"დრესკოდი" და კიდევ ერთი "მსოფლიოში პირველი ადგილი" - კვირის პალიტრა

"დრესკოდი" და კიდევ ერთი "მსოფლიოში პირველი ადგილი"

"ახლა, როცა ამ სტრი¬ქონს ვწერ", სამშაბათია, 4 საათი ხდება და ერთ საათში ეკა ბესელიას ველოდები ჩემს ტოქშოუ "პროვოკატორში" - რომელიც რადიო "პალიტრაში" მიმყავს - და ერთი უნდა ვკითხო: ეს "დრესკოდი" რისთვის შემოიღეს "სოლოლაკის სამფლობელოში"? (ვინც არ იცის: "დრესკოდი" - ინგლ. dress code - ტანსაცმლის ფორმას ნიშნავს, რომელიც სავალდებულოა რომელიმე დაწესებულებაში ან რაიმე ღონისძიებაზე დასწრების დროს).

ფაქტი ერთია: როდესაც ბატონმა ივანიშვილმა პირველი, უკვე ლეგენდად ქცეული პრესკონფერენცია გამართა, იქ ვიყავი და მისი რეზიდენციის აივნიდან დანახული მშვენიერი ხედების გარდა, ერთობ მოკლეკაბიან-დეკოლტეიანი თანამშრომლების თვალიერებითაც კარგად გავერთე (აბა, კითხვა არ დაგვასმევინა "ტელესამეულმა", პლუს "რეალტივიმ" და სხვა რა უნდა მეკეთებინა?).

ახლა კი - აჰა! მოკლე კაბა - არაო და დეკოლტეც - არაო! სამსახურში კდემამოსილები უნდა იყოთ, თუკი "ქართულ ოცნებას" ემსახურებითო!..

ვიცი, ახლა ატეხავს ზოგიერთი ერთ ამბავს - აბა, ხელისუფლებაში რომ მალაყებს გადადიან, ეგ მოგწონსო?! ქართველს ქართველობა არ უნდა ეტყობოდესო?! ბავშვებს რომ "აკეთებენ" და აჩენენ იქ და მთელი ქვეყანა მამის გამოცნობაზე წვალობს, ეგ კარგიაო?! ვეღარ მოითმინე და გამოავლინე, ხომ, შენი მიშისტ-ანტიბიძინისტობაო?!

ასეთი კომენტარების ავტორებმა წინა ორი-სამი "პროვოკაცია" წაიკითხონ, მე კი მაინც არ მომწონს ეს ამბავი და მომკალით...

სხვათა შორის, სწორედ იმიტომ არ მომწონს, რომ მათთვის (ანუ ივანიშვილის ორგანიზაციისთვის) კარგი მინდა. თავად განსაჯეთ - თუკი ეს "დრესკოდი" (რაღა თუკი, ასე იქნებაო) ჟურნალისტებზეც გავრცელდება, რამდენი პოლიტ და მედიავარსკვლავი დააკლდება მათ ბანაკს: ლალი მოროშკინა (რომელმაც უკვე განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ), სალომე ზურაბიშვილი (მანაც უკვე გამოთქვა დადებითი აზრი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე), ანი მიროტაძე - რომელიც "დიდი ჟურნალისტიკიდან" "დიდ პოლიტიკაში" გადავიდა; ჩემი მოქმედი კოლეგა-ჟურნალისტები (რომელთა გადაბირებაზეც მომავალ "იგრიკაში" უკვე ავი ხმები დაირხა), მათ შორის - მაია ასათიანი, ბიჭოლა... ა, ჰო, ეს ჟურნალისტი არ არის, არც - პოლიტიკოსი...

საერთოდ, ძალიან მაინტერესებს, კონკრეტულად ვისი იდეა იყო ეს? იმიტომ, რომ ერთმა ქალბატონმა (რომელიც ასევე ძალიან გულდაწყვეტილია ამ ამბით) მითხრა: ნამდვილად ვიცი, რომ ეგ ამბავი ან მომავალი პარტიის თავმჯდომარემ (ე.ი. ქ-ნმა ეკატერინე ხვედელიძემ), ან ერთ-ერთმა მანდ უკვე გავლენიანმა პოლიტიკოსმა ქალმა მოიგონა და თან ღიღინებდა: "ყველამ ჩადრი აიფარეთ, რომ მე წყნარად ვიაროოოო..."

არ ვიცი, არ ვიცი... გამოცდილი კაცი ვარ და ენდეთ ჩემს რჩევას (ისევ ბებიაჩემის სიბრძნის ამოუწურავი სკივრიდან გთავაზობთ "მარგალიტს"): "თვალი ჭამს და თვალი სვამს!" ჰოდა, არჩევნები მოდის და "დრესკოდი" კი არა, მიშასგან ეგ მაინც ისწავლეთ - წინასაარჩევნო შეხვედრებზე "ნაშები, ნაშები, ნაშები ჩქარა!!!"

არა, ასე არ შემიძლია - კი მქონდა გადაწყვეტილი, სააკაშვილსა და მთავრობაზე არაფერს ვიტყვი დღეს-მეთქი, მაგრამ ასეთ გამარჯვებას გვერდს ვერ ავუვლი: "ჰუმან რაიტს ვოტჩის" მონაცემებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე!!! ამერიკელები ხომ ჩვენი მტრები არიან სინამდვილეში და აქაც ოფიციალური პირველი ადგილი მათ მოგვპარეს, ჩვენ კი - მეოთხე ადგილი მოგვაკუთვნეს, მაგრამ მალე გაირკვა ამ "გაყალ¬ბების" მექანიზმი: საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის აღწერით არის ნაანგარიშები, პატიმრები კი - დღევანდელი მდგომარეობით. მას შემდეგ ხომ მოსახლეობის რაოდენობამ იკ¬ლო! შესაბამისად, პატიმართა საშუალო რაოდენობაც უფრო მეტია, ვიდრე წერია! ე.ი. აქაც პირველ ადგილზე ვართ!

გენაცვალე, მიშა!

P.S. მინაწერში მესტიაში დადგმულ თამარ მეფის ძეგლზე მინდოდა ორიოდე სიტყვის თქმა, მაგრამ გამახსენდა, რომ ასეთი ძეგლები უკვე აღარ გვიკვირს; მერე ვიფიქრე, - დიპლომატიურ კორპუსთან ბიძინისტების შეხვედრაზე ვიტყვი რამეს და "ბალანსი" ისევ დაცული იქნება-მეთქი, მაგრამ რა დროს ბალანსია, როდესაც "რუსთავი 2"-ის საიტზე ორი კვირის წინანდელ "კურიერის" სიუჟეტს გადავაწყდი (სულ სხვა რამეს ვეძებდი), რომელშიც მათი ტოპწამყვანი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაზე საუბრობს; თან ძველი კადრები გადის - ხალხი თავის ლიდერს რომ ხვდება შეძახილებით. ამ დროს სიუჟეტი წყდება და ჩანს ეს წამყვანი, რომელმაც არ იცის, რომ კადრშია და... უნდა გენახათ მისი სიბრალულით აღსავსე თვალები - იმ ხალხს რომ უყურებდა! არა, სიბრალულში ცუდი არაფერია, მაგრამ იმავე წამყვანის სახე უნდა ნახოთ იმავე გამოშვებაში, როდესაც ასეთივე ეგზალტირებული ხალხი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება და ხელებს უკოცნის...

კარგად ვერ აღვწერე... ნახეთ რა, ძალიან გთხოვთ...

პროვოკატორი, ჟურნალი "გზა"