შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა
შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტს დაარტყა, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განმარტებით, დარტყმები განხორციელდა F-15 ტიპის ორი ამერიკული გამანადგურებლით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ადგილზე და არის პასუხი იმ 40 თავდასხმაზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული რეგიონში აშშ-ს ძალებზე განხორციელდა.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებთან იყვნენ დაკავშირებული.
შეერთებულმა შტატებმა, ბოლო კვირების განმავლობაში, აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტებზე დარტყმა მეორედ განახორციელა. ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 40-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ორმოცდახუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.
IPN