"საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა" - პაველ ჰერჩინსკი
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის მუდმივი რეფორმებია საჭირო.
„ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მის ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესრულებას უკავშირდება. ამ ნაბიჯების განხორციელება შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს გაფართოების პროცესის ბუნებაა. მუდმივი რეფორმები, რათა თქვენი ქვეყანა მზად იყოს, რომ როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა, თავისი ადგილი დაიკავოს.
ანგარიში საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას აღიარებს, თუმცა მასში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ჯერ კიდევ ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო ისეთი არსებითი რეფორმების სფეროებში, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა. ამისთვის საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა შეამციროს. ერთად დიდი მიღწევებია შესაძლებელი. ახლა საქართველოს ლიდერებმა, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ერთად და კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად და ევროკავშირის მიერ დასახული ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირის გაფართოებამ აჩვენა, როგორც კი იქნება ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის შედეგადაც შესაძლებელია რეფორმების განხორციელება, პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად წარიმართოს. ამ ნაბიჯების მიზანი არ არის ბრიუსელისთვის თავის მოწონება, არამედ ისინი მიმართულია საქართველოს მოსახლეობის, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს.
„საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა. მზად ვართ ყოველ ნაბიჯზე თქვენი მხარდაჭერა გავაგრძელოთ. დღეს ევროკომისიამ ასევე გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი საქართველოს წინსვლის შესახებ. ეს 136 -გვერდიანი ანგარიში ასახავს საქართველოს მზაობას ყველა სფეროში. მისი თითოეული თავი შეიცავს მითითებებსა და რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. დღეს საზეიმოდ კარგი მიზეზი გვაქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა, ერთხმად, წელს, დეკემბერში უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებამდე დარჩენილია ხუთი კვირა და ყოველი დღე მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ყოველი დღე გამოყენებული იქნება ამ გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, გილოცავ საქართველო!“- განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა" - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
"ინტერპრესნიუსი"