"პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ ასე თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე და პრემიებსაც კი იღებენ იმაში, რაც უფრო მეტ ქართველს გაიტაცებენ და წაიყვანენ ცხინვალის იზოლატორში"
ეს „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა კი არა, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკაა, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ახორციელებენ , - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტზე განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ინსტიტუტების ჩამოშლა პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ „ასე თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე“.
„ეს „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა კი არა, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკაა, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ახორციელებენ, მათ აბსოლუტურად მოშალეს და მოარღვიეს სახელმწიფოებრივი ღირსება, სახელმწიფოს იმუნიტეტი. პირდაპირი სიგნალია ოკუპანტისთვის, რომ მათ შეუძლიათ ასე თამაშივით ნადირობა მოაწყონ საქართველოს მოქალაქეებზე და პრემიებსაც კი იღებენ იმაში, რაც უფრო მეტ ქართველს გაიტაცებენ და წაიყვანენ ცხინვალის იზოლატორში. ასეთი უბედურებით და ენით აღუწერელი ტრაგედიით დასრულდა დღეს - მკვლელობით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"