"ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს"

პარტია „ლელო“ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

„ლელო“ აცხადებს, რომ ახლა ხელისიფულება უნდა ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

„ლელოს“ შეფასებით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობა „ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის” შედეგია.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს.

ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ. მოკლა საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს:

1.ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა;

2.იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად;

3.დაუყოვნებლივ მიმართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო”, - აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული პირი თამაზ გინტურია.

"ინტერპრესნიუსი"