"სასაფლაოდან ლომისის ტაძარში სანთლის დასანთებად ასულან და იქ გადაეყარნენ რუსებს" - როგორ მოკლეს რუსებმა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური
გუშინ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის ტაძართან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს თამაზ გინტური, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და, სავარაუდოდ, ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ლევანმა ახლობელთან დარეკვა შეძლო და შეატყობინა, რომ ცოცხალია. ის ორი შვილის მამაა. მისი ოჯახი ძალიან ღელავს, რადგან ლევანი თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველია და შიშობენ, ოკუპანტებმა მის სიცოცხლესაც საფრთხე არ შეუქმნან.
ჩვენ გავესაუბრეთ სოფელ კირბალის ერთ-ერთ მაცხოვრებელს:
- რაც მოხდა, ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი სოფლისთვის. ოკუპანტების ტყვიითაა მოკლული თამაზი. გუშინ თამაზის მეუღლე გორში წავიდა. თამაზს მისთვის უთქვამს, მწვადები უნდა შევწვათ, სახლში მოსვლა ცოტა დამაგვიანდება და კარი არ დაკეტოო. მეუღლეს გორში წასვლამდე, სადღაც დღის ოთხი საათისთვის დაურეკავს ქმართან, მაგრამ თამაზმა ტელეფონზე არ უპასუხა. ქალმა იფიქრა, ალბათ, მანქანაში დარჩა ტელეფონიო... ოთხი თანასოფლელი ასულა სოფლის სასაფლაოზე, იქ შეუწვავთ მწვადები, ცოტა დაულევიათ. ორნი სახლში წავიდნენ, ლევანს და თამაზს ლომისის ტაძარში ასვლა და სანთლის დანთება გადაუწყვეტიათ. ისინი პიკაპით წავიდნენ. არა მგონია, ბოლომდე მისვლა მოეხერხებინათ, რადგან ტრაქტორებით სულ გადათხრილი აქვთ ოკუპანტებს სამანქანო გზა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივები საფლავიდან სალოცავზე ადიან...
როგორც გავიგე, პირველად ლევანის გატაცება გადაწყვიტეს, თამაზის თვალწინ, ეტყობა ამის გამო შეეწინააღმდეგა. ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ... ფაქტია, თამაზს ესროლეს, სასიკვდილოდ დაჭრეს. ეტყობა, ამის შემდეგ მისცეს საშუალება ლევანს, სოფელში დაერეკა და ეს ამბავი ეთქვა. მოვიდა სასწრაფოც, პოლიციაც, ექიმები კი მიუშვეს დაჭრილთან, მაგრამ ეტყობა სისხლისგან დაიცალა.
მისი გარდაცვალების ამბავი მეუღლემ გვიანობამდე არ იცოდა. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, დიალეზზეა და ამიტომ ვერავინ გაბედა, მისთვის ეს საშინელი ამბავი ეთქვა. მეზობლები თბილისიდან შვილების ჩამოსვლას ელოდებოდნენ. მათი ჩამოსვლის შემდეგ გაიგო მომხდარი და ისე ცუდად გახდა, წუხელ კლინიკაში გადავიყვანეთ.
თამაზი ორი შვილის მამაა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა, კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრია, პოლიციაშიც მუშაობდა, სულ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. ადრე ჩვეულებრივად ავდიოდით მთაზე, ლომისის ტაძარში, ახლა ვერ ავდივართ, დაგვიკეტეს. ასეთი საშინელი აგრესია ადრე არ გამოუხატავთ და ახლა რატომ დატრიალდა ეს უბედურება, არ ვიცი. იმედია, ამაზე სათანადო რეაგირება ექნება ხელისუფლებას. ძალიან გვაღელვებს ლევანის ბედიც, ის ფაქტის თვითმხილველია და გვეშინია, რამე არ დაუშავონ. რამენაირად უნდა მოხერხდეს მისი ტყვეობიდან გამოხსნა.
გუშინ მომხდართან დაკავშირებით ერგნეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა - გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელის დასჯა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია გატაცებული მძევლის გათავისუფლება, რადგან ის არის ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი და „ოქროს მოწმე".
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
(სპეციალურად საიტისთვის)