ნათელია, რომ დაშვებული იქნა ელემენტარული, მაგრამ საბედისწერო შეცდომა - ომის დროს ფრონტის ხაზის სიახლოვეს სამხედროებისა და საბრძოლო ტექნიკის ერთად, ჯგუფებად თავმოყრა დაუშვებელია! მართალია, სოფელი დიმიტროვო ფრონტის ხაზიდან თითქმის 20 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ 500 კმ-ზე მფრენი „ისკანდერ-მ“-სთვის ეს დიდ მანძილს მაინც არ წარმოადგენს, ხოლო რა საშინელებას დაატრიალებდა ამ რაკეტის 480 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო ქობინი აფეთქების ადგილას, წარმოდგენაც კი არ ღირს...

3-u-1699260705.png
რუსული ბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ი უკრაინელი სამხედროების თავშეყრის ადგილზე ფეთქდება...

სხვათა შორის, ანალოგიური სარაკეტო დარტყმა თავად უკრაინელ არტილერისტებსაც აქვთ შესრულებული „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტებით, როდესაც ლუგანსკის ფრონტის ხაზის სიახლოვეს რუსი სამხედროები მწყობრში მოაწყეს და საათობით ალოდინეს რუსი გენერლის მისვლას...

გვინდა თუ არა, მოგვიწევს მძიმე პარალელის გატარება, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ანალოგიური საბედისწერო შეცდომა ქართული არმიის მე-4 ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურობამაც დაუშვა, როდესაც ცხინვალის აღმოსავლეთ შესასვლელთან, „დუბოვაია როშჩასთან“ პირადი შემადგენლობა მწყობრში მოაწყო, რომლის დროსაც რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა მათ კასეტური საავიაციო ბომბები დააყარა... ერთდროულად დაიღუპა არანაკლებ 22 ჩვენი მებრძოლი, ათეულობით დაიჭრა...

ეს ტრაგიკული ეპიზოდი ომის შემდეგ გაიხსენა მე-4 ბრიგადის ინკოგნიტო ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, რომლის ინტერვიუ სათაურით - „ჯარისკაცის მონათხრობი მეოთხე ბრიგადის შესახებ“ გამოქვეყნდა 2008 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „ბათუმელებში“

„... 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ავიაციამ ქალაქის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ გვიხაროდა, რომ ავიაცია გვეხმარებოდა. ვისი თვითმფრინავები ბომბავდნენ ცხინვალს, არ ვიცოდით. ამ დროს რატომღაც ხაზზე მოსაწყობად გამოგვიძახეს. ყველანი დანიშნულ ადგილზე შევიკრიბეთ. ერთი თვითმფრინავი შემობრუნდა, თავზე გადაგვიფრინა და ბომბები დაგვიშინა. რა მოხდა, არ ვიცი. ეტყობა, პილოტმა დაგვინახა და დაგვბომბა. თუმცა ჩვენი დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. დაბომბვის შედეგად უამრავი ჯარისკაცი დაგვეჭრა და დაგვეღუპა. როგორც მერე აღმოჩნდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა ჩვენს ბრიგადას წამოღებული არ ჰქონდა.

გამოუსწორებელი შეცდომა იყო მწყობრის მოწყობა, რადგან ომის დროს ასეთი რამ წარმოუდგენელია. მე იმით გადავრჩი, რომ ჩვენ ოცეულს მწყობრამდე 20 მეტრი გვაშორებდა. აფეთქების ტალღამ ხეს მიმანარცხა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი, ახლოს მდგომმა თანამებრძოლმა მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დავშლილიყავით. ირგვლივ უამრავი დაჭრილი და დაღუპული იყო. ყველაფერი აირია. ჯარი უმეთაუროდ დარჩა.“

გარდა ამ ინკოგნიტო ჯარისკაცისა, ბევრი სხვა, იქ მყოფი სამხედრო მოსამსახურეც იხსენებს იმ ავადმოსაგონებელ მოწყობას ცხინვალის შესასვლელთან მაშინ, როდესაც ქალაქს დაბალ სიმაღლეზე მოიერიშე თვითმფრინავები დასტრიალებდნენ და ჩვენს მებრძოლებს ისინი ქართული ეგონათ, მიუხედავად იმისა, რომ 8 აგვისტოს დილის 9 საათისთვის ყველა ქართული მოიერიშე თვითმფრინავი (მას შემდეგ, რაც დილის 6 საათისთვის ხუთმა მათგანმა კოპიტნარის აეროდრომიდან თითო-თითო საბრძოლო გაფრენა განახორციელა) უკვე აეროდრომებზე იყო გადამალული და მათ, რუსული გამანადგურებლების მხრიდან ჩამოგდების შიშით, ომის ბოლომდე აღარც უფრენიათ, მაგრამ ამის შესახებ რატომღაც არ იყო ინფორმირებული ცხინვალთან შეტევაზე გადასული ქართული ქვეითი დანაყოფების მეთაურობა და ამიტომაც დაბალ სიმაღლეზე მფრენ „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს ხელის ქნევით ესალმებოდნენ, იმის მაგივრად, რომ მათთვის „გრომებიდან“ საზენიტო რაკეტები ესროლათ, მაგრამ ცხინვალზე დასავლეთის მხრიდან შეტევისას მე-4 ქვეით ბრიგადას ჰქონდა კი თან წაღებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები?

8 აგვისტოს, დღის 2 საათისთვის, ამ ბლოგის ავტორი სოფელ ერგნეთში, ერთ-ერთი სახლის სახურავიდან ვიდეოოპერატორთან ერთად იღებდა ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც ორმა „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა თავზე, 30-50 მეტრის სიმაღლეზე გადაგვიფრინა - მიმყოლ მეორე მოიერიშეს კუდის ნაწილში, კილზე, დიდად ეხატა რუსეთის სამფეროვანი დროშა, რამაც ჩემთვის იმ წამსვე ნათელი გახადა, თუ ვინ ბომბავდა ცხინვალის მისადგომებს და თავად ცხინვალის საცხოვრებელ სახლებსაც კი...