ალიევის წერტილი - როგორ მოუკლეს სომხებს გული ანუ დღე, რომელსაც აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა - კვირის პალიტრა

ალიევის წერტილი - როგორ მოუკლეს სომხებს გული ანუ დღე, რომელსაც აზერბაიჯანი 30 წელი ელოდა

8 ნოემბერი, როგორც გამარჯვების დღე, აზერბაიჯანში პირველად სამი წლის წინ აღნიშნეს, როდესაც ყარაბაღში, ქალაქი შუშა აზერბაიჯანის არმიის სპცედანიშნულების დანაყოფებმა ციცაბო კლდეებზე აცოცების შემდეგ მოულოდნელი შეტევით გაანთავისუფლეს...

ეს იყო 2020 წლის, 44-დღიანი ყარაბაღის მეორე ომის გამარჯვებით დასასრული, თუმცა საბოლო გამარჯვებას და ტერიტორიების სრულად დაბრუნებას აზერბაიჯანმა მხოლოდ 2023 წლის 19-20 სექტემბერს მიაღწია ,როდესაც 24 სთ-იანი ელვისებური შეტევების შედეგად, კაპიტულაცია გამოაცხადებინა ყარაბაღის დედაქალაქში - სტეპანაკერტში დარჩენილი სომხური ანკლავის ხელმძღვანელობას და ამ ქალაქს თავისი სახელი - ჰანკენდი დაუბრუნა...

დღეს ,8 ნოემბერს, აზერბაიჯანი ფართოდ აღნიშნავს ფაქტობრივად 30 წელზე მეტხანს მიმდინარე დიდ ომში გამარჯვებას, რისთვისაც ამ ქვეყნის რიგ ქალაქებში სამხედროები საზეიმოდ ჩაივლიან, თუმცა ქვეყნის მთავარი გამარჯვების სამხედრო აღლუმი მაინც ყარაბაღის ჰანკენდის მთავარ პროსპექტზე გაიმართება...

ძალზე საინტერესო ისტორია აქვს ჰანკენდის, რომლის ადგილზე პირველი დასახლება ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გაჩნდა.

1-a-1699433184.png
აზერბაიჯანის არმიამ გამარჯვების სამხედრო აღლუმი გამართა ყარაბაღის ჰანკენდის ცენტრში...

1823 წელს ეს დასახლება, რომელშიც ძირითად სომეხი ეროვნების მოსახლეობა ცხოვრობდა, ყარაბაღის ხანმა თავის ცოლს აჩუქა.

მე-19 საუკუნის დასასრულისთვის ჰანკენდი მეფის რუსეთის არმიის გარნიზონად გადაიქცა.

1923 წელს, ბოლშევიკებმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი შექმნეს და მისი დედაქალაქის სახელი ჰანკენდიდან სტეპანაკერტად გადანათლეს, სომეხი ბოლშევიკის სტეპანე შაუმიანის საპატივსაცემად.

2023 წელს კი აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენის შემდეგ, ამ ქალაქს ისტორიული სახელი-ჰანკენდი დაუბრუნა.

როგორც ხედავთ, ყოველი საუკუნის 23-ე წელს ჰანკენდის ისტორიაში ძირეული ცვლილებები ხდებოდა...

სამ ათეულ წელზე მეტი სტეპანაკერტის მთავარ პროსპექტზე „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ არმია აწყობდა სამხედრო აღლუმებს, რომლებზეც ბევრად მეტი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გამოჰყავდათ, ვიდრე თავად სომხეთის არმიას ერევნის ცენტრში ჩატარებულ სამხედრო აღლუმებზე...

ამით,სომხეთი ცდილობდა დაეშინებინა აზერბაიჯანი, რომ მთიან ყარაბაღში სერიოზული სამხედრო ძალა გააჩნდა და ბაქოს არც კი გაებედა ომით დაკარგულის ომით დაბრუნების მცდელობაც კი...

2-a-1699433279.png
სამი ათეული წელი ყარაბაღის სტეპანაკერტის ცენტრში სომხეთის არმია მართავდა ასეთ სამხედრო აღლუმებს...

ეს,სტეპანაკერტული სამხედრო აღლუმებით „დაშინების“ მეთოდი, ასე თუ ისე წარმატებით მოქმედებდა ორ ათეულ წელზე მეტხანს, თუმცა 2016 წელს აზერბაიჯანმა ისრაელისგან შეძენილი თანამედროვე ტიპის შეიარაღებით(პირველ რიგში კი კამიკაძე-დრონებითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით) კბილი მოუსინჯა ყარაბაღის არმიის მიერ საბჭოთა სამხედრო სახელმძღვანელოებით მოწყობილ თავდაცვით ზღუდეებს...

მართალია, 2016 წლის ოთხდღიან ომში ბაქოს დიდი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ დასახა ის ძირითადი მიმართულებები, თუ რა მხრივ გაეძლიერებინა აზერბაიჯანის არმია,ომით დაკარგულის ომით დასაბრუნებლად.

და აი, 2020 წლის 27 სექტემბერს(ქართველებისთვის ასე მძიმედ მოსაგონარ,სოხუმის დაცემის დღეს) აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, რაც საბოლოოდ სრულ გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჰანკენდში აზერბაიჯანის არმიამ საზეიმოდ ჩაიარა და ამასთან ალაფად აღებული და განადგურებული სომხური საბრძოლო ტექნიკა ჩაატარა, რასაც წმინდა პროპაგანდისტული მიზნები ჰქონდა,მთელი მსოფლიოს დასანახავად და სომხების გულის მოსაკვლელადაც...