შეშის ღუმელი VS გაზი - კვირის პალიტრა

შეშის ღუმელი VS გაზი

ცხოვრებისეული ისტორია

მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც გაკვეთილებს სანთლის შუქზე სწავლობდა, ახალი წლის ღამეს ნახევარი საათით მოსული შუქი სრული ბედნიერებისათვის ჰყოფნიდა, და ანთებული გაზი საერთოდ არ ენახა.

თუმცა, რაც ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ქვეყანა უცბად განათდა, როცა შეშის ღუმლები შორს მოვისროლეთ და გაზის სხვადასხვა გამათბობელს მივეძალეთ, დასავლურმა გავლენამ ჩვენს ჯიბეზეც იმოქმედა და ახლა ზამთარში, სიცივის მაგივრად, გაზის გადასახადზე ვწუწუნებთ.

საწუწუნო კი მართლა ბევრია. განსაკუთრებით ოჯახში, რომელშიც ოთხი გზააბნეული ცხოვრობს, თანაბრად ინაწილებს გადასახადებს და, ზაფხულში სიხარულით,ზამთარში კი უფრო ნაკლები სიხარულით იხდის...

წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ დენს ცოტას ვწვავთ, ნაგვის გადასახადი უსაშველოდ ბევრი მოდის. გარდა ამისა, ზამთარია და, გაზის გამათბობელსაც თავისი მიაქვს. ოჯახის გულმავიწყი წევრებისთვის, ჩვენი ბინის კედლებზე შესაბამისი ინსტრუქცია ჰკიდია. შინაარსზე ბევრს ვხალისობთ, თუმცა ვითვალისწინებთ.

ცუდია, რომ ადამიანს ყველაფერთან შეგუების უნარი აქვს. ეშინია ცვლილებების (მნიშვნელობა არ აქვს დადებითის თუ უარყოფითის) და ჩაბღაუჭებულია იმაზე, რაც კონკრეტულ მომენტში აქვს.

მაგალითად, 90-იანები რომ ავიღოთ (კარგი არაფერი მინახავს მაშინ), შეშის ღუმელი და სანთელზე დათხრილი თვალები. კიდევ, იმ შეშის ღუმელთან მოყოლილი მამაჩემის ზღაპრები, რომელსაც ჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად იგონებდა (სულ მიკვირს, რა ნერვით ცდილობდა ჩვენ გართობას), ალბათ, მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ახლა სინათლე მოვა, გაზს ჩართავენ, 30 წლის წინ ერთმა კარგმა კაცმა ინტერნეტიც გამოიგონა, იმასაც გაჩვენებთ, და თანამედროვე ადამიანები გახდებითო, აუცილებლად ვინერვიულებდი. წლების შემდეგ, როცა რაღაცებს ვადარებ, ვფიქრობ, რომ იმ პერიოდზე მაგარი არაფერი იყო.

იმიტომ, რომ სანთელი და შეშის ღუმელი უფრო მეტად ადამიანურსა და ახლობელ გარემოს ქმნიდა და ქმნის, ვიდრე გაზი, დენი და ინტერნეტი. ინტერნეტი, რომელთანაც ახლა ისედაც მთელ დღეს ვატარებთ, სახლში მოსვლისას კი, ერთმანეთთან ურთიერთობის ნაცვლად, ისევ კომპიუტერებში ვრგავთ ცხვირებს და ერთმანეთს ოთახიდან ოთახში ჩატით ვეხმიანებით.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ეს კარგი არ არის, ერთმანეთს დამნაშავეებივით ვუღიმით, და თავს ვიმართლებთ, რომ საქმეს ასე სჭირდება და რომ არა საქმე, კომპიუტერსა და ინტერენეტს არ გავეკარებოდით. გულის სიღრმეში კი ვოცნებობთ ბუხარზე/შეშის ღუმელზე, მოყოლილ ამბებზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და საინტერესო წიგნებზე. ვოცნებობთ, მაგრამ ხმამაღლა ვერასოდეს ვიტყვით, სენტიმენტალურობა რომ არ დაგვწამონ. იმიტომ, რომ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, პოსტმოდერნიზმის თაობა ვართ და ყველაფერი, რაც ადამიანურ გრძნობებთან არის დაკავშირებული, ჩვენთვის მიუღებელია.

ახლა ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ სამსახურში, სიუჟეტზე მუშაობის დროს, ოჯახიდან წერილი მომივიდა. ინკასატორს დაურეკავს და გადასახადი მრიცხველის შედეგივით უზარმაზარი გვექნება. მერე, გზაში გავიხსენე, რამდენიმე წლის წინ როგორ გავუღე „სადამსჯელო ჯგუფს“ კარი, რომელმაც გაზი ღიმილით გადაგვიკეტა, 200 ლარი დაგვაწერა და წავიდა, გავიხსენე, რომ მაშინ კაპიკი ფული არ მქონდა. სხვებსაც არ ჰქონდათ. გამახსენდა, რომ სანამ ჩაგვირთავდნენ, ერთი-ორი დღე გვციოდა და კიდევ ის, რომ ძალიან მრცხვენოდა, ისე, რომ მას შემდეგ, თუ არავის ველოდები, დღემდე, რომც ჩამოიღონ, კარს არასოდეს ვაღებ.

შეშის ღუმელს კიდევ ერთი დადებითი ის ჰქონდა, რომ ინკასატორი არ სჭირდებოდა. მაშინ ინკასატორები არ არსებობდნენ იმიტომ, რომ გაზი არ იყო.  მერე მოვიდა გაზი და არაერთი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

P.S. ისე, აინშტაინი რომ ამბობდა, გადასახადებს და სიკვდილს ვერ გაექცევიო, ნეტა რამდენს წერდა მისი კარმა?!.