"საოკუპაციო ძალებმა უნდა იცოდნენ, თუ ჩვენს მოქალაქეს ზიანს მიაყენებენ, ყველანაირი ლეგიტიმური სამიზნე ექნებათ შუბლზე დახატული"
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ: თუ საქართველოს მოქალაქეს ზიანს მიაყენებენ, მთელი ცხოვრება ყველანაირი ლეგიტიმური სამიზნე ექნებათ შუბლზე დახატული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიგა ბოკერიას თქმით, იმ ფონზეც კი, როდესაც რუსეთი თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციის პროცესშია, დიპლომატიურ წნეხს გარკვეული ეფექტი აქვს, შესაბამისად, ხელისუფლებამ რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური ფასი უნდა გადაახდევინოს.
"პირველი საკითხია, რომ რუსეთის ხელისუფლებას, ვისი ეფექტური კონტროლიც არის საოკუპაციო ძალაზე, საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალური ფასი უნდა დაუსვას საერთაშორისო ასპარეზზე. ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენო მის წინააღმდეგ, მარტო გაეროს ტრიბუნა კი არა....
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავისუფალი სამყაროდან იზოლაციის პროცესშია, ახლაც კი დიპლომატიურ წნეხს აქვს გარკვეული ეფექტი, არა გარანტია, მაგრამ ეფექტი. ამას ეს რეჟიმი [ქართული ოცნება] არ აკეთებს. ჟენევის მოლაპარაკებებზე ფორმალურად დავაყენეთ საკითხი, მაგრამ მორჩა, ამაზე მთავრდება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა - ეს იქნება რუსეთის პირდაპირი ჯარისკაცი თუ მარიონეტული რეჟიმის წევრი, უნდა იცოდნენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეს ზიანს მიაყენებენ, მით უმეტეს მოკლავენ, მთელი ცხოვრება შუბლზე დახატული სამიზნე ექნებათ - პოლიტიკური, დიპლომატიური, უსაფრთხოების. მათ უნდა იცოდნენ, რომ არ ვიცით, როდის მივწვდებით, მაგრამ არ დავივიწყებთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
"ინტერპრესნიუსი"