"ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ისე დატოვა მანქანა, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა" - პროკურორი - კვირის პალიტრა

"ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა ისე დატოვა მანქანა, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა" - პროკურორი

პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის განცხადებით, ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები მათი მოთავსების სივრცის კარის შიგნიდან გახსნას ცდილობდნენ, თუმცა მან ისე დატოვა სატრანსპორტო საშუალება, რომ კარი გასაღებით არ დაკეტა.

პროკურორის თქმით, ამას აცხადებს თავად ბრალდებული და ასევე, ეს ჩანს სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის კადრებიც.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პატიმრების გაქცევის მომენტში ბადრაგი "ავერსის" კლინიკაში იყო შესული.

"ბადრაგირების წესის შესაბამისად, მას ევალებოდა, რომ განეხორციელებინა მეთვალყურეობა მსჯავრდებულებზე, ასევე მას ევალებოდა, რომ არ დაეტოვებინა უმეთვალყურეოდ მსჯავრდებულები, რომლებიც იყვნენ განთავსებულნი სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ სივრცეში. მას აღნიშნული სივრცე უნდა დაეკეტა გასაღებით და ეს გასაღები უნდა გადაეცა საბადრაგო ჯგუფის უფროსისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ მანამდე ვიდრე მსჯავრდებულები გაიქცეოდნენ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებიდან, ბრალდებულმა შენიშნა, რომ მსჯავრდებულები ცდილობდნენ მათი მოთავსების სივრცის კარის გახსნას შიგნიდან, რისი გახსნაც საბოლოოდ მოხდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქმედება შენიშნა ბრალდებულმა, მან ისე დატოვა სატრანსპორტო საშუალება რომ არ დაკეტა გასაღებით," - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ჯამში კიდევ სამი პირი. საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს კი 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

"ინტერპრესნიუსი"