შემოქმედი ადამიანის სამყარო ახალ რომანში - „არქიტექტორი“ - კვირის პალიტრა

შემოქმედი ადამიანის სამყარო ახალ რომანში - „არქიტექტორი“

რუსუდან ტყემალაძე ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2023-ის ერთ-ერთი გამარჯვებული და ახლა უკვე სადებიუტო რომანის „არქიტექტორი“ ავტორია. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L”-მა გამოსცა და ის ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. მხატვრული რომანი დაფუძნებულია ავტორის, მისი მეგობრების და კოლეგების პირად გამოცდილებაზე.

წიგნის მთავარი გმირი 30 წლის თბილისელი არქიტექტორია, რომელიც ტოვებს წარმატებულ კარიერას და დღიურის საშუალებით ცდილობს გაერკვიოს, რა მოუვიდა მის საყვარელ ქალს, რომელიც მასსავით ამბიციებით და ენერგიით იყო აღსავსე, მაგრამ არქიტექტურული განათლების მძიმე წნეხმა და სტრესულმა პრაქტიკამ ჯერ ფსიქიკური ჯანმრთელობა შეურყია, შემდეგ ფიზიკური და ბოლოს თვითმკვლელობამდე მიიყვანა. რომანში ამბავი ორად იყოფა, დროის მიხედვით.

396831473-366896085678539-6432693773365044397-n-1699446207.jpg

- როგორ შეარჩიეთ თქვენი პირველი წიგნის თემა და ჟანრი?

რუსუდან ტყემალაძე:

- შორეულ 2010 წელს, როცა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, არქიტექტურის შესახებ დაახლოებით იგივე ვიცოდი, რაც ნებისმიერმა სხვა 18 წლის ახალგაზრდამ, ანუ ბევრი არაფერი. პარადოქსია, მაგრამ არქიტექტურასთან თანაცხოვრება ყოველი ჩვენგანის ყოფითი ცხოვრების განუყრელი ნაწილია და მიუხედავად ამისა, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ხოლმე შენობებზე, რომლებშიც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ჩამოყალიბებული ტრადიციით არქიტექტურა - კამერული პროფესიაა და ჩემი აზრით, გარკვეულწილად ამას ხელი შეუწყო იმ მარტივმა ფაქტმა, რომ მხატვრულ ლიტერატურაში სათანადოდ არ არის გაშუქებული. ამას სწავლის პერიოდში მალევე მივხვდი და დღესაც, როცა თავად ვკითხულობ თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის კურსს, ჩემს სტუდენტებთან ერთად ვიკვლევთ, რომელ ნაწარმოებშია ნაჩვენები არქიტექტურა სათანადო დონეზე. სამწუხაროდ არჩევანი დიდი არ არის. არქიტექტორებს, როგორც წესი, რომანების დასაწერად არ სცალიათ ხოლმე, ხოლო სხვა პროფესიის მწერლები ზედმეტად ზერელედ და მექანიკურად მსჯელობენ არქიტექტურაზე, მას როგორც გარემოს ხედავენ და არა როგორც მდგომარეობას.

მე მსურდა გადმომეცა სპეციფიკური ხედვა, აზროვნების სტილი და ვნებათაღელვა, რომლითაც არქიტექტორი უყურებს არა მხოლოდ შენობას, არამედ მთლიანად სამყაროს და ადამიანს მის ცენტრში. სწორედ ამიტომაც შეირჩა ჟანრი რეალიზმი, რათა მაქსიმალურად ზუსტად გადმომეცა შემოქმედი ადამიანის სულიერი სამყარო.

წიგნის პირველი ვარიანტი დაიწერა ორ, მეორე კი ერთ თვეში. პირველი შეხედვით წარმოუდგენელი ვადებია 370 გვერდიანი რომანის დასაწერად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 14 წელი ვფიქრობდი ამ თემაზე და მთელი ჩემი პროფესიული გამოცდილება ჩავდე, გასაგები ხდება, რომ ტექსტი ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი.

370292890-761542015781176-256106779763816334-n-1699446207.jpg

- რა იყო ყველაზე სახალისო (ან მოულოდნელი) პროცესი თქვენი პირველი წიგნის დაწერისას?

- ჩემი პირველი რომანი ფაქტობრივად ორჯერ დავწერე. გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო და სახალისოც.

- რა ელის მკითხველს? ვინც უკვე წაიკითხა, თუ მიგიღიათ გამოხმაურება მათგან და როგორი?

- მკითხველს ელის ბევრი საინტერესო ისტორია დაკავშირებული არქიტექტურის სამყაროსთან, სტილებთან, კულტურასთან და ადამიანის თვითგამოხატვასთან ისტორიის მანძილზე. გარდა ამისა, არაბანალური ამბავი კაცზე ძალიან რთულ ვითარებაში, რომელიც იბრძვის იმ ყველაფრის გადასარჩენად, რაც უყვარს. ეს კი არის მისი პროფესია, ქალი და მისი საყვარელი მუსიკა.

გარკვეულწილად თერაპიული წიგნია. და აღსარების წიგნიცაა. ბევრი კომპლიმენტი მივიღე ჩემთვის ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ხალხისგან, რომელთა შორის, უნდა აღვნიშნო, ყველა არაა ჩემი ნათესავი.

რამდენიმე მკითხველმა გამანდო, რომ იქ, სადაც ჩაფიქრებული იყო, მართლა იტირეს, (მეც ამეტირა, როცა ვწერდი. ორივეჯერ.) სადაც უნდა გაეცინათ, გაიცინეს, სადაც მოულოდნელი სიუჟეტური სვლა იყო, აზარტულად მოუმატეს კითხვას სიჩქარე და რაც მთავარია ბოლო თავამდე ისე დაინტრიგებულებმა ჩაიკითხეს ტექსტი, შემოათენდათ კიდეც. აქედან ვასკვნი, რომ მეტწილად ყველაფერმა ისე იმუშავა, როგორც დავგეგმე, არქიტექტორს კი მეტი რა უნდა სიხარულისთვის?

და კიდევ: წიგნი ძილის მოგვრის საშუალება არაა, თუკი დინამიკურადაა დაწერილი.

371434715-997593301334165-7197102042686916815-n-1699446207.jpg

- რა გამოცდილება მიიღეთ თქვენი პირველი წიგნის დაწერისა და გამოცემის პროცესში?

- პროფესიული თვალსაზრისით შეაუფასებელი გამოცდილება იყო. ერთია, როდესაც სახლში მშვიდად შენთვის მუშაობ ტექსტზე და სულ სხვაა, როცა ეს ტექსტი ფართო მკითხველისთვის წიგნად უნდა გარდაქმნა და გამოსცე. დებიუტამდე, ბუნებრივია, წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რამდენი ადამიანის შრომა და უნარებია ჩადებული ყოველი წიგნის ბეჭდვაში. კონცეფციის დახვეწა, ტექსტის ტექნიკური მხარის გასწორება, წიგნის ვიზუალური გაფორმება, - ფაქტობრივად ყველა ეტაპი „პალიტრა L”-ის გუნდთან ერთად გავიარე და უაღრესი თანადგომა და პროფესიონალიზმი დავინახე, რისთვისაც არ მბეზრდება მადლობის გადახდა. მხოლოდ სტამბაში არ ვყოფილვარ და უშუალოდ ბეჭდვის პროცესი არ მინახავს, სხვა მხრივ კი ჩემს თვალწინ შეიქმნა ეს წიგნი, რომელიც ამიერიდან მხოლოდ ჩემი აღარაა, სამყაროს ეკუთვნის.

- როგორი გავლენა იქონია თქვენმა პირველმა წიგნმა თქვენზე, როგორც მწერალზე?

- პირველმა რომანმა ჩამომაყალიბა, როგორც მწერალი. მანამდე თუ ტექსტების, პუბლიკაციების და სტატიების ავტორი ვიყავი, ახლა მხატვრული ლიტერატურის სამყაროში მივიღე ნათლობა. იქნებ ზედმეტად პათეტიკურადაც ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ერთია შენთვის წერდე, სიამოვნებისთვის და სულ სხვაა, როცა პროფესიონალები ლეგალიზაციას აძლევენ შენს ნაშრომს და მას წიგნი ჰქვია. დიდი სიამოვნებაა და დიდი პასუხისმგებლობაც.

- რას ურჩევდით სხვა დამწყებ მწერლებს, რომლებიც ოცნებობენ თავიანთი პირველი წიგნის გამოცემაზე?

- არასოდეს შეწყვიტონ ოცნება, ოღონდ მას დაარქვან გეგმა და მოქმედებაზე გადავიდნენ!

R