დედის რძე გუდიაშვილის ბაღში ანუ „ანტიესთეტიკა საზოგადოების გამოსაცოცხლებლად“ - კვირის პალიტრა

დედის რძე გუდიაშვილის ბაღში ანუ „ანტიესთეტიკა საზოგადოების გამოსაცოცხლებლად“

თხუთმეტში, გუდიაშვილის სკვერში გამართულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე რომ მივდიოდი, სიმართლე გითხრათ, ვერცკი წარმოვიდგენდი თუ იქ ამდენი ხალხი დამხვდებოდა. ჩვეულებრივ, სოციალური ქსელით დაგეგმილ აქციებზე იმაზე ბევრად ნაკლები ხალხი დადის, ვიდრე ფეისბუკზე პოსტებით აქტიურობს, ამიტომაც იმდღევანდელი ხალხმრავლობა, ცოტა არ იყოს, უჩვეულო იყო. თუმცა, არამარტო ბევრი დემონსტრანტი იყო ყველაზე უცნაური რამ, რისი ნახვაც იქ შეგეძლოთ.

„გამოიტანეთ გასაყიდად ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლით“ იყო ერთადერთი პირობა ამ აქციისა, საიდან შემოსული თანხაც ისევ გუდიაშვილის სკვერის დასაცავად შემდეგში გასამართ დემონსტრაციებს უნდა მოხმარებოდა. ჰოდა, რას არ ნახავდით აქ: ძველ პლასტიკურ ფირფიტებს, მედალიონებს, ნახატებს, ალკოჰოლურ სასმელებს... ამდენ ხალხში კი, შუა მოედანზე იჯდა გოგონა, რომელიც განსაკუთრებით იპყრობდა ყველას ყურადღებას. ეს ნატალია ნებიერიძე იყო, რომელმაც გუდიაშვილზე, გასაყიდად რძე გამოიტანა: საკუთარი რძე, დედის რძე, რომელსაც იქვე, ხალხის მკერდიდან იღებდა და პოლიეთილენის ჭიქაში ასხამდა.

მოგვიანებით, როდესაც ვკითხე, ხალხის რეაქციის არ შეგეშინდა, როდესაც ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტე მეთქი? - მიპასუხა, ვიცოდი, რომ ეს სიგიჟე იყო და ძალიან დიდ უარყოფით რეაქციასაც გამოიწვევდა, თუმცა ვიფიქრე, ღირდა ამის გაკეთებაო.

ამ დროს კი ეს „უარყოფითი რეაქცია“ უკვე ძალიან იყო ხალხს მოდებული, მიუხედავად იმისა, რომ აქციის შემდეგ სულ რამდენიმე დღე იყო გასული. ვიდეო სწრაფად მოედო სოციალურ ქსელს. იმავე საღამოს „იუთუბზე“ უკვე კომენტარებისა და შეფასებების ბუმი იყო და, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ეს კომენტარები, ძირითადად, ლანძღვა-გინებას შეიცავდა. თუმცა არცთუ ცოტა იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „პერფორმანსი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ისეთი დახურული საზოგადოებისათვის, როგორიც საქართველოშია“.

ასეთი აქცია საქართველოში პირველად არ მომხდარა. ნატალია ნებიერიძის ამ ქმედებამ ბევრს რამდენიმე წლის წინ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ გათამშებული „სველი წრე გაახსენა“. მაშინ ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ სახეში აფურთხებდა (ეს იყო სტუდენტების საგამოცდო პროექტი თემაზე „აგრესია“), საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აგრესია გამოიწვია. თვითონ აკადემიის რექტორი კი ამ წარმოდგენას „არაესთეტიკურობის მიუხედავად, დადებითად აფასებდა“. „პერფორმანსის“ მიზანი კი, როგორც თვითონ სტუდენტები ამბობდნენ, რომ სწორედ საზოგადოების აღშფოთების გამოწვევა იყო.

„ყოველდღიური რუტინიდან ამომგდები რაც მეტი რაც მეტი აქტი მოხდება ჩვენს საზოგადოებაში“, მით უკეთესია, ამბობს ნატალია ნებიერიძეც. ის ლანძღვა-გინებაც კი, რომელიც სოციალურ ქსელზე მის მიმართ იყო, დადებით მოვლენად მიაჩნია, რადგან ამან „საზოგადოებაში ბზარები გაჩინ საკმადოდ მნიშვნელოვანი დისკუსია წამოსწია“.

ადამიანის იმ ნაწილისათვის, რომელმაც „პერფორმანსი“ მოიწონა, ეს ეპატაჟია და სწორედაც რომ ხალხში უარყოფითი რეაქციის გამოწვევაზეა გათვლილი. ეს ანტიესთეტიკაა, რომელიც ხელოვნების ნაწილი გახდა. მთლად ზუსტი შედარება ვერაა, მაგრამ ოდესღაც, დაახლოებით, ასეთი რამ 1917 წელს ნიუ იორკში მოხდა, როდესაც მარსელ დიუშანმა გამოფენაზე გაიტანა ჩვეულებრივი პისუარი, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. მისი „ქმნილება“, გამოფენიდან, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გაუძახეს, თუმცა, მას შემდეგ ეს პისუარი ეპატაჟის ხელოვნების ხელოვნების კლასიკური მაგალითი გახდა. უფრო ზუსტად კი არა თვით პისუარია ხელოვნება, არამედ მცდელობა იმისა, რომ ყველასათვის მიღებულ სივრცეში შეიტანო რაღაც სრულიად წარმოუდგენელი და განსხვავებული რამ.

თუმცა, როგორც ჩანს ეს ვერაფერი გამართლებაა იმ ადამიანების თვალში, ვინც „იუთუბზე“ გავრცელებულმა ამ ვიდეომ, რბილად რომ ვთქვათ, აღაშფოთა. „პერფორმანსი - საერთაშორისო სიტყვა ბოდიშით და " შიგნაკრაობის " ასახსნელად... ბევრი ცდილობს რაღაც განსაკუთრებულით გააოცოს ხალხი ... ოღონდ რატომღაც სულ უარყოფითით აოცებენ, დანარჩენზე ალბათ ფანტაზია არ ყოფნით... რაიმე ისეთი მოიფიქრეთ , რომ მშობლებლებს ეამაყებოდეთ და სამშობლოს...“ წერს ერთერთი მომხმარებელი რომელსაც „ლაიქების“ (ანუ მომწონებლების) რაოდენობის მიხედვით 36 ადამიანი ეთანხმება. კომენტარის ადრესატის, ნატალია ნებიერიძის აზრით კი, რომელიც სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, „ეს ძალიანაც კარგია, რადგან ვინც ყველაზე მეტად გაბრაზდა, მას ეს ნაბიჯი ყველაზე მეტად შეეხო და იმოქმედა“.

მიუხედავად ამდენი უარყოფითი რეაქციისა, ერთი რამ ფაქტია: სოციალურ ქსელში სულ რაღაც, 5 დღის წინ გავრცელებული ვიდეო უკვე 22 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასეა თუ ისე, მსგავს მოვლენებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია. როგორც ნატალია ნებიერიძის მეუღლე, მიშა ხუნდაძე ამბობს, „სამწუხაროა, რომ, თუ რამე არ მოსწონს, საზოგადოება მხოლოდ გინებით გამოხატავს, თუმცა ძალიან კარგია დისკუსია, რომელიც ამ „პერფორმანსის“ ირგვლივ წამოიწია“ და ეს ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება.