"მკვლელობა მოხდა კირბალში, ლომისის ტაძრის მიმდებარედ. რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა? - კვირის პალიტრა

"მკვლელობა მოხდა კირბალში, ლომისის ტაძრის მიმდებარედ. რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქე" - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

"2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

"საშინელი ამბავი მოხდა, რუსმა ოკუპანტებმა გახსნეს ცეცხლი და მოკლეს ერთი ჩვენი ადგილობრივი მაცხოვრებელი და ერთი გაიტაცეს. ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. ძალიან მაგარი ადამიანი მოკლეს რუსებმა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, ეს არის გამოწვევაზე მეტია. გატაცება და მკვლელობა მოხდა კირბალში, ლომისის ტაძრის მიმდებარედ. ახლა ვცდილობ კირბალში შესვლას, მაგრამ პოლიცია არ მაძლევს შესვლის საშუალებას. ვეცდები რომ ჩავიდე სოფელ კირბალში. რა გავაკეთოთ გაგებით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს? რუსებმა მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქე. რომელიც მოკლეს, იყო უმაგრესი ადამიანი. ბოლო წამამდე მქონდა იმის იმედი, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ამბავი დადასტურდა",- ამბობს ლაივჩართვისას ქაცარავა და წერს, რომ მოკლული მამაკაცი კირბალში მცხოვრები თამაზ გინტურია. როგორც ჩანს მეორე პირი, ლევან დოთიაშვილი გატაცებული ჰყავთ რუს ოკუპანტებს.

(სპეციალურად საიტისთვის)