"წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში!" - კვირის პალიტრა

"წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში!"

საქართველო ქრისტეშობიდან მეოთხე ასწლეულს ითვლიდა. მართალია, უფლის მოციქულებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგეს ქრისტიანობა ივერიის მიწაზე, მაგრამ ქვეყანა მაინც კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში ჩაძირულიყო და "არმური ცოდვისა მიმოიძვროდა მის მთათა ზედა". საჭირო იყო ის, ვინც ისევე დასცემდა კერპებს ქრისტეს სახელითა და ძალით, როგორც წმიდა გიორგიმ დაამარცხა და გაანადგურა ურჩხული. და მეოთხე საუკუნის დასაწყისში საქართველოსაკენ წამოემართა ასეთი მხედარი ღვთისა, წმიდა გიორგის ნათესავი, იერუსალიმის პატრიარქის დისშვილი და სარა ნიაფორის აღზრდილი, წმიდა ნინო, რომლის ბავშვობამაც იერუსალიმის ტაძარში გაიარა. ეს ტაძარი იმ მთის კალთაზე იყო აშენებული, რომელზეც სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე.

თავად დედაღვთისამ აირჩია ნინო სამოციქულო მოღვაწეობისათვის და უკურთხა ეს მძიმე ჯვარი-ყრმა ქალწულს სწორედ ის ქვეყანა უნდა განენათლებინა, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო სამოღვაწეოდ თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. ძილში გამოეცხადა მარიამი ნინოს, ვაზის ჯვარი გადასცა და მოუწოდა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესუ ქრისტესი. მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი!"  წმიდა ნინომ ცრემლებით დაალტო ღვთისმშობლის ბოძებული  ჯვარი ვაზისა და საკუთარი თმებით შეკრა იგი. შემდეგ თავის ბიძას მოუთხრო ყოველივე, მიიღო მისგან კურთხევა და დაადგა ქართლისაკენ მომავალ გზას...

მძიმე და განსაცდელებით აღსავსე იყო მისი სავალი, მაგრამ უფლის შემწეობით ყოველივე გადალახა და მცხეთაში მოვიდა. ქართლის დედაქალაქში კი ამ დროს დიდი დღესასწაული იყო, კერპთაყვანისმცემელთა დღესასწაული. მთელი ქალაქი ლამაზად მორთული დაუხვდა ნინოს, მოსახლეობა იმ მთისაკენ დაძრულიყო, რომელზეც კერპი იდგა. ქალწულიც მათ გაჰყვა და საკუთარი თვალებით იხილი ადამიანთა უგუნურება, შემოქმედის ნაცვლად უსახურ ქმნილებებს რომ სცემდნენ თაყვანს... და ილოცა ნინომ... ილოცა და საშინელი სეტყვა და ქარიშხალი დაატყდა თავს იქაურობას... შეშინებულები დაიფანტნენ მოზეიმენი... გრიგალმა არმაზის კერპი, სხვა კერპებთან ერთად, ხევში გადაჩეხა... ქარიშხალმა და ჭექა-ქუხილმა ისევე სწრაფად გადაიარა, როგორც დაიწყო. . და გამობრწყინებულმა მზემ გაანათა მთის მწვერვალები, რომლებზეც აღარ მოსჩანდნენ კერპები... წმიდა ნინოს ლოცვის ძალამ დასცა და დალეწა ისინი...

იმ წუთიდან დაიწყო საქართველოს სულიერი შობა, რომელიც მტკვრისა და არაგვის შესართავთან მთელი ერის ნათლობით დასრულდა.

წმიდა ნინომ მირიან მეფის მებაღის ოჯახში დაიდო ბინა, რომელიც წარმოშობით იუდეველი იყო. სამეფო ბაღის კიდეზე, მაყვლოვანში, ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, სულიერი სიბრმავისაგან ეხსნა ქართველნი. მიწაზე ხალიჩის ნაცვლად ქეჩის ნაგლეჯი ეგო, ღამეებს ქრისტესთან საუბარში ათენებდა, დღეებს მოყვასთა მსახურებაში აღამებდა: ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა,  სნეულთ კურნავდა, უშვილოებს შვილიერებას მიჰმადლიდა... ხშირად მიდიოდა მცხეთის შემოგარენში, განსაკუთრებით კი იმ მთაზე, რომელზეც დღეს ჯვრის მონასტერია აგებული, და საათობით ლოცულობდა. მისი ლოცვა სამეფო ოჯახსაც შეეწია: ჯერ მძიმედ დასნეულებული ნანა დედოფალი განკურნა, შემდეგ კი ქრისტეს გამო ცოლსა და ქრისტეს მქადაგებელზე განრისხებულ მირიან მეფესაც აუხილა სულიერი თვალი... და ქრისტეს ნათელმა გაანათლა მთელი ქართლი... ხოლო უდიდეს და ხილულ კელაპტრად ამ ნათლისა სვეტიცხოველი აღიმართა-სვეტი-ცხოველი, ცოცხალი სვეტი-ძარღვი, დღემდე რომ ასე ძალუმად ფეთქავს და ჩვენი ერის დვრიტას ჭეშმარიტი სიკვდილისაგან იცავს...

მას შემდეგაც არ დაუსვენია, რაც, მირიან მეფის ნებით, საყოველთაო ნათლობა აღსრულდა მცხეთასთან, მტკვრისა და არაგვის შესართავთან: "ის ადიოდა მთიან დასახლებებში, რომლებიც კლდეზე მიშენებულ არწივის ბუდეებს ჰგავდნენ. ის ქადაგებდა დიდებულთა სასახლეებსა და ღატაკთა ქოხებში; დღესა და ღამეს ახლად ნათელღებულ ხალხზე ზრუნვაში ატარებდა, როგორც ნათლია ზრუნავს ნათლულებზე" (არქიმანდრიტი რაფაელი).

შემდეგ ჰერეთში წავიდა და იქ, ბოდბეში, დაიდო ბინა. იქვე აღესრულა. სიკვდილის წინ დაიბარა, რომ არსად წაესვენებინათ და იქვე დაემარხათ. მირიან მეფეს ისურვა, პატივით დაეკრძალა მოციქულთასწორის წმიდა ნაწილები და მისი გადასვენება მოისურვა, მაგრამ ისე დამძიმდა გარდაცვლილის სხეული, რომ იგი ადგილიდან ვერ დაძრეს. მაშინ მიხვდნენ, რომ უნდა დამორჩილებოდნენ წმინდანის ნებას-წმიდა ნინოს საფლავი დღესაც ბოდბეშია. ცრემლებად დაღვრილი მისი ლოცვები კი დღემდე სასწაულმოქმედ წყაროდ ამოსჩქეფს მონასტრის ძირში და უამრავ სასწაულს ახდენს. დაე, წმიდა ნინოს ლოცვებმა გვიხსნას განსაცდელისაგან და ისევე გაფანტოს უგუნურებისა და კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადი, როგორც მაშინ-მირიანისდროინდელ საქართველოში.

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)