„სად წაიყვან სადაურსა“: როგორ აღმოჩნდა არქტიკის საკითხებზე მომუშავე „ბრაზილიელი პროფესორი“ რუსეთის ჯაშუში? - კვირის პალიტრა

„სად წაიყვან სადაურსა“: როგორ აღმოჩნდა არქტიკის საკითხებზე მომუშავე „ბრაზილიელი პროფესორი“ რუსეთის ჯაშუში?

ისტორიულად საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების სამიზნე, უპირველესად, საერთაშორისო ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციები, ასევე - ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების სპეცსამსახურები, საგარეო უწყებები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები არიან. იქ შესაღწევად რუსეთის საგარეო და სამხედრო დაზვერვები რთულ და მრავალსვლიან „ოპერატიულ კომბინაციებს“ გეგმავენ და ახორციელებენ. ამ გეგმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არალეგალი აგენტების მრავალწლიანი მომზადება, სათანადო ლეგენდების შექმნა და ზემოჩამოთვლილ სტრუქტურებში „ჩანერგვაა“. დღეს ერთ ამგვარ „ოპერატიულ კომბინაციას“ გავეცნოთ, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვამ „არქტიკისათვის ბრძოლისთვის“ ჩაატარა.

2022 წლის 25 ოქტომბერს ნორვეგიაში დააკავეს "ბრაზილიელი პროფესორი" და ქალაქ ტრომსიოში მდებარე ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის მკვლევარი ხოსე ასის ჯიამარიაა. ნორვეგიის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ დაკავებული სინამდვილეში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და არალეგალი აგენტი - მიხაილ მიკუშინი იყო, რომელიც 1984 წელს დაბადებული ბრაზილიის მოქალაქის, ხოსე ასის ჯიამარიას სახელზე გაცემული პასპორტით ცხოვრობდა ნორვეგიაში და მკვლევრად მუშაობდა ტრომსიოს უნივერსიტეტში. ნორვეგიის სასამართლომ "ბრაზილიელ პროფესორ ხოსე ასის ჯიამარიას“ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში წაუყენა ბრალი.

picture-1-1699335898.jpg
ეს „ბრაზილიის მოქალაქე ხოსე ასის ჯიამარიაა“

მიხაილ მიკუშინი 1978 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ეკატერინბურგში. სკოლის დაამთავრების შემდეგ რუსეთის არმიაში მსახურობდა. 2006 წელს დაამთავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-დიპლომატიური აკადემია - სამხედრო მზვერავების „სამჭედლო“. მიკუშინი გაძლიერებული სპეცპროგრამით სწავლობდა ინგლისურ და პორტუგალიურ ენებს, რაც იმას მიანიშნებს, რომ პირველ ეტაპზე მას პორტუგალიურენოვანი ქვეყნის მოქალაქის ლეგენდით უნდა გაევლო ლეგალიზაცია და შემდეგ აშშ-ში ან ევროპაში გადასულიყო საცხოვრებლად.

picture-1-1699335927.jpg
ეს კი რუსი ჯაშუში მიხეილ მიკუშინია

საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები არალეგალი აგენტების შესანიღბად ხშირად იყენებენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოქალაქის პასპორტებს, რასაც სამი მიზეზი აქვს:

1. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოქალაქის ლეგენდური ბიოგრაფიის შექმნა და პასპორტის აღება შედარებით მარტივია;

2. დაეჭვების შემთხვევაშიც კი, სამხრეთ ამერიკაში დაბადებული პირის ბიოგრაფიის გადამოწმება ევროპიდან და აშშ-დან რთულია;

3. უცხო ყურისთვის ინგლისურად მოსაუბრე პირის რუსული და პორტუგალიური აქცენტები ძალზე წააგავს ერთმანეთს.

ამიტომაც რუსი მიკუშინის აქცენტი არ იწვევდა დაეჭვებას და წლების მანძილზე მას „ბრაზილიელ პროფესორად“ თვლიდნენ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ მიხეილ მიკუშინისთვის მიცემული დავალება ეხებოდა დღისთვის ძალზე აქტუალურ – არქტიკის ათვისების საკითხებს. დამუშავდა შესაბამისი ოპერატიული გეგმა (ამის გარეშე ნებისმიერი სპეცსამსახური ანარქისტულ დაჯგუფებას დაემსგავსება), სადაც ყველა წვრილმანი დეტალიც კი იყო გათვლილი. კერძოდ: არსებული რესურსები, დაგეგმილი ღონისძიებებისა და მოქმედებების თანმიმდევრობა, მათი კოორდინაცია, კონტროლი და ა.შ. რუს აგენტს თანდათანობით უნდა მოეპოვებინა არქტიკის პრობლემებში ღრმად ჩახედული მეცნიერისა და ექსპერტის სახელი. ერთი გარემოება კი, ცოტა არ იყოს, ძნელი ასახსნელი იქნებოდა: ბრაზილიის ცხელ კლიმატს მიჩვეული ახალგაზრდა რატომ მიისწრაფვოდა არქტიკის ყინულებისკენ? თუმცა რუსეთის სამხედრო დაზვერვას შესაბამისი ლეგენდაც მოფიქრებული ექნებოდა. 2011-2021 წლებში – „ბრაზილიის მოქალაქე „ხოსე ასის ჯიამარია“ (მიხეილ მიკუშინი), ძირითადად, კანადაში ცხოვრობდა: მან სწავლა კალგარის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც შემდეგ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებშიც იყო ჩართული. 2019 წელს „ხოსე ასის ჯიამარიამ“ კალგარის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამხედრო, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრში“ დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა. ამის შემდეგ „პროფესორ ხოსეს“ (რუსეთის სამხედრო დაზვერვას) წინ სამეცნიერო-კვლევითი (ანუ სადაზვერვო) მუშაობის ფართო ჰორიზონტი გადაეშალა: დღეს არქტიკის ათვისების საკითხები ძალზე აქტუალურია და ფრიად დაძაბული ღია და ფარული დაპირისპირება არსებობს დიდ-პატარა სახელმწიფოებს შორის.

picture-1-1699336048.jpg
კალგარის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„აკვარიუმში“ (რუსეთის სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინის მეტსახელი) დამუშავებული გეგმა ითვალისწინებდა „ხოსე ასის ჯიამარიას“ სამეცნიერ-კვლევით აქტივობებს: სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას. ამიტომაც კანადის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჟურნალის 2019 წლის პირველ ნომერში გამოქვეყნდა „ბრაზილიელი პროფესორის“ საინტერესო სტატია სათაურით: „მესამე ბაზა: არგუმენტები ჩერჩილის სამხედრო ბაზის სასარგებლოდ“ (José Assis giammaria, „Third Base: The Case for CFB Churchill“).

ამ სტატიაში „ბრაზილიის მოქალაქე“ (სინამდვილეში რუსეთის აგენტი) კანადის „პატრიოტად“ გვევლინება და მოუწოდებს ამ ქვეყნის ხელისუფლებას, გახსნას ახალი სამხედრო–საზღვაო ბაზა არქტიკაში. ქვემოთ მოყვანილი მცირე ამონარდით დარწმუნდებით, თუ როგორ „შესტკივა“ გული „ბრაზილიელ ხოსეს“ კანადის სამხედრო ძლიერებაზე.

„მაშინ, როცა კანადას აქვს წვდომა სამ ოკეანეზე (წყნარი ოკეანე, ატლანტის ოკეანე და არქტიკის ჩრდილოეთ-ყინულოვანი ოკეანე), მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზები მხოლოდ ორ მათგანზე აქვს. სხვა არქტიკულმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა ნორვეგია და რუსეთი, ჩრდილოეთ რეგიონებში უკვე განახორციელეს დიდი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კანადასაც სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური ნება ამის გასაკეთებლად“, - წერდა "პროფესორი".

ძნელი ასახსნელი არაა „ხოსე ასის ჯიამარიას“ მიერ გახმოვანებული რუსეთის ხელისუფლების მიზანი: არქტიკის სამხედრო-ეკონომიკური დაპყრობისთვის ღია და ფარულ დაპირისპირებაში ეს სტატია გამოყენებული იყო, ვითომდა, კანადის ხელისუფლების სწრაფვა ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნისკენ, რაც რუსეთს „აიძულებდა“, ანალოგიური გადაწყვეტილება მიეღო. ფაქტობრივად, რუსეთი მსოფლიოს არქტიკის მილიტარიზაციისკენ უბიძგებს, თვითონ კი ბუჩქებშია დამალული.

picture-1-1699336090.png
მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე უნივერსიტეტი ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოშია

2021 წელს „ბრაზილიელი პროფესორი“ კანადიდან კიდევ ერთ „არქტიკულ ქვეყანაში“ – ნორვეგიაში გაემგზავრა სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ ტრომსიოში მდებარეობს, მიწვეული „ხოსე-მიხეილი“ აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო (სადაზვერვო) მუშაობაში, რაც არა მხოლოდ არქტიკის, არამედ - სხვა, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოებისა და „ჰიბრიდული ომის“ წარმოების საკითხებსაც მოიცავდა. „სამეცნიერო“ მიზნებით, „ხოსე“ რამდენჯერმე იმყოფებოდა ბალტიისპირეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც.

picture-1-1699336123.png
„ხოსე-მიხეილი“ ვილნიუსში ტრენინგზე (ნაჩვენებია ისრით)

რუსეთის სამხედრო დაზვერვამ არალეგალი აგენტი „არქტიკისათვის ბრძოლის ფრონტზე“ გაიყვანა და ორი კონკურენტის, კანადისა და ნორვეგიის სამეცნიერო წრეებში „ჩანერგა“. ამის შემდეგ, კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე, „ბრაზილიელი პროფესორის“ ლეგენდას შეფარებული რუსი აგენტის დაინტერესება არქტიკის ათვისების სამხედრო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხებით უკვე სრულიად ბუნებრივი ჩანდა და ეჭვს არ იწვევდა. თერთმეტი წლის მანძილზე მეცნიერის სტატუსს ამოფარებული „ხოსე-მიხეილი“ დაუახლოვდა არქტიკის პრობლემებზე მომუშავე მრავალი ქვეყნის არა მარტო მეცნიერსა და საზოგადოებრივ აქტივისტს, არამედ - პოლიტიკოსსა და მოქმედ ან თადარიგში მყოფ სამხედრო ჩინოსანს.

ამაზე მეტი რაზე უნდა იოცნებოს დაზვერვამ? საქმე ისაა, რა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა მოასწრო რუსმა აგენტმა. ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როგორ გაშიფრეს „ბრაზილიელი პროფესორი“. თავად მიკუშინი რუსეთთან კავშირს და ჯაშუშობას არ აღიარებს, თან ამტკიცებს, რომ ბრაზილიის მოქალაქეა. თუ მისი დეპორტაცია ბრაზილიაში განხორციელდა, მაშინ მასაც ისეთივე ბედი ელის, როგორც ნიდერლანდებიდან ბრაზილიაში დეპორტირებულ რუსეთის სამხედრო დაზვერვის კიდევ ერთ აგენტს - სერგეი ჩერკასოვს. ის, ბრაზილიის მოქალაქე „ვიქტორ მიულერ ფერეირას“ პასპორტით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ სტრუქტურაში სამუშაოდ მოწყობას ცდილობდა.

(მესამე ნაწილის დასასრული)