"მირჩევნია დათვი მომერიოს, ვიდრე ბაბაია დავუძახო. რადგან არ არსებობს დათვი, რომელიც ბაბაიას დაძახებაზე ჩერდებოდეს" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია დათვი მომერიოს, ვიდრე ბაბაია დავუძახო. რადგან არ არსებობს დათვი, რომელიც ბაბაიას დაძახებაზე ჩერდებოდეს"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სოფელ კირბალში მომხდარს გამოეხმაურა:

"ერთმორწმუნე მეგობრის მიერ ცინიკურად, საკუთარი სალოცავის კართან მოკლული ქართველი კაცის სისხლიც არ იკმარებს, რომ აღარც ერთმორწმუნე გვეგონოს ეგ მკვლელი და აღარც მეგობარი.

ხვალ ისევ დავეწყობით და ,,ხომ იცოდა" და ,,ეგებ სჯობს რომ" - ს ვუჩურჩულებთ ერთმანეთს.

არ ვარგა ეს ამბავი მეგობრებო ასე. ძალიან არ ვარგა.

მე მირჩევნია დათვი მომერიოს, ვიდრე ბაბაია დავუძახო. მირჩევნია, რადგან არ არსებობს დათვი, რომელიც ბაბაიას დაძახებაზე ჩერდებოდეს. ასე გამზარდეს. ასე მასწავლეს. იმ წიგნებში ასე წერია, ჩვენი ქვეყნის მთავარი წიგნები რომ ჰქვია.

ჩემი სამძიმარი მოკლულის ოჯახს და საქართველოს. გატაცებულს - ძალიან მალე დახსნა".

...

"ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?

ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?

ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?

ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?

ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?

და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?

ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?

დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?

თევდორე მღვდელმა?

იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?

და მე გპასუხობთ - იცოდა" - წერს გიორგი კეკელიძე.