რეპეტიტორომანია - კვირის პალიტრა

რეპეტიტორომანია

ყოველთვე ჩემი შემოსავლის დიდი ნაწილი შვილის რეპეტიტორების გასამრჯელოში იხარჯება. ყველა მშობელმა იცის, რომ თუ ბავშვი უცხო ენაში კერძო პედაგოგთან დაწყებითი კლასებიდანვე არ მოამზადე, სკოლაში საჭირო ცოდნას ვერ მიიღებს. საშუალო სასკოლო საფეხურზე ბავშვის საბუნებისმეტყველო საგნებში მომზადების აუცილებლობაც დგება. აღარაფერს ვამბობ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე, რომლებსაც მომზადება თითქმის ყველა საგანში უწევთ. გამოდის, დღეს სკოლაში მიღებული განათლებით მხოლოდ სიმღერასა და ფიზკულტურაში (სპორტი რომ დაარქვეს) გახვალ ფონს.

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოში კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ყოველი მეოთხე მოსწავლე რეპეტიტორთან დადის. მასშტაბი განსხვავებულია დედაქალაქსა და რეგიონებში, ისევე როგორც მაღალ და დაბალშემოსავლიან ოჯახებში. დედაქალაქში მცხოვრები მაღალშემოსავლიანი ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე რეპეტიტორთან ემზადება. კერძო რეპეტიტორობის აუცილებლობას გამოკითხულთა 90% ადასტურებს. გამოკითხულთა ის 60%, რომელიც არ ემზადება, ამის მიზეზად მხოლოდ უფულობას ასახლებს. გამოკითხულებში რეპეტიტორებზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი მიზეზი სახელდება: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის მისაღებ გამოცდებზე საჭირო ცოდნის შეუსაბამობა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ კორუფცია მისაღებ გამოცდებზე აღმოიფხვრა, 2004 წელთან შედარებით დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორობის მასშტაბი არ შემცირებულა. დროის ამ მონაკვეთში გაიზარდა იმ საგნების რაოდენობა, რომლებშიც გამოიყენება რეპეტიტორის სერვისი. თუ ადრე დამამთავრებელ კლასში სამ საგანზე მეტში მხოლოდ მეოთხედი ემზადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა, რაც სერვისის მომხმარებლებისთვის რეპეტიტორობის საერთო ღირებულების გაძვირებას იწვევს და სერვისის მომწოდებლებზე მოთხოვნას ზრდის.

რეპეტიტორების უმეტესობა (69%) სკოლის პედაგოგებია. საინტერესოა, რომ ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, რესპონდენტთა 13%-ის ინფორმაციის თანახმად, მათ შვილებს კერძოდ კლასის მასწავლებელი ამზადებს", - ნათქვამია კვლევაში.

გიორგი მაჩაბელი, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი: "ეს კომპლექსური პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია სკოლაში სწავლისა და სწავლების დაბალი ხარისხით. როგორც კვლევამ ცხადყო, მშობელი დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ ბავშვს ხარისხიანი განათლება მისცეს. აშკარაა, რომ საზოგადოებაში განათლებაზე მოთხოვნა გაზრდილია, მაგრამ სკოლა ვერ აკმაყოფილებს ამ მას. სხვაობა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის რეპეტიტორების მიერ კომპენსირდება. არის სხვა პრობლემებიც. მაგალითად, რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ სასკოლო პროგრამასა და მისაღებ გამოცდებზე საჭირო ცოდნას შორის დიდი განსხვავებაა. რასაც მოსწავლე სკოლაში სწავლობს, იმავეს არ აბარებს გამოცდებზე და იძულებულია დამატებით მოემზადოს, რომ მისაღებ გამოცდები ჩააბაროს.

ზოგადი განათლების დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა მნიშვნელოვანი წილი შეაქვთ მშობლებსაც. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მშობელთა დანახარჯი განათლებაზე საშუალოდ 300 მილიონი ლარის ფარგლებშია, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმწიფო დაფინანსების 85.5%-ს შეადგენს.

•აუცილებელია შენარჩუნდეს სისტემის დაფინანსების ზრდის ტენდენციები და ეტაპობრივად გაიზარდოს განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში, რომელიც 2011 წლის მონაცემებით მხოლოდ 2,7%-ია და პირველ ეტაპზე გაუტოლდეს მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი) მაჩვენებლებს, ხოლო შემდგომი ეტაპებისათვის საშუალო-ევროპულ მაჩვენებლამდე, ანუ 5%-მდე გაიზარდოს. გაზრდილი რესურსების მიმართვის პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სეგმენტები (პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება, სკოლების მართვის ხარისხის გაუმჯობესება, სახელმძღვანელოების გაუმჯობესება და სხვ.).

• განათლების სამინისტრო ამჯერად აქცენტს აკეთებს განათლების ხარისხის კონტროლზე, ხოლო მისი განვითარების მექანიზმების შექმნას ნაკლები ყურადღება ეთმობა. პირველ რიგში აუცილებელია იმ სხვაობის მინიმიზაცია, რაც მშობლების მხრიდან ხარისხიან განათლებაზე არსებობს, ხოლო სკოლის მხრიდან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ხდება. ამისათვის საჭიროა სისტემაში მიმდინარე რეფორმების განათლების ხარისხის ამაღლებაზე სისტემური ფოკუსირება.

ამ ეტაპისათვის აუცილებელია გაგრძელდეს და გაფართოვდეს პედაგოგების მატერიალური სტიმულირების პროგრამები და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. გარდა ფინანსური სტიმულირებისა, უნდა გამოყენებულ იქნეს სტიმულირების ისეთი ფორმებიც, როგორიცაა საგადასახადო შეღავათები, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სოციალური პაკეტები, პროფესიონალური განვითარებისთვის დამატებითი ვაუჩერები და ა.შ.

სკოლის პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, რაც უთუოდ წაახალისებს დარგში ახალი კადრების მოზიდვას მონათესავე სფეროებიდან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით პოლიტიკის კვლევების ძირითად ინიციატორად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვევლინებოდეს".

(სპეციალურად საიტისთვის)