ვინ და რატომ წევს პანთეონში?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ წევს პანთეონში?!

გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილი ადამიანებისათვის ჯერაც ამოუცნობი ფენომენია, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს. შიში და ინტერესი, სიკვდილს, ერთდროულად, საზეიმო და სამგლოვიარო განწყობას სძენს. ალბათ, ამიტომ მოამზადეს ოდესღაც, განსაკუთრებული ადამიანებისათვის განსაკუთრებული ტერიტორია და მას პანთეონი უწოდეს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმიანობისა და ცხოვრების წესის გამო, ხალხისგან საყოველთაო აღიარებას იღებენ. მოგეხსენებათ, სიკვდილის შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი სხვა, კარგი კუთხით ჩანს. ამიტომ, მათდამი პატივისცემა რამდენიმეგვარად გამოიხატება: ან წმინდანად რაცხავენ, ან პანთეონში კრძალავენ, ან, ორივეს ერთად!

თუმცა, რაც უფრო დიდია პანთეონი, მით უფრო ბევრი და უცნაური ადამიანი ხვდება. უცნაურობებით საქართველოც გამოირჩევა, სადაც ადგილები პანთეონშიც, ისევე როგორც, ბევრ სფეროში, არასწორად ნაწილდება. აბა სხვა რა უნდა ეწოდოს შემთხვევას, როცა საუკეთესო მწერლები რიგით სასფლაოებზე განისვენებენ, დიდუბის პანთეონში კი რომელიმე საზოგადო მოღვაწის, თავის დროზე, ალბათ, პირმშვენიერ მეუღლეს დაუდია ბინა. მისი ერთადერთი დამსახურება ერის წინაშე, აღნიშნული მეცნიერისათვის მყუდრო ბუდის მოწყობაა. არა, რა თქმა უნდა, ბუდე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სპეციალურ და საპატიო ადგილზე მე ზოგიერთი მწერლის საფლავი მირჩევნია, იყოს.

პანთეონის თემამ ბოლო პერიოდში იმ ცნობილი და  ვერშემდგარი გათხრის შემდეგ წამოიწია. ამომთხრელმა, ვინმე მერაბმა განაცხადა, რომ „მაინც ამოთხრის“. ამოთხრა მერაბს თავის მისიად მიაჩნია რაც ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაა. უნდა გამოვტყდეთ, რომ პროტესტის ნიშნად ამ იდეაზე ექსკლუზივი მერაბს არ ეკუთვნის: ორი წლის წინ მთაწმინდაზე ჩვენი პირველი პრეზიდენტის მრავალტანჯული ცხედრის საფლავიდან ამოღების პროცესი, რაღაცა პროტესტის გამო, მთელი სერიოზულობით მიმდინარეობდა. ინიციატორი განსვენებულის მეუღლე გახლდათ.

ისე, ვინ იყო ჯაბა იოსელიანი?! როგორც ქართველებს გვახასიათებს, ამ ადამიანის მიმართაც, ორი, ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული დამოკიდებულება არსებობს და, ვფიქრობ, ჩემთვის მისი პიროვნება ისევე, როგორც 90-იანები, გამოცანად დარჩება. დარჩება იმიტომ, რომ ამ პერიოდის გაქექვას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო იმღვრევა წყალი.

არადა, მაინტერესებს ეს 90-იანები. მაინტერესებს თავისი ეროვნული თუ ვაიეროვნული მოძრაობით, პატრიოტთა ბანაკებში გარეული, გაშიფრული და გაუშიფრავი კგბ-ს აგენტებით, თუნდაც, ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტებით, რომლებიც უცნაურ ვითარებაში დაიღუპნენ და რომელთა სიკვდილიც იმხელა კითხვის ნიშანს სვამს, წინ ვერ მიდიხარ; მაინტერესებს 90-იანები, მაგრამ ვიცი, რომ ეს ძალიან უცნაური გამოცანაა და მის ამოხსნას ვერ შევძლებ. ვერ შევძლებ იმიტომ, რომ არ არსებობს რეალური ინფორმაცია. იმიტომ, რომ ამ პერიოდის მომსწრე ადამიანები ან დუმან, ან თავისსავე მოგონილ მითებში ცხოვრობენ და სჯერათ, რომ ისტორია სიმართლეს თავისით იტყვის. არადა, დრო გადის. ეს ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, არსებობას თავიდან, ტყუილში კი არა, სიმართლეში არ დავიწყებთ.

ახლა ძალიან შორს წავედი, ჩემი დარდი და სტუდენტობის დროინდელი გულისტკივილი გადმოვანთხიე მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: როცა ჯაბას პანთეონში მარხავდნენ, იმ დროს ჭკუაში ჩავარდნილი ადამიანებო და პატრიოტებო, მაშინ რატომ არ გამოთქვით პროტესტი ახლა, ამდენი წლის მერე რომ აგიტყდათ?