"აქ აღმოჩენილი ტყვიის მილები მთელი რომაული სამყაროსთვის იშვიათობას წარმოადგენდა" - ნაქალაქარი თბილისთან, ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდი სასახლითა და უიშვიათესი აუზით
ნაქალაქარი ძალისი თარიღდება ძვ. წ. II - ახ. წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და აქ ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა...
გვესაუბრება არქეოლოგი გიორგი ცინაძე:
- თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ.ზე, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე მდებარეობს, საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ბრწყინვალე ძეგლი ძალისის ნაქალაქარი... 1800 წლის წინ ალექსანდრიის ლეგენდარულ ბიბლიოთეკაში მოღვაწეობდა, ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ლეგენდა კლაუდიუს პტოლომე (Claudius Ptolemaeus), ასტრონომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გეოგრაფი და პოეტი. მის ნაშრომთაგან, გამოირჩევა "გეოგრაფიის სახელმძღვანელო", სადაც პტოლემე იბერიის სამეფოს ქალაქების ჩამოთვლისას, მათ გვერდით იხსენიებს ქალაქ ძალისას (Zalissa). ქალაქ ძალისას დაარსების თარიღად მკვლევარები ძვ.წ. II ს-ეს მიიჩნევენ.
დასახლებამ ახ.წ. VIII ს-მდე იარსება და საბოლოოდ გაანადგურა მურვან იბნ მუჰამემ იბნ მურვანის შემოსევებმა. არსებობის თითქმის 1000 წლოვან ეპოქაში, ქალაქმა აყვავების მწვერვალს მიაღწია ახ.წ. I-IV სს-ში, ამ პერიოდით თარიღდება გამოვლენილი ნაგებობები. ნაქალაქარის საერთო ფართი 70 ჰექტარს აღემატება, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული 6-7 ჰა. ფართობის ხელოვნური ბორცვი და იქ არსებული ნაშთი მიიჩნევა დასახლების ციტადელად. როგორც ჩანს, დასახლება თავდაპირველად მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე წარმოიშვა, იქედან დაიწყო გავრცელება მდინარის მარჯვენა ნაპირის ვრცელ ვაკეზე. ძალისა წარმოადგენს განვითარების უმაღლესი საფეხურის ბრწყინვალე ნიმუშს.
ნაგებობები ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე, შემდეგ გამომწვარი აგურით და თლილი ქვით, შელესილობა კირხსნარით და გაჯი, მოპირკეთებულია თლილი ქვით, მოზაიკითა და მოხატულობებით. ნაქალაქარზე გამოვლენილი დიდძალი კრამიტის ნატეხი, ცხადად ადასტურებს, რომ გადახურვა მთლიანად კრამიტია. ქალაქის ყველა შენობა, ფუნქციის მიხედვით უზრუნველყოფილია წყალსადენით, კანალიზაციითა და გათბობის სისტემით. მილგაყვანილობის სისტემა თიხის მილებია, მაგრამ მათთან ერთად აღმოჩენილია ტყვიის მილები, რაც მთელი რომაული სამყაროსთვისაც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.
- რას გვეტყოდით ძალისში არსებულ სასახლეზე, რომელიც ანტიკური პერიოდის ყველაზე დიდ სასახლედ მიიჩნევა? რა შემორჩა ძველი შენობიდან?
- ანტიკური პერიოდის საქართველოში ყველაზე დიდი 2500 კვ.მ. ფართობის სასახლე შედგება 30-ზე მეტი ოთახისგან, მას აქვს რომაული გეგმარების, სწორკუთხა 8 მ.-ზე მეტი სიგრძის ეზო - ატრიუმი და მის ცენტრში ბორდიურშემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი, კუთხეებში სვეტებით. მისგან დასავლეთით ტაძარია, რომელშიც ღვთაება უნდა ყოფილიყო აღმართული. სასახლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საძილე ოთახებია, საკუთარი ორგანყოფილებიანი საპირფარეშოთი, წყალსადენით და კანალიზაციით. იხილეთ სრულად