დადებით რეკომენდაციას ველოდი, მაგრამ ელიტურ კორუფციას და ხალხის სიღატაკეს ვერ შევეგუები - კვირის პალიტრა

დადებით რეკომენდაციას ველოდი, მაგრამ ელიტურ კორუფციას და ხალხის სიღატაკეს ვერ შევეგუები

გულწრფელად ვიტყვი, რომ სტატუსთან დაკავშირებით დადებით რეკომენდაციას ველოდი. სტატუსის მონიჭებასაც ველი, მაგრამ არ მინდა ხანგრძლივად „სტატუსში“ დარჩენა. უფრო მეტად კი, არ მინდა ამ გაუმჭვირვალე სისტემით, ელიტური კორუფციით და გავლენებით ევროპაში ყოფნა.

დადებითი რეკომენდაციის გაჟღერებამდე ზოგიერთ სახელისუფლებო არხზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება. აქვე ითქვა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთება - არა მხოლოდ ევროპისთვის... ამას მოჰყვა მთელი რიგი მიზეზები, როგორ შეიძლება წაადგეს ეს ქვეყანას... და უცებ რამდენიმე მესიჯად გაჟღერდა, რომ, თურმე, ხალხმა უნდა გავაანალიზოთ, რა ეტაპზე ვართ, ცოტა უნდა გავიჭირვოთ, სიღატაკე ავიტანოთ ქვეყნის მომავალი „სახელისა თუ დიდებისათვის“...

ეს ჩემთვის მანიშნებელი იყო იმისა, რასაც ისედაც ვეჭვობ, რომ ევროკავშირიდან წამოსული თანხები კვლავ ელიტურ წრეებს მოხმარდება. არადა, რეალურად, მაშინ ხდები განვითარებული ქვეყანა (თუკი ამის გამო გვიხარია გაწევრება), როდესაც „უბრალო“ მოქალაქესაც აქვს ფულის კეთების შანსი! როდესაც „უბრალო“ მოქალაქის ცხოვრებაში არავინ ერევა, იცავს სამართალი და სახელმწიფო ზრუნავს მასზე...

რეალურად კი ჩვენთან რა ხდება? აი, ორი დღის წინ მელაპარაკა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, ნებისმიერი შემოსავალი მხოლოდ მენეჯერებზე რომ აისახება... ჟურნალისტზეა ლაპარაკი, ერთ-ერთი არხიდან და რაღა ვთქვა საწარმოში მომუშავე ადამიანზე? ნებისმიერ სამსახურშიც ხომ იგივე მდგომარეობაა. ჰოდა, ეს გაწერილი კანონები და შესრულებული ვალდებულებები ზედაპირული რატომ უნდა იყოს? რით ვერ იგებს ადამიანი, რომ თუ სხვაც, მაპატიეთ და, დანაყრდება, შენ ამით არაფერი გაკლდება და თუ შენ იმიტომ გინდა გქონდეს, რომ სხვაზე უკეთესად იგრძნო თავი, ეს უკვე ფსიქოლოგიური პრობლემაა...

არა მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიციაც და, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი დაშორდა ხალხს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კორუფციაა, საკუთარი ფულია, რითიც ზომავენ ყველას და ყველაფერს. შევარდნაძის ხელისუფლებისდროინდელი საყოველთაო კორუფცია სააკაშვილის დროს ელიტურად იქცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ კი კარგად „დაამუღამა“.

არა მგონია, გული ავუჩუყო რომელიმე რიგით მენეჯერს, რიგით დაწესებულებაში, მაგრამ მაინც „წავიფილოსოფოსებ“.

ადამიანზე, მის სიცოცხლეზე, ქმედებაზე ლაპარაკს მხოლოდ მაშინ აქვს გამართლება, როცა ადამიანი წარმოდგენილია ჭეშმარიტ სოციალურ არსებად, როცა მისი ყოველი ქმედება განპირობებულია სოციალური გარემოთი და გამიზნულია საზოგადოებისთვის.

სიცოცხლის ფილოსოფოსის - შპრანგერის აზრით, ადამიანის მიერ გონითი სამყაროს (კულტურა) შექმნა და იქ სუბიექტის გამოსახვა არაა შემთხვევითი მოვლენა. შემოქმედება ნორმების კარნახით განათებული თავისუფალი აქტია, მიმართული ღირებულებების შექმნისკენ. ისინი კაცობრიობის პროგრესს ემსახურებიან. მისი თქმით, სწორი ღირებულებები, სხვა ადამიანისადმი პატივისცემა და არა - მხოლოდ „მე მინდა“, „მე მჭირდება“, „მე ვიყო კარგად“ აქცევენ ადამიანებს ნამდვილ სოციალურ ერთეულებად. ამიტომ არის სწორი გზა ადამიანობის ძიება, რომელიც წარიმართება ურთიერთობის კულტურაში...

ღირებულება რაღაც დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ქიმერა კი არაა, არამედ ადამიანის მიერაა შექმნილი და მას ადამიანებთან ურთიერთობაში, თანაბრად გავრცობაში ენიჭება მნიშვნელობა და მათთან ურთიერთობაში ასეთებს. სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა ე.წ. მწარმოებელი ადამიანის „პირველადი ადამიანის“ ანუ Homo Faber-ის ამაღლება გონითი ღირებულებების სფერომდე.

ჩვენ რა გვჭირს? გვერდით მყოფ ადამიანს მხოლოდ მწარმოებლური, გამოყენებითი თვალსაზრისით როდემდე უნდა ვუცქიროთ?

ხომ ყველამ ვიცით, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია ზესვლით ხასიათდება, ხოლო ადამიანთა პროგრესი განვითარებაშია? ამ ნათქვამში ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც გვიჭირს საკუთარი თავი არ გამოვყოთ, არ „ავამაღლოთ“ სხვაზე. რეალურად, ყველანაირი სწავლებით თავისუფალი ვერ ხარ, თუ ყველაფერი სახლში მიგაქვს, შენს თავზე ფიქრობ, მენეჯერი ხარ და საკუთარი თანამშრომლების პირობებზე არ ფიქრობ, სახელმწიფო მოხელე ხარ და მოქალაქეების თანაბარუფლებიანობაზე არ ფიქრობ, არაფერს აკეთებ ადამიანური პირობების განხორციელებისთვის, ვერ ხარ თავისუფალი.

ვერ ხარ თავისუფალი, მილიონი გიხაროდეს და გარეშემო მყოფები არასახარბიელო მდგომარებაში იყვნენ.

უფრო მარტივად რომ ვთქვა, როგორც ჰაიდეგერი წერს - ტანი (Leib), განსხვავებით სხეულისა, აქვს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს. ცხოველს (მაგალითად, მაიმუნს) აქვს ტაცების ორგანო, ხაზს ვუსვამ - ტაცების ორგანო და არა - ხელი. ეს უკანასკნელი ტაცების ორგანოსგან განსხვავდება არსებითად.

„მხოლოდ იმ არსებას შეიძლება ჰქონდეს ხელი, რომელიც ლაპარაკობს და აზროვნებს“.

რამდენი ადამიანი გამახსენდა, რომელიც მხოლოდ ტაცებითაა დაკავებული. და მერე, ამ დატაცებულით ყელყელაობს, მაგარ ბიჭობს, მაგარ ჩინოვნიკობს, მაგარ ხელისუფლობს...

ისევ ფილოსოფოსებს, რომ მივმართო, იტყოდნენ, „ადამიანს ჩაბარებული ჰყავს თავისი თავი, მაგრამ საკითხავია, როგორ უვლის მას და როგორ მართავს. არის ის თავისი თავის უფალი თუ ზრახვანი იმონებენ მას? უბედურების მიზეზი, ხშირად, გადაჭარბებული სურვილები და ნდომაა... ადამიანი კი ისაა, ვისაც დამონებული ჰყავს საკუთარი „დემონები“, განუსაზღვრელი სურვილები. "მხოლოდ მე მინდა" კი დამღუპველი ხდება გარემო-საზოგადოებისთვისაც...

მატერიალურის ფლობა არის მხოლოდ ყოფნისთვის, არსებობისთვის, თავისუფლება კი ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე, ქმედებაზე.

ჰო, ველოდი დადებით რეკომენდაციას და სტატუსსაც მალე ველი, მაგრამ გულგრილობის, ზედაპირულობის, განუვითარებლობის და უპასუხისმგებლობის ყველაზე მეტად მეშინია!