"რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი მეგობარი, კირბალელი თამაზ გინტური" - რა დეტალები ხდება ცნობილი სოფელ კირბალთან მოხდარ უბედურებაზე? - კვირის პალიტრა

"რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი მეგობარი, კირბალელი თამაზ გინტური" - რა დეტალები ხდება ცნობილი სოფელ კირბალთან მოხდარ უბედურებაზე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

უფრო მეტი დეტალის გასარკვევათ ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ კირბალში, ბატონ დავით ცერცვაძეს. ის ადამიანების გატაცების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ უფრო მეტი დეტალი მისთვის უცნობია. მან ვერ დაგვისახელა კონკრეტულად რომელი პირია მოკლული. `ორივე მამაკაცი კირბალის მაცხოვრებელები არიან. ზუსტად ვერ გეტყვით დეტალებს. ჩემი ინფორმაციით ორი პიროვნებაა გატაცებული, მათგან რომელია გარდაცვლილი ვერ გეტყვით. ორივე კირბალის მაცხოვრებელია. შემიძლია დაგიდასტუროთ რომ სასწრაფო მოვიდა და წავიდა, გარდაცვალებაზე დეტალები ჯერ არ ვიცი. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იყვნენ გატაცებულები, თამაზი 62 წლის იქნება, ლევანი 30 წლამდეა, როგორც ჩანს ისინი გადასულები იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ დროს მოხდა ფაქტი. დღევანდელი ამბავია და სხვა ვერაფერს ვიტყვით ჯერჯერობით~,_ გვითხრა დავით ცერცვაძემ. ამ ორი პირიდან რომელია მოკლულია, ამაზე ჯერჯერობით მერის წარმომადგენელი არ საუბრობს.

დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს თამაზ გინტური.

"რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჩვენი მეგობარი, კირბალელი თამაზ გინტური.ყველა კირბალში!!! ჩამოდით ჯერ აქ!!!" - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

(სპეციალურად საიტისთვის)