პუტინის შავი სქემები: როგორ იყენებს რუსეთი ნავთობზე დაწესებულ სანქციებს დიდი შემოსავლების მისაღებად - The Wall Street Journal
„რუსეთი გვერდს უვლის დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და გაყიდული ნავთობით კრემლის შემოსავლები მატულობს. ნავთობზე დაწესებულმა შეზღუდულმა ფასმა თავისი ეფექტიანობა დაკარგა“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „როგორ იყენებს რუსეთი ნავთობზე დაწესებულ სანქციებს დიდი შემოსავლების მისაღებად“ (ავტორები - ჯორჯ კანჩევი, ჯო უოლესი და ენდრიუ დიურენი).
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს შემოკლებით:
დასავლეთის მიერ დაწესებული რუსული ნავთობის შეზღუდული ფასი (ერთი ბარელი - 60 დოლარი), რომლის მიზანს კრემლის შემოსავლების შემცირება წარმოადგენდა, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიის შეზღუდვის მიზნით, სულ უფრო მეტად კარგავს თავის ეფექტიანობას. ამის დამადასტურებელი ფაქტი გამოქვეყნდა გასულ კვირას, რომლის მიხედვით, რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ოქტომბერში ორჯერ გაიზარდა, სექტემბერთან შედარებით და ერთნახევარჯერ - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით.
რუსულ ნავთობზე გასული წლის დეკემბერში დასავლეთის მიერ დაწესებული შემზღუდავი ფასები ორი მიზნის მიღწევას ისახავდა: პირველი - გარანტირებული ყოფილიყო მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის გატანა, რომ ბენზინის ფასები დაბალ დონეზე შენარჩუნებულიყო და მეორე - გატანილი რუსული ნავთობის მოცულობა იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ კრემლს მისი გაყიდვით მიღებული შემოსავლები შემცირებოდა.
პირველ ხანებში სანქციები ისე მუშაობდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მაგრამ შემდეგ მოსკოვმა მოახერხა ემბარგოს გვერდის ავლა და ნავთობის გადატანა საკუთარი (თუმცა მოძველებული) ტანკერებით დაიწყო, რომლებზეც სანქციების გავლენა ნაწილობრივია.
რუსეთის ხაზინაში ნავთობ-დოლარების შედინება ხელს უწყობს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას. უკვე დღეს ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ სრულიად შესაძლებელია, კრემლმა ბიუჯეტის შემცირების მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწიოს ანუ მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევდა, რომ მოსკოვი ვერ შეძლებდა დასახული ამოცანის შესრულებას და დეფიციტი მშპ-ის 2%-ის ნაცვლად, 5-6% იქნებოდა.
დეფიციტის შემცირება ნაწილობრივ ამცირებს დატვირთვას მთავრობის ფინანსებზე, რადგან მცირდება რეზერვების დახარჯვისა და საკმაოდ ძვირი ობლიგაციების გამოშვების საჭიროება. ნავთობის ექსპორტის ზრდის კვალობაზე, რუსეთის სავაჭრო პოზიციები უმჯობესდება, რაც ხელს უწყობს რუბლის კურსის სტაბილიზებას დოლართან მიმართებით.
მსოფლიო ბანკმა თავის ახალ ანგარიშში აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობზე ფასების ზრდა იმას მოწმობს, რომ მისი ზედა ზღვრის დაწესება, პრაქტიკულად, უშედეგოა და შეუსრულებელ მიზანს წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის ეკონომისტებისა და ფინანსისტების თქმით, ნავთობისაგან მიღებული ფულით კრემლი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიას აფინანსებს და თავის ეკონომიკას სანქციებისგან მიღებულ ზარალს უნაზღაურებს. მომავალი წლისათვის რუსეთის მთავრობა გეგმავს, სამხედრო ხარჯები თითქმის 70%-ით გაზარდოს - 100 მილიარდით და უფრო მეტადაც, რაც პოსტსაბჭოურ რეკორდს წარმოადგენს.
რუსი ჩინოვნიკები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ და „საპატიო წრეს არტყამენ“.
"ვიმედოვნებ, ახლა უკვე ყველა დარწმუნდა, რომ (დიდი შვიდეულის) მიერ მოგონილი ფასების შეზღუდვა არაეფექტიანი გამოდგა და ამ შეზღუდვით მხოლოდ მომხმარებლები ზარალდებიან“, - განაცხადა ოქტომბერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის წევრებთან შეხვედრისას.
და ამ დროს, რუსეთის სანავთობო შემოსავლების ზრდის მიუხედავად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ნავთობზე ფასების ზედა ზღვარმა მოსკოვი ძალიან დააზარალა, რუსეთი იძულებული გახდა საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეექმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
კიევის ეკონომიკური სკოლის კვლევების თანახმად, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი უკვე 180 ტანკერს ითვლის. გარდა ამისა, რუსული ნავთობის შემსყიდველი მსხვილი ქვეყნები - ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი - დასავლურ სანქციებს და ფასების ზედა ზღვარს ყურადღებას არ აქცევენ.
კომპანია S&P Global-ის მონაცემებით, ამჟამად რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის ნახევარზე მეტი (50%) გადაიზიდება იმ ქვეყნების მიერ გაცემული დაზღვევით, რომლებიც „დიდ შვიდეულში“ არ შედიან. შედარებისათვის: იანვარში ასეთი რეექსპორტის წილი მხოლოდ 35%-ს შეადგენდა.
კომპანია Argus Media-ს შეფასებით, Urals-ის მარკის რუსული ნავთობი ბოლო დროს საკმაოდ ძვირად იყიდება - ერთი ბარელი 74 დოლარი ღირს. რასაკვირველია, ეს ფასი დაბალია Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით (ერთი ბარელი - 88 დოლარი), მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მათ შორის ფასების განსხვავება თანდათან მცირდება.
ანალიტიკოსების აზრით, ტრეიდერები გვერდს უვლიან ფასების შეზღუდვას და საზღვაო გადაზიდვების ღირებულებას ხელოვნურად ზრდიან. ხდება დოკუმენტების გაყალბება, რაც საკმაოდ იოლია.
"რასაკვირველია, სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება“, - ამბობს მარია შაგინა, ლონდონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) მეცნიერ-თანამშრომელი. მისი თქმით, დასავლელმა ჩინოვნიკებმა სანქციების რეალიზების კონტროლის მექანიზმი უნდა გააუმჯობესონ, მეტი ყურადღება დაუთმონ დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი გაყალბება და თაღლითობა. ასევე, უნდა გამოიძიონ ნავთობის გადაზიდვის ღირებულებისა და ტვირთების დაზღვევასთან დაკავშირებული ფაქტები.
მოამზადა სიმონ კილაძემ