გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალები - რას ჰყვება პროკურორი
პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა, ავთანდილ თათარაშვილმა გაქცეული პატიმრები ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით უზრუნველყო.
მისივე თქმით, საქმეში არაერთი მტკიცებულება იკვეთება იმისა, რომ ავთანდილ თათარაშვილი გაქცეულ მსჯავრდებულებს დაეხმარა.
"ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული - მსჯავრდებულების გაქცევა და ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანიზებისთვის შეეტყობინებინა, ისინი უზრუნველყო ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით. საქმეში მოიპოვება არაერთი მტკიცებულება, რაც ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ეს პირი ნამდვილად დაეხმარა გაქცეულ მსჯავრდებულებს," - განაცხადა ლაშა ამირანაშვილმა.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის წევრს - როგორც პროკურორი აღნიშნავს, მან პატიმრები უმეთვალყურეოდ დატოვა.
"აღნიშნულმა პირმა უმეთვალყურეოდ დატოვა მსჯავრდებულები. გარდა ამისა, სპეციალური სივრცე არ ჩაკეტა გასაღებით და აღნიშნული გასაღები არ გადასცა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, რასაც შედეგად მოჰყვა მსჯავრდებულების გაქცევა," - აღნიშნა პროკურორმა.
ცნობისთვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს. საქმეზე დაკავებული ბადრაგის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე კი სასამართლო დღეს იმსჯელებს.
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე, საბადრაგო ჯგუფის უფროსი, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა.
"ინტერპრესნიუსი"