რუსული ბიზნესი საქართველოში - თევზი წყალში - კვირის პალიტრა

რუსული ბიზნესი საქართველოში - თევზი წყალში

"ინტერ რაოს" შვილობილი კომპანია "თელასი", "ჯორჯიან ვოტერ ენდ ფაუერი", რომელიც "რაო ეესთან" ასოცირდება, "ბილაინი", "ლუკოილი", "მადნეული" და "კვარციტი" - რუსულენოვანი "ფორბსი" აქვეყნებს იქაური ბიზნესების იმ ჩამონათვალს, რომლებიც არამეგობრულ საქართველოში საკმაოდ კომფორტულად მოკალათებულან. "ფორბსი" ოფიციალურ სტატისტიკასაც იშველიებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ 2010 წელს რუსეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა ხუთჯერ გაიზარდა. მსხვილი კომპანიების გარდა, საქართველოში შედარებით "მოკრძალებულ" რუს ინვესტორებსაც დაუბანდებიათ სარფიანად კაპიტალი. მაგალითად, პაველ კუროშს, რომელიც რუსული კომპანია "ენ-ბი-ეს კაპიტალის" თანამფლობელია, საქართველოში ზეთისხილი გაუშენებია. ამისთვის რუს ბიზნესმენს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად 300 ჰექტარი სავარგული უყიდია და კიდევ 10000-ის ყიდვას აპირებს. მისი თანამემამულე ეგორ კრიუკოვი კი თბილისში მხოლოდ ერთი წლის წინ ჩამოვიდა და თბილისში ავტომობილების პროფესიონალური სადიაგნოსტიკო ცენტრი გახსნა. ბიზნესი მალევე გააფართოვა და წარმოშობით უზბეკმა, დედაქალაქში უზბეკური სამზარეულოს რესტორანიც გახსნა.

"არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი", - ამ ცნობილი გამონათქვამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აქვე ქართული ბიზნესი მინდა მოვიკითხო, რუსულ ბაზარზე დღემდე რომ არ დაიშვება.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "რუსული ბიზნესის საწინააღმდეგო საქართველოში არაფერი მაქვს, ის თავისუფალ ბაზარზე უნდა მოქმედებდეს, მაგრამ გამომდინარე იმ სპეციფიკიდან, რომ მონოპოლიურ სისტემებში და არა საზოგადოდ, ბიზნესში, შეიძლება პოლიტიკური ინტერესი ჰქონდეს რუსულ სახელმწიფოს, ბუნებრივია, შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს. ვგულისხმობ ისეთ მონოპოლიურ სისტემებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, ანუ ისეთი სფეროები, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს ფართო სოციალურ ფენებთან და ხასიათდება ბუნებრივი მონოპოლიისთვის დამახასიათებელი რისკებით. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს და არა მხოლოდ რუსულ ბიზნესისთვის, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესისთვის.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა "რაო ეესის" ინტერესები საქართველოში, რომლის შვილობილი კომპანია "თელასია". ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოგება და შემოსავლები, რომელიც ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად ფორმირდება, პირდაპირ კრემლის შემოსავალია. ხოლო ირიბად ეს თანხა დივიდენდების სახით შესაძლოა არცთუ სასიკეთო მიზნით ბრუნდება საქართველოში. მეტსაც გეტყვით, "თელასი" უნიკალური შემთხვევაა, რადგან დენის გადასახადს მიება წყლის, დასუფთავების გადასახადი და ფაქტობრივად გაჩნდა მექანიზმი იმისა, რომ ეს შესაძლოა ქმედითი სოციალური ბერკეტი გახდეს "რაო ეესის" ხელში. გარდა ამისა, ეს ყველაფერი საინფორმაციო უსაფრთხოებასაც უკავშირდება. ჩვენი ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ რუსეთს აგენტურა ჰყავს საქართველოში, მათ შორის იმისთვისაც, რომ ეკონომიკური ინფორმაცია მოიპოვონ. "თელასს" რეალურად აქვს სრული სურათი თბილისში მცხოვრები ნებისმიერი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ. ამ ინფორმაციას ის აბსოლუტურად ლეგალურად იღებს და ასევე ლეგალურად შეუძლია მიაწოდოს თავისი ქვეყნის სპეცსამსახურებს.

მე არ ვამტკიცებ, რომ ამ ინფორმაციას ვიღაც ყოველდღიურად იყენებს, მაგრამ ამის პოტენციური საფრთხე ნამდვილად არის. სასაცილოა, როცა ხელისუფლება ხშირად გველაპარაკება ბიძინა ივანიშვილის, ან რომელიმე სხვა ბიზნესმენის კაპიტალის რუსულ წარმომავლობაზე. ხშირად ოპოზიციაში ეძებენ რუსეთისთვის მომუშავე ადამიანებს, მაშინ როცა ყველასთვის თვალნათელია, როგორ აქვთ თავად შექმნილი ინტეგრირებული სისტემები, რომელთაც ლობირებენ. ამის დასტურია თუნდაც "თელასის" მაღალი ტარიფები და ელექტროენერგიას მიბმული გადასახადი, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. ამ ყველაფრის მაკონსოლიდირებელი კი რუსული კომპანია "რაო ეესია". თან, ეს ხომ არ არის მხოლოდ ბიზნესსტრუქტურა, ეს არის რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც იმართება პოლიტიკური მოტივაციით პირდაპირ კრემლიდან.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ "რაო ეესის" ყოფილი "ტოპმენეჯმენტი" მართავს "თბილისის წყალსაც", რაზეც დღემდე დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია. იგივე ეჭვი არსებობს "ენერგო პროზეც", რომელიც რეგიონულ დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში. მართალია, კომპანია ჩეხეთშია რეგისტრირებული, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგივე ხელი აკონტროლებს, რაც "თელასსა" და "თბილისის წყალს". თუ ერთი წამით წარმოვიდგენთ, რომ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა გამოდის? საქართველოს მთელ ენერგოდისტრიბუციას, უფრო ზუსტად კი მის ძალიან "მსუყე ნაჭერს", მთლიანად კრემლი აკონტროლებს. ხელისუფლება კი ამაყობს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს სასაცილოა, რადგან გამოდის, ეს ყველაფერი კრემლიდან იმართება და თუ ამას ჰქვია ენერგოდამოუკიდებლობა, მაშინ ოკუპაცია რა არის?! XXI საუკუნეში ქვეყნების ოკუპაცია მარტივი მეთოდებით არ ხდება და სულაც არ არის აუცილებელი ეს ტერიტორიების დაპყრობას ნიშნავდეს. ჩვენს დროში ქვეყანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ღია ტიპის სააქციო საზოგადოება, სადაც თამაშის წესებს კარნახობს ის, ვისაც აქვს საკონტროლო პაკეტი. თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოში ენერგოდისტრიბუციას მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, ამასთან, მისი გენერაციის გარკვეულ ნაწილსაც, და თუ დავამატებთ კიდევ სხვა ინტერესებს ტელესაკომუნიკაციო სისტემებში, ოქროს ბიზნესში და ა.შ., საბოლოოდ მივიღებთ სურათს, რომ ჩვენ უკვე ოკუპირებული ვართ.

ამ რიტორიკული ომის ფონზე რუსეთთან, ძირითადი დივიდენდი ქართული ეკონომიკიდან ფაქტობრივად მიდის კრემლში, იქ ეს თანხა კონვერტირდება იმ ტანკებში, რომლითაც ხდება შემდეგ ფიზიკური ოკუპაცია.

ამ ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ "გაზპრომთან" ბიძინა ივანიშვილის კავშირზე. ერთადერთი დადასტურებული ფული, რომელიც "გაზპრომიდან" შემოვიდა საქართველოში, ეს არის ბენდუქიძის მიერ შემოტანილი კაპიტალი. "გაზპრომს" მთელი თავისი აქტივები ბენდუქიძემ მიჰყიდა, შემდეგ ამ ფულით ჩამოვიდა საქართველოში და ეკონომიკის მინისტრი გახდა. სწორედ ის ლობირებს "გაზპრომის" ინტერესებს საქართველოში. ეს არის კონკრეტული ინფორმაცია, მაგრამ ამაზე რატომღაც ყველა დუმს".

დავით ნარმანია, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:

- ორი ძირითადი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ საიმისოდ, თუ რატომ იზღუდება საქართველოში რუსული ინვესტიციები და მეტიც, გარკვეულწილად მათი წახალისებაც კი ხდება. პირველი - საინვესტიციო შიმშილის პირობებში ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციის შემოსვლა, ხოლო საიდან შემოდის და ვინ დგას მის უკან, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. როცა ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტია, დიდი პრობლემებია დასაქმებასა და საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებაში, ხელისუფლება ცდილობს, ნაწილი ინვესტიციების მიღებით შეავსოს, ამიტომ უარს არ ამბობს ინვესტიციაზე, რომელიც შესაძლოა იყოს რუსული ან ოფშორული ზონიდან შემოსული, ან ნებისმიერი სხვა არასასურველი სივრციდან მიღებული.

მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ ასეთი თავისუფლება რუს ინვესტორებს საქართველოში, ის არის, რომ მიუხედავად 2008 წელს გამწვავებული კონფლიქტისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეუქმნა მათ პრობლემები და კვლავაც გრძელდება რუსული საინვესტიციო აქტივობა საქართველოში.

- ამბობენ, რომ ფულს ეროვნება არა აქვს, მაგრამ რამდენად გამართლებულია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტების იმ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი კომპანიისთვის გადაცემა, რომელთანაც კონფლიქტი გაქვს?

- წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით არის საფრთხეები. ვგულისხმობ მილიტარისტულ და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. მაგრამ ეკონომიკაში ასევე არსებობს ცნება - ეკონომიკური ექსპანსია, როცა ერთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ცდილობს მეორე ქვეყნის ბიზნესებისა და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებით მასზე გავლენა გააძლიეროს. ამ შემთხვევაში მეორე შემთხვევასთანაც გვაქვს საქმე, ანუ გარდა პოლიტიკური ბერკეტებისა, რუსეთი საქართველოში ეკონომიკურ ბერკეტებსაც იყენებს. ის ცდილობს ენერგეტიკული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში ინვესტიციის ჩადებით გააძლიეროს თავისი გავლენა საქართველოში. გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა თავისი თამაშის წესები დააწესოს და სუვერენული ქვეყანა უძლური აღმოჩნდეს მათ წინაშე.

რაც შეეხება ეკონომიკური თვალსაზრისით ამის მომგებიანობასა თუ მიზანშეწონილობას, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის გამწვავებულია ურთიერთობა და ჩნდება ეკონომიკური ინტერესები, ეს მეტად დამაფიქრებელია. შესაძლოა ქვეყანამ უარი თქვას გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელზე, თუ ის პოლიტიკური ან მილიტარისტული თვალსაზრისით ხედავს საფრთხეებს. პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ხელისუფლებამ ანაცვალოს ეკონომიკური ინტერესები, რასაც ამ შემთხვევაში არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ის ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. რუსეთს უწოდებს ოკუპანტს და ამაში მეც ვეთანხმები, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა მისცე შენს ეკონომიკურ სივრცეში თავისუფლად პარპაშის უფლება".

(სპეციალურად საიტისთვის)