სკანდალური სტატია - მართლაც სურს თუ არა თეთრ სახლს ომში უკრაინის გამარჯვება?! - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია - მართლაც სურს თუ არა თეთრ სახლს ომში უკრაინის გამარჯვება?!

ამერიკული ჟურნალის, „ნიუსუიქის“ (Newsweek) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ჯო ბაიდენის პოლიტიკა უკრაინის მიმართ უფრო უარესი გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა“ (ავტორი - ილან ბერმანი, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამას წინათ უკრაინის დაფინანსების გაზრდის არგუმენტებით გამოვიდნენ: სენატში მიწვეულმა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კონგრესმენ-სენატორებს სთხოვეს, რომ მხარი დაეჭირათ უკრაინისათვის 61,4 მილიარდი დოლარის გამოსაყოფად, რუსეთთან ბრძოლის გასაგრძელებლად. მათ მკაფიოდ მიანიშნეს, რომ ამ პაკეტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც პრაქტიკული, ისე - სიმბოლური თვალსაზრისით. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამერიკამ არ უნდა მისცეს ოდნავი დაეჭვების საბაბიც კი მეგობრებსაც და მტრებსაც, რომ ვაშინგტონი თავის გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს.

მაგრამ ამ მაღალფარდოვანი რიტორიკის უკან ერთი შემაფხიზლებელი კითხვა იმალება: მართლაც სურს თუ არა თეთრ სახლს უკრაინის გამარჯვება? პასუხი ისეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის, როგორიც გვეჩვენება.

დიახ, ყველა ხედავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან აშშ-ის ადმინისტრაცია მართლაც საოცარ სიმტკიცეს იჩენს უკრაინისადმი მხარდაჭერაში, მისი სუვერენიტეტის დაცვისათვის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არა ერთხელ აქვს გაცხადებული, რომ რუსული ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას ამერიკა „იმდენჯერ დაეხმარება, რამდენჯერაც საჭირო იქნება“. მაგრამ, იმავდროულად, შესამჩნევია, რომ თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოტენციურად ომის გაჭიანურებას უფრო ემსახურება, ვიდრე მის დაჩქარებას და რუსებზე სწრაფ გამარჯვებას.

ანუ ცოტა სხვაგვარად თუ ვიტყვით, გაწეული დახმარების დიდი მოცულობის მიუხედავად (საერთო რაოდენობით 113 მილიარდ დოლარზე მეტი), ვაშინგტონი ყოველთვის დიდი ხნით აჭიანურებს კიევისათვის იმ აუცილებელი იარაღის მიწოდებას, რომელიც რუსეთზე გამარჯვებისთვისაა აუცილებელი. ასე იყო, მაგალითად, ტაქტიკური მნიშვნელობის მქონე რაკეტების - „ატაკამსების“ (ATACMS) გაგზავნის შემთხვევაში. გასული წლის ბოლოდან უკრაინელი სამხედრო ჩინოვნიკები ითხოვდნენ ისეთი თანამედროვე შეიარაღების მიწოდებას, რომლებითაც ოკუპირებულ ყირიმში მოკალათებულ რუსების ჯარს მიწვდებოდნენ, მაგრამ ბოლო დრომდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიანიშნებდა, რომ თეთრი სახლი ამისთვის ჯერ მზად არ იყო. ეს საკითხი მხოლოდ ამას წინათ, პრეზიდენტების უშუალო შეხვედრის შედეგად გადაწყდა: თეთრმა სახლმა რაკეტებით უკრაინის მომარაგება 325-მილიონიან პაკეტში შეიტანა. მართალია, მათი რაოდენობა სიმბოლურია, მაგრამ - მაინც. ანუ, ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ვაშინგტონმა და კიევმა შეთახმებას მეტ-ნაკლებად მიაღწიეს, მაგრამ მას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.

ATACMS-ები ერთადერთი იარაღი არ არის, რომელთა გაგზავნა უკრაინისათვის ბოლო წუთამდე იყო გადადებული. კიევი დიდი ხანია, სთხოვს ვაშინგტონს, მისცეს „ფალკონის“ ტიპის F-16 ავიაგამანადგურებლები იმ მიზნით, რომ უკრაინის ცაში რუსების ბატონობას ბოლო მოუღოს ან პარიტეტს მაინც მიაღწიოს. გადაწყვეტილება თითქოსდა მიღებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით F-16-ები უკრაინის ცაში ჯერ არ ჩანან, რუსული ავიაცია კი კვლავ ბომბავს უკრაინელთა პოზიციებს.

და რაც უფრო უარესია, ამერიკის მოკავშირეებიც რაღაც-რაღაცებში ამერიკას ბაძავენ - ისინი მაგალითს ვაშინგტონისაგან იღებენ. გასულ ზაფხულს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისათვის დახმარების გეგმა გამოაცხადა, 17 მილიარდი ევროს მოცულობით, 2027 წლამდე ვადით. რასაკვირველია, ასეთი ნაბიჯი მართლაც შთამბეჭდავია უკრაინის დასაცავად, მაგრამ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ის ხუთ წელიწადზე კი არ იყოს გათვლილი, არამედ - უფრო ახლოვადიან პერიოდზე.

გასაგებია, რომ დახმარების ტემპების შენელებას პოლიტიკური მიზეზებიც აქვთ. ვაშინგტონელი ჩინოვნიკები დიდი ხანია, შეშფოთებულები არიან იმით, რომ კიევის მიერ მოთხოვნილი ძლიერი იარაღი გამოყენებული იქნება ისეთი სამიზნეების წინააღმდეგ, რომელთა განადგურება რუსეთის განრისხებასა და ომის ესკალაციას გამოიწვევს. რასაკვირველია, ეს საფუძვლიანი შეშფოთებაა. უკრაინა, როგორც ომის მხარე, ცდილობს, მტერს მეტი ზარალი მიაყენოს, მაგრამ ამას ამერიკული იარაღის მეშვეობით აკეთებს, რაც კრემლისათვის (და გარკვეულწილად - ვაშინგტონისთვისაც) მიუღებელია.

ასევე, სწორია პირიქითაც: თუ უკრაინას საკმარისი საცეცხლე ძალა არ ექნება და ბრძოლის ველზე უპირატესობას ვერ მოიპოვებს, მით უფრო ნაკლები ექნება გამარჯვებისა და მტრის დამარცხების შანსი.

მოკლედ, უკრაინის დახმარების გაწევის სტრატეგია გარეგნულად მტკიცეა, მაგრამ პრაქტიკაში - ძალიან მყიფე. უფრო მეტიც - ასეთი ფორმით დახმარება ძალიან მოწყვლადია და პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული: ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში? აი, სწორედ ეს ფაქტორი გამოირჩევა შორსმიმავალი და უკიდურესად დამღუპველი შედეგებით.

უკრაინის ჯარების სარდალმა ვალერი ჟალუზნიმ ამას წინათ ჟურნალ „ეკონომისტთან“ საუბარში აღნიშნა, რუსეთთან ომში სიტუაცია ჩიხშია შესულიო. მან ფრონტზე არსებული რეალური მდგომარეობა სამართლიანად წარმოსახა (გენერალს უკვე აკრიტიკებენ ამ ინტერვიუს გამო - პრეზიდენტმა ჩიხური სიტუაციის არსებობა უარყო). და მაინც, თუ მდგომარეობა უფრო გაუარესდება, რასაც ვალერი ზალუჟნი შიშობს და სიტუაცია ნამდვილად შევა ჩიხში, ამის მიზეზი უკრაინა და უკრაინელი ჯარისკაცები არ იქნებიან. ყველაზე მეტად ეს დასავლეთს დაბრალდება - დახმარების გაჭიანურების გამო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო