არის! საქართველო სტატუსს მიიღებს! - ოთხი მიმართულება, საიდანაც გაბოროტებულმა პუტინმა შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას დაარტყას - კვირის პალიტრა

არის! საქართველო სტატუსს მიიღებს! - ოთხი მიმართულება, საიდანაც გაბოროტებულმა პუტინმა შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას დაარტყას

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გაააკეთა.

"დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა" - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალვე ევროკავშირის წევრები გავხდებით. თუმცა ამას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს დაუფასდებათ პროდასავლური მისწრაფებები და აორთქლდება ეჭვი, რომ ევროპერსპექტივა ზღაპარია და საქართველომ რაღაც განსაკუთრებული, სხვა გზა უნდა ეძებოს.

შესაბამისად, გამოეცლება საფუძველი რუსულ პროპაგანდასაც, რომელიც ცდილობს ჩვენი მოქალაქეების ტვინებზე შტურმს შემდეგი მესიჯებით:“ევროპამ მიგატოვათ“, „დასავლეთს არაფერში სჭირდებით“, „თქვენი პატრონი არავინ არის და ა.შ.

რაც მთავარია - პროდასავლური განწყობების გამყარება და ნიჰილიზმის გაქრობა რუსეთისთვის იქნება დიდი დაბრკოლება, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა უკან, საბჭოთა ჭაობში ჩაითრიოს.

რა თქმა უნდა, პუტინი გულხელდაკრეფილი არ იქნება და შეეცდება, სწორედ სტატუსის შემდეგ უფრო მეტად გააქტიუროს დესტრუქციული პოლიტიკა, რათა ქვეყანა სტატუსს იქით არ წავიდეს.

სავარაუდოდ, პირველ რიგში, გრუ-ს „საინფორმაციო ჯარები“ გააძლიერებენ პროპაგანდას, რომ თითქოს, რეალურად, სტატუსი არაფერს ნიშნავს და მხოლოდ „სატყუარაა“ საქართველოსთვის. ასევე, გაძლიერდება პროპაგანდა, რომ რუსეთი უკრაინაში იმარჯვებს(ან ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს) და თბილისმა დროულად უნდა აირჩიოს, გამარჯვებული რუსეთის ბანაკში იქნება თუ დამარცხებული დასავლეთის.

კიდევ ერთი საშიში მიმართულება ოკუპირებული ტერიტორიებია. რუსებმა კარგად დაინახეს, თუ რა მტკივნეული რეაქცია გამოიწვია საქართველოში თამაზ გინტურის მკვლელობამ. ამიტომაც სტატუსის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ, გახშირდება პროვოკაციები აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებიდან. რუსები შეეცდებიან, პროვოკაციები მოაწყონს აფხაზური და ოსური შეირაღებული ფორმირებების ხელით.

თუმცა საქართველოსთვის სტატუსი სტატუსად რომ დარჩეს და ქვეყანამ წინ ნაბიჯი ვეღარ გადადგას, ამისთვის საჭიროა მასშტაბური დესტაბილიზაცია. თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდად არ ჩაიარა, რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაძაბულობა საბოლოო ჯამში, ქაოსში და სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდოს.

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც რუსებს პროვოკაციების მოწყობა შეუძლიათ, ეს საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან. არ არის გამორიცხული, რუსულმა სპეცსამხახურებმა თავად მოაწყონ იმის იმიტაცია, რომ აქ რუსებს ავიწროებენ, თავს ესხმიან და სცემენ. შემდეგ კი, კრემლი „ზომებს მიიღებს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად“.

ასე რომ, ქვეყანას განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ სტატუსის მიღების შემდეგ მართებს.