პანიკა და "ზრადა" - რატომ ეჭვიანობს ზელენსკი ზალუჟნიზე და გადააყენებს თუ არა თანამდებობიდან უკრაინის ყველაზე პოპულარულ ადამიანს?!
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პანიკა და „ზრადა“: რა ხდება უკრაინის არმის მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ“ (ავტორი - სვიატოსლავ ხომენკო).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მსგავსი ინციდენტი ადრე, წინა წლებში რომ მომხდარიყო, მას სკანდალსაც კი ვერ ვუწოდებდით, ახლა კი ამ ამბავმა მთელი უკრაინა პოლიტიკურად შეაზანზარა.
პარლამენტის - ვერხოვნა რადას - „პოროშენკოელმა“ წევრმა ვლადიმერ არევმა ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უვაროვმა უკრაინის არმიის მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის გადაყენების თაობაზე პრეზიდენტთან განცხადება შეიტანაო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი საეჭვო ჩანდა, სოციალურ ქსელებში პანიკა და „ზრადა“ (ასე ეწოდება უკრაინული სლენგით „მოღალატურ მოქმედებას“) ატყდა.
გენერალი ვალერი ზალუჟნი უკრაინის იმ სამხედრო ეპოსის ზეპოპულარულ გმირს წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ახლა, ყველას თვალწინ იწერება. მისი გადაყენება თუ გადადგომა დღეს ის ნაბიჯი არ იქნება, რომელსაც უკრაინის მოსახლეობის ფართო მასები მხარს დაუჭერს.
მართალია, ვლადიმერ არევის პოსტი არ დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ზრადის“ საფრთხე აღარ არსებობს. ამ ერთი შეხედვით კომიკურმა ფაქტმა კიდევ ერთხელ მიაპყრო საზოგადოების ყურადღება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას.
„ჩუმი ეჭვიანობა“
მოდით, მოვლენებს თავისი სახელი ვუწოდოთ: პრეზიდენტის გარემოცვა (და შეიძლება თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიც) ყოველთვის იჩენდა გარკვეულ ეჭვიანობას გენერალ ვალერი ზალუჟნის მიმართ. იმიტომ, რომ ვალერი ზალუჟნი ერთადერთი უკრაინელია (თუ მოსახლეობის მხარდაჭერის მიხედვით ვიმსჯელებთ), რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონკურენცია შეუძლია და რაც მთავარია, ელექტორალური პერსპექტივით. დიახ, უკრაინაში არჩევნები ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, მაგრამ ხომ დადგება ოდესმე არჩევნების დროც...
გარკვეულ დრომდე პრეზიდენტ „ზ“-ის ეჭვიანობა გენერალ „ზ“-ის მიმართ ჩუმი და შეუმჩნეველი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ „ეკონომისტში“ შოკისმომგვრელი და გამომაფხიზლებელი შეფასებები მისცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო კამპანიას, გენერლის კრიტიკის პროცესში პრეზიდენტის ოფისის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანიები, ტელეგრამ-არხები, ექსპერტები და პოლიტიკოსები ჩაერთვნენ
ვალერი ზალუჟნის ადანაშაულებენ ომში დამარცხების პროპაგანდაში და რომ გენერალს სურვილი არ აქვს გამარჯვებისათვის იბრძოლოს (ანუ 1991 წლის საზღვრების აღდგენისათვის). ვალერი ზალუჟნის წინააღმდეგ შეაბრუნეს მისი განზრახვაც საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შესახებ და უფრო მეტიც - გენერლის ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწის ტრაგიკული სიკვდილიც, რომელიც ამ დღეებში მოხდა.
ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ თითქოს საზოგადოებას ამზადებენ იმისათვის, რომ ხალხის საყვარელი ერთ-ერთი ადამიანი - უკრაინის არმიის გმირული წინააღმდეგობის სიმბოლო დამპყრობელ რუსეთთან ბრძოლებში - თანამდებობიდან ან თვითონ (იძულებით) გადადგება ან მას გადააყენებენ.
თუ სიტუაციას ფართო კონტექსტით განვიხილავთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ვალერი ზალუჟნის პოსტიდან გადაყენება დღევანდელ სიტუაციაში მაინცდამაინც სასარგებლო გადაწყვეტილება არ იქნება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.
ბრიტანული „ეკონომისტის“ გარდა, გახმაურებული სტატია გამოქვეყნდა ამერიკულ „თაიმშიც“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი საკმაოდ მწარე კრიტიკის „ქარცეცხლშია გატარებული“: პუბლიკაციაში ლაპარაკია ქვეყანაში შექმნილ იმ მძიმე სიტუაციაზე, რომლის თქმასაც პრეზიდენტს მისი ყველაზე ახლო თანამოაზრეებიც კი ვერ უბედავენ. დასავლელი პარტნიორების მოწოდებების ფონზე, რომ პრეზიდენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს, აგრეთვე იმ პერსპექტივის გათვალისწინებით, რომ დასავლური დახმარება შეიძლება შემცირდეს, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რამდენადმე დაეცა.
ამ სიტუაციაში უმაღლესი მთავარსარდლის (პრეზიდენტის) მიერ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენება ერთ-ერთ უკრაინულ ანდაზას ემსგავსება: „თუ ბეღელი დაიწვა, მას ხატაც (სახლიც) მიჰყვება“.
პოლიტიკოსი და სამხედრო
თუ უკრაინის საომარ სიტუაციას რეალურად შევხედავთ, ასეთ სურათს დავინახავთ: ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის პოტენციალი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და რომ არმიამ მანამდე უნდა იბრძოლოს, სანამ 1991 წლის დროინდელ საზღვრებს არ აღადგენსო. ვალერი ზალუჟნი კი ამბობს, რომ ომი პოზიციური ბრძოლების ფაზაში გადავიდა და უკრაინელებმა სტრატეგიულ თავდაცვაზე უნდა იფიქრონ.
აშკარაა, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერებს სხვადასხვანაირი ხედვები აქვთ ბრძოლის ველზე ამჟამად არსებული სიტუაციის მიმართ და იმაზეც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში. და თუ ერთ-ერთმა უნდა დატოვოს კაპიტნის ბოგურა, მაშინ, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს, აქვს უფლება ვალერი ზალუჟნი პოსტიდან გაათავისუფლოს და არა პირიქით, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს.
დიახ, ფორმალურად ეს ასეა... მაგრამ უკრაინაში წელიწადნახევრიანი დიდი ომის განმავლობაში ჩამოყალიბდა უნიკალური მოდელი, როცა ერთი ზეპოპულარული ადამიანი - პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი - დაკავებული იყო (და არის) თავისი ქვეყნის ინტერესების განხორციელებით ყველა საერთაშორისო კონფერენციაზე, შეხვედრებზე თუ სამიტებზე, უზრუნველყოფს ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერას და უცხოელი პარტნიორების მატერიალურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და ამ დროს კიდევ ერთი ზეპოპულარული ადამიანი - გენერალი ვალერი ზალუჟნი - იბრძვის, ოკუპანტებს ანადგურებს და უკრაინის მიწას ათავისუფლებს.
და ისინი თავიანთი საასპარეზო ველების მიჯნებს არ არღვევდნენ: ვალერი ზალუჟნი პოლიტიკაში არ „ეჩრებოდა“, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებს არ ასწავლიდა, როგორ უნდა ებრძოლათ.
გენერლის ჰიპოთეტური გადადგომა პრეზიდენტისათვის, თანაც ასეთ სიტუაციაში, როცა დასავლეთის სიმტკიცე უკრაინისადმი მხარდაჭერის საქმეში, ცოტა არ იყოს, შერყეულია, ამ ორ პიროვნებას შორის არსებული ბალანსის აშკარა დარღვევა იქნებოდა.
დიახ, ვალერი ზალუჟნის სავარაუდო გადაყენება (გადადგომა) კანონს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ასეთი ნაბიჯი აშკარად არ იქნება შესაბამისობაში საზოგადოების მოლოდინის მიმართ. ხალხს ვალერი ზალუჟნის იმედი აქვს. და კიდევ ერთი მომენტი: გენერლის „გადადგომა“ სულაც არ მოეწონება და მას მშვიდად არ შეხვდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც იარაღით ხელში უკრაინის არსებობის უფლებას იცავს - არმია.
მოამზადა სიმონ კილაძემ