სტალინის "წყევლა":"იქ მშვიდობა არასდროს იქნება" - როდის და როგორ დასრულდება ისრაელ-პალესტინის 75-წლიანი სიძულვილი - კვირის პალიტრა

სტალინის "წყევლა":"იქ მშვიდობა არასდროს იქნება" - როდის და როგორ დასრულდება ისრაელ-პალესტინის 75-წლიანი სიძულვილი

"ისრაელი უნდა განადგურდეს", - ამ იდეით შეპყრობილმა "ჰამასმა" 7 ოქტომბერს დაბომბა მშვიდობიანი ისრაელი და ახლა ის "ცახალის" ალყაშია მოქცეული, ღაზის სექტორში. ისრაელს, თავის მხრივ, ამოცანა აქვს შესასრულებელი - ტერორისტების საბოლოოდ განადგურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება. "ებრაელი ერი რწმენამ, რელიგიამ, გადარჩენისთვის ბრძოლამ, უდაბნოში ხეტიალმა, იდეამ და სიყვარულმა მოიყვანა აქამდე. ეს ქვეყანა ამ ომშიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველა ტერორისტული ორგანიზაცია უნდა განადგურდეს... პალესტინელები და ებრაელები ძმები არიან, სემიტები, და მათ მშვიდობიანად უნდა გააგრძელონ თანაცხოვრება, ეს გარდაუვალია", - ამბობს თსუ-ს პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ინგა ზაბახიძე და ისრაელის 75-წლიანი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მნიშვნელოვან პირებზე გვიამბობს.

- "ჰამას"-ისრაელის კონფლიქტის პარალელურად, ჩრდილო კავკასიის რამდენიმე­ მუსლიმანურ რეგიონში გაიმართა ანტისემიტური აქცია, სადაც რეგიონიდან ებრაელების­ განდევნას მოითხოვდნენ. ანტისემიტური ტალღის მაპროვოცირებლად ერთხმად რუსეთს ასახელებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ანტისემიტური ტენდენცია გაძლიერდეს, სხვა სახელმწიფოებზეც გადავიდეს.

- ცარისტული რუსეთი ებრაელებს სულ ასე დევნიდა, ანტისემიტური გამოსვლების პროვოცირებას ახდენდა და მერე ამას სხვებს აბრალებდა. სამხრეთ კავკასიაში ეს გამორიცხულია, არაფერს ვამბობ საქართველოზე, რომელიც გამორჩეული ქვეყანაა იმ მხრივ, რომ აქ არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმის ნიშნები, თუმცა ცარიზმის დროს ბევრჯერ სცადეს ქართველი და ებრაელი ხალხის დაპირისპირება. ამის მაგალითები იყო უკრაინასა და რუსეთში, საბედნიეროდ, ცარიზმის მმართველობას საქართველოში ეს არ გამოუვიდა. რუსეთში ებრაელებს არ ჰქონდათ მიწის ქონის უფლება, ამიტომ იძულებული იყვნენ წვრილმანი ვაჭრობით, ხელოსნობით ერჩინათ თავი, რის შემდეგაც დამკვიდრდა მოსაზრება, თითქოს ებრაელებს სხვა არაფერი­ შეუძლიათ. ცარიზმის დროს რაიმე ცუდი თუ ხდებოდა, რუსები ცდილობდნენ ებრაელებისთვის გადაებრალებინათ. სსრკ-ის დროს, როგორი ნიჭიერიც არ უნდა ყოფილიყო, ებრაელი პირველი პირი ვერ იქნებოდა. როცა ებრაელები საქართველოში პირველად შემოვიდნენ და მცხეთასთან, ზანავში დასახლდნენ, ისინი იყვნენ არა მარტო ვაჭრები და ხელოსნები, არამედ ძალიან კარგი მეომრები, საქართველოში ამ ფუნქციასაც ასრულებდნენ. მეურნეობაც ჰქონდათ, ვენახებსაც უვლიდნენ და ყველა იმ უფლებით სარგებლობდნენ, როგორითაც ქართველები. აბსოლუტურად თანასწორები იყვნენ ქართულ სოციუმთან.

საქართველოში ანტისემიტიზმი გამორი­ცხულია, ჩვენ ტოლერანტული ქვეყანა­ ვართ და ამით ვამაყობთ. აღსანიშნავია ებრაელებთან აზერბაიჯანის დამოკიდებულებაც, სადაც ებრაელებს დიდი დიასპორა ჰყავთ. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანში ანტისემიტიზმი არც არასდროს ყოფილა და ებრაელებს ძალიან კარგად ექცეოდნენ, ამან განაპირობა ისრაელის დახმარება ყარაბაღის ომში, როცა ისრაელმა აზერბაიჯანს დრონები მიაწოდა. მათ ასევე აქვთ ეკონ­ომიკური კავშირები და ისრაელი დიდი პროექტებითაც შევიდა აზერბაიჯანში.

- რამდენად მოსალოდნელი იყო ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებული ომი მაშინ, როცა ისრაელი არაბულ ქვეყნებთან დათბობის პოლიტიკას ატარებდა და ამაში დიდი წვლილი ამერიკასაც აქვს შეტანილი?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი­ რთული სიტუაცია არ ყოფილა. პოლიტიკურ ველზე ახალი დიდი მოთამაშეები შემოდიან, ლაპარაკი არ არის მხოლოდ ამერიკასა და რუსეთზე, ასპარეზზე გამოვიდნენ ჩინეთი, ინდოეთი, ამ დაპირისპირებაში ირანის ფაქტორსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკის პოლიტიკა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ტრამპის ძალიან აქტიური პროისრაელური პოლიტიკის შემდეგ წარმოუდგენელი იყო, დღეს ასეთ რეალობას თუ მივიღებდით. მოგეხსენებათ, ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის ყოფილი პირველი მრჩეველი, ებრაელია და ის ძალიან აქტიურობდა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის დათბობაში, პირადად დადიოდა არაბულ ქვეყნებში ამერიკის მთავრობის დელეგაციასთან ერთად (ის ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს მშვიდობის დარგში ისრაელსა და არაბეთის საამიროებს შორის ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობისთვის). ამის შემდეგ რთული იყო იმის პროგნოზირება, რაც დღეს ისრაელსა და ღაზაში ხდება. ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დღიდან არაბულ სამყაროსთან დათბობის პოლიტიკა მიდიოდა და სტალინის გამონათქვამი, "იქ მშვიდობა არასდროს იქნება", თითქოს წყევლად იქცა, მშვიდობა მართლაც საოცნებოა ახლო აღმოსავლეთში.

ახლახან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სა­უდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, ის 20 სექტემბერს შეხვდა პრემიერ ნეთანიაჰუს და ეს თემები განიხილეს - ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობა დამყარებულიყო­ არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის, თუმცა­ რამდენიმე დღეში "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს. როგორც ამბობენ, ზუსტად ამ მშვიდობის შეეშინდათ არაბებს, ირანსაც და სხვა ქვეყნებსაც და ამიტომაც მოხდა კონფლიქტის პროვოცირება.

- რას იტყვით "ჰამას"-ისრაელის ომის ხანგრძლივობაზე, რომელსაც ჯერ დასასრული არ უჩანს...

- ისრაელი მიჩვეულია ომებს - ჰქონია 10-დღიანი ომი, 6-დღიანიც და ფიქრობდნენ, ეს ომიც მალე დამთავრდებოდა, თუმცა დაპირისპირება ისეთ რთულ ფაზაში შედის, ომი მალე არ დამთვარდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს არის ტერორიზმი, რომელიც "ჰამასმა" იომ-ქიფურის 50-ე წლისთავს დაამთხვია. 1973 წლის 7 ოქტომბერს, განკითხვის დღეს, მონანიების დღეს, რომელიც ისრაელელებისთვის უწმინდესია, როცა ებრაელები სალოცავად ან შინ იყვნენ, არაბული ქვეყნები (ეგვიპტე-სირიის კოალიცია) მოულოდნელობის ეფექტით დაესხნენ თავს ისრაელს. ამ 6-დღიან არაბეთ-ისრაელის ომში ისრაელმა ასეთი მეთოდი გამოიყენა - როდესაც ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა, არაბულ ქვეყნებს დაასწრო და მათი თვითმფრინა­ვები გაანადგურა. ყველა ომი, რომლებიც არაბულმა ქვეყნებმა ისრაელის გასანადგურებლად დაიწყეს, ისრაელის გამარჯვებით დამთავრდა. იომ-ქიფურის ომის დროს არაბებმა გამოიყენეს 1967 წლის ისრაელის გამოცდილება - თავდასხმა თავდაცვის ნაცვლად, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელი იმდ­ენად პატარა ქვეყანაა, არ შეუძლია თავდაცვითი ომი მოიგოს, თავდასხმა მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ორივეს, ისრაელსაც და არაბულ ქვეყნებსაც, მიაჩნია, რომ იომ-ქიფურის ომში თვითონ გაიმარჯვეს, არაბებმა მუზეუმიც კი მიუძღვნეს თავიანთ "გამარჯვებას". დიდი იყო აშშ-ის როლი ეგვიპტესთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში, ეგვიპტეს ისრაელთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული.

"ჰამასის" განადგურება არ იქნება იოლი. "ფათჰის" ლიდერი და იასირ არაფატის მემკვიდრე მაჰმუდ აბასი ვეღარ მართავს სიტუაციას ღაზაში. პალესტინელების ყველაზე დიდი შეცდომა, ალბათ, ის იყო, "ჰამასი" რომ ხელისუფლებაში­ მოვიდა. მათ ყოფას თუ გადავხედავთ, ისინი­ ტერორიზმით საზრდოობენ, ცნობილია, რა ფსიქოლოგიით ზრდიან ბავშვებს და როგორ შეიძლება ჰქონდეთ სხვანაირი მსოფლმხედველობა, როცა ისინი იზრდებიან შაჰიდებად­ და ჰგონიათ, რაც მეტს მოკლავენ და გაანადგურებენ, სამოთხეში მოხვდებიან.

- სტალინი თავის დროზე ისრაელის სახელმწიფოს შექმნის აქტიური მხარდამჭერი იყო, რა ამოძრავებდა მას?

- როცა თეოდორ ჰერცლმა ბაზელის კონფერენციაზე სიონიზმის იდეაზე ილაპარაკა, ეს იყო ისრაელის შექმნის პირველი ქვაკუთხედი. 24 წლის ჟურნალისტმა დაწერა "ებრაული სახელმწიფო" და თქვა, რომ ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად წინაპართა მიწაზე,­ პალესტინაში უნდა შექმნილიყო. ის სწორად აზროვნებდა, ფიქრობდა, რომ არა იდეა, ამდენი ხალხის მიზიდვა შეუძლებელი იქნებოდა. ამ იდეამ გაამართლა და სიონიზმის წარმოშობის შემდეგ, 1917 წელს, ბალფურის დეკლარაციამ (1917 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის ჩამოყალიბებას) მისცა­ ებრაელებს უფლება წინაპართა მიწაზე დაბრუნებულიყვნენ. აქედან ნელ-ნელა, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოდან დაიწყო ებრაელების გადასვლა პალესტინის ტერიტორიაზე და იქ სოფლების შექმნა. როტშილდებმა ძალიან დიდი ფული ჩადეს მიწების ყიდვაში. თავიდან ებრაელები ნავებით გადადიოდნენ პალესტინაში, მიწებს ყიდულობდნენ და ქმნიდნენ კიბუცებს (საზღვრის დამცავ სოფლებს არაბებთან საზღვარზე) საომარ და მტრულ სიტუაციაში მიწებსაც ამუშავებდნენ, თან მეომრებიც იყვნენ.

ისრაელის სახელმწიფოს შექმნის ერთ-ერთი აქტიური მომხრე სტალინი იყო. ის 1947 წელს ისრაელს ეხმარებოდა გაეროში­ (და არა მარტო), როდესაც პალესტინის 2 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაყოფის­ შემდეგ რეზოლუცია მიიღეს. ისრაელის სახელმწიფო პირველმა ამერიკამ ცნო, შემდეგ სსრკ-მა (არაბულმა ქვეყნებმა, რა თქმა უნდა, მხარი არ დაუჭირეს). სტალ­ინი თვლიდა, რომ ახლო აღმოსა­ვლეთში ეყოლებოდა ბუფერული სახელმ­წიფო, რომელსაც გააკონტროლებდა. ასევე მიაჩნდა, რომ სსრკ-დან გასული ებრაელები, რომლებსაც ამოსულებს უწოდებენ, სსრკ-ისთვის იმუშავებდნენ, რაშიც ძალიან შეცდა­ - ებრაელებმა პოლიტიკური გათვლა ამერიკაზე გააკეთეს, რამაც სსრკ-ში ანტიებრაულ კამპანიას მისცა ბიძგი. ცნობილია, რომ ებრაელების ყველაზე დიდი რაოდენობა სსრკ-სა და ამერიკაში იყო. იმისათვის, რომ ებრაელებს სსრკ-დან რეპატრიაციის უფლება მიეღოთ, 1969 წელს ქუთაისელმა ქართველმა გავლენიანმა ებრაელებმა გაეროში გაგზავნეს წერილი, რომელიც გოლდა მეირმა გაეროს ტრიბუ­ნაზე წაიკითხა. ამის შემდეგ ებრაელებს­ ნელ-ნელა მიეცათ სსრკ-დან ისრაელში­ რეპატრიაციის უფლება.­ ეს ის გოლდა მეირია (მეირი - მანათობელი, ივრითზე), რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. მანამდე გოლდა მაბოვიჩი (ნამდვილი გვარი) კიევში ცხოვრობდა. მისი მეუღლეც კიეველი ებრაელი იყო. სტალინის დროს რამდენიმე წელი სსრკ-შიც იყო ელჩად. გოლდა მეირი იორდანიის (იმხანად ტრანსიორდანია ერქვა) მეფე აბდალაჰთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ ისრაელის სახელმწიფო თუ შეიქმნებოდა, მათ ჰქონოდათ მეგობრული ურთიერთობა და იორდანიას არ დაერტყა ისრაელისთვის. აბდალაჰი პროგრესულად მოაზროვნე მეფე იყო, თუმცა­ მას, როგორც არაბულ ქვეყანათა ლიგის წევრს, მაინც მოუწია ისრაელის წინააღმდეგ მყოფი არაბული ლიგის ქვეყნების გვერდში დგომამ... გოლდა მეირი სახელმწიფოს ლიდერი ქალის იდეალია. მის ცხოვრებაზე­ წიგნის გამოცემას ვაპირებ. მან სიცოცხლის რისკის ფასად გამართა მოლაპარაკება აბდალაჰთან. წიგნში "ჩემი ბიოგრაფია", გოლდა მეირი წერს, ელიაჰუ სასონთან ერთად როგორ გადადიოდა იორდანიაში არაბი ქალის სამოსში გამოწყობილი და რამდენჯერ შეხვდა ტრანსიორდანიის მეფეს. ჰყვება, როგორ მიდიოდა უდაბნოში­ რამდენიმე საათი და ხმას არ იღებდა, ვითომ არაბი იყო. ახალგაზრდა ებრაელმა ელიაჰუ სასონმა კარგად­ იცოდა მათი ენა და არაბებს უხსნიდა,­ თითქოს გოლდა მისი არაბი­ ცოლი იყო. გოლდა მეირი მეფე აბდალაჰთან საუბრის დროს ძალიან შემტევი იყო. ბოლოს აბდალაჰს ისიც უთქვამს, რად გინდათ ეს ებრაული სახელმწიფო, მე აგირჩევ ჩემს პარლამენტში, ჩვენ აღმოსავლეთის ძმები ვართ, სემიტები, რად გვინდა ევროპა და ამერიკა, მათ გარეშეც კარგად ვიცხოვრებთო. გოლდა კატეგორიული იყო იმაში, რომ ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად შეიქმნებოდა. მაშინ მეფე აბდალაჰს გოლდასთვის უთქვამს, ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ იქნება, მერე იქნება კიდევ ერთი ომი, მერე კიდევ ერთი და მერე... ჩვენ წავაგებთო. იორდანიის მეფემ ზუსტად იწინასწარმეტყველა ისრაელსა­ და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ომები. როცა ისრაელი იქმნებოდა, ყველამ იცოდა, რომ არაბული სახელმწიფოები არ ცნობდნენ მას და მაშინვე დაესხმებოდნენ თავს, ამიტომ საჭირო იყო თავდაცვის გაძლიერება. გოლდა ცდილობდა­ ისრაელისთვის გავლენიანი მფარველი მოეძებნა. ის ამერიკაში ებრაულ ემიგრაციას შეხვდა და ისეთი ამაღელვებელი სიტყვით მიმართა, მთელი დარბაზი ტიროდა. "თქვენთვის 700 000 ებრაელის სიცოცხლე თუ არაფერია და არ დაგვეხმარებით, მაშინ ჩვენ ქვებით ვიბრძოლებთ", - ამ სიტყვებით დაასრულა გოლდამ გამოსვლა. მისმა სიტყვებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა და მაშინდელი მონაცემებით, 50 მილიონით დაბრუნდა ისრაელში... ჯერ შეუქმნელმა ისრაელმა შეძლო ამ ფულით ისრაელის არმიისთვის იარაღის ყიდვა, რამაც ისრაელი 5 არაბული ქვეყნის შემოტევისგან გადაარჩინა - ისრაელი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და მას არაბული ქვეყნები იმავე ღამეს დაესხნენ თავს. გოლდა მეირი ტერორისტებთან მებრძოლი ქალი იყო. თუ ვინმეს შეიძლება რკინის ლედი ეწოდოს, ეს გოლდაა.

განაგრძე კითხვა