გასროლა ლომისის ტაძართან ანუ მკვლელობა რუსულად - "ერთმორწმუნე" ოკუპანტის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულის დეტალები
6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
“2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სუს-ი ავრცელებს.
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სოფელ კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე.
"ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები.
„ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, "პალიტრანიუსის" გადაცემა "360" გრადუსი" "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.
გოგა აფციაურმა, რომელიც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იყოფება, განაცხადა, რომ გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული.
„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა. ეს არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშში, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე წლის წინ დაიკავეს. ბოლი დროს ეკლესიის კარიც კი აჭედეს, იმიტომ რომ იქ არ მისულიყვნენ ადგილობრივები.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ეკლესიასთან იმყოფებოდა ადგილობრივი მცხოვრები, თამაზ გინტური, რომელიც გარდაცვლილია და მისი ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის გორის ბიუროშია გადასვენებული“,- განაცხადა აფციაურმა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილას ასევე იმყოფებოდა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებს ჰყავთ დაკავებული.
ხოლო მეორე ადგილობრივმა გაქცევა მოახერხა და სწორედ, მან შეატყობინა სოფლის მცხოვრებს მომხდარის შესახებ.
„ასვე დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ლევან გოთიაშვილი. ამავე სოფლის მცხოვრებმა, ერთმა მოქალაქემ მოასწრო გაქცევა. ამჟამად ის პოლიციაშია გადაყვანილი და მასთან გამოკითხვა მიმდინარეობს. ის არის ერთადერთი ოქროს მოწმე, რომლის გვარი და სახელი არ ხმაურდება. ის გამოექცა ოკუპანტებს და მან შეატყობინა ადგილობრივების მომხდარის შესახებ“,- განაცხადა აფციაურმა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ კირბალის შესასვლელი სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი.
„მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ საშუალება, მივიდნენ სახლებში. სოფლის შესასვლელთან განსაკუთრებული მობილიზებაა. მობილიზებაა ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც ინციდენტი მოხდა“, - განაცხადა გოგა აფციაურმა.